სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ მოვიქცეთ, რომ მის მშობლებს გაცნობისთანავე შევუყვარდეთ?

ო, დიახ! შენი გოგო უბრალოდ კი არ მოგწონს, არამედ უკვე მიიღე გადაწყვეტილება! სწორედ მასთან გსურს, იცხოვრო ხანგრძლივად და ბედნიერად. ეს უკვე ბიჭის კი არა, მამაკაცის გადაწყვეტილებაა. შესაძლოა, უკვე ქორწილს გეგმავთ. მაგრამ, როგორც ცნობილმა სატირიკოსმა თქვა: საცოლეს, მომავალში კი ცოლს, ყოველთვის ახლავს დამატება — სიდედრი! ამრიგად, შეყვარებულის მშობლების გაცნობა გიწევს. დავიწყოთ მომზადება!

ნაბიჯი 1.

მომავალ ნათესავებთან პირველი შეხვედრა საპასუხისმგებლო ღონისძიებაა, ვინაიდან პირველი შთაბეჭდილება, სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივად მაინც მიგყვება. პირველ რიგში, საჭიროა, მღელვარებას მოერიო — საკუთარ თავში დაურწმუნებელ მოზარდს რომ არ ჰგავდე. მეორე მხრივ, ზედმეტიც არ უნდა მოგივიდეს — ზედაპირული ადამიანის ან თავხედის შთაბეჭდილება რომ არ დატოვო. ე. ი. საჭიროა თავი მშვიდად, გაწონასწორებულად, ღირსეულად და თავდაჯერებულად გეჭიროს.

ნაბიჯი 2.

ტანსაცმელი კლასიკური უნდა აარჩიო. არა მაინცდამაინც კოსტიუმი და ჰალსტუხი, მაგრამ არც დახეული ჯინსები ან უგვანო წარწერიანი მაისური. ჩაიცვი აკურატული, სუფთა და კარგად გაუთოებული ტანსაცმელი. პარფიუმის გამოყენება შეიძლება, მაგრამ თავშეკავებულად. მთავარია, სისუფთავის სუნი მოდიოდეს შენგან და არა ოფლის ან გასარეცხი პერანგისა.

ნაბიჯი 3.

თუ წინასწარ შეიტყობ, რა თემებია საცოლის ოჯახში პოპულარული და რომელი აკრძალული, შესამჩნევად გაიმარტივებ საქმეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი კითხვა გაჩნდება შენს პერსონასთან და მშობლებთან დაკავშირებით. ამიტომ წინასწარ მოიფიქრე, რა და როგორ უნდა თქვა ამის შესახებ. აჯობებს, ნეიტრალური ხასიათის ცნობები მიაწოდო. არაა საჭირო — ძალიან ჩაურღმავდე ფინანსურ მდგომარეობას. ამ თემას ზოგადი სიტყვებით და დადებით პერსპექტივაში შეეხე. თუ შეგიძლია, რამით იამაყო — განათლებასთან ან სამუშაო გამოცდილებასთან დაკავშირებით — აუცილებლად გამოიყენე ეს შანსი, მაგრამ არა ტრაბახის, არამედ იმ ადამიანის ტონით, ვინც იცის, რას აკეთებს.

ნაბიჯი 4.

თუ შეხვედრა ბუნებაში ან აგარაკზეა დაგეგმილი, აჩვენე, რომ შეგიძლია ურთიერთობა კარავთან, კოცონთან, ხერხთან, ანკესთან, ცულთან, შამფურთან და სხვა ისეთ რამეებთან, რაზეც მოთხოვნა იქნება მსგავს გარემოში. შესთავაზე შენი დახმარება სამომავლოდაც. მაგალითად, ღობის შეღებვა აგარაკზე, სამშენებლო მასალის მომარაგება რემონტისთვის, ავტომობილის შეკეთება და ა.შ.

ნაბიჯი 5.

მომავალ სიდედრზე შთაბეჭდილების მოსახდენად, დელიკატური კომპლიმენტები გაუკეთე მის ქალიშვილს. შეუქე ხელნაკეთობა ან ინტერიერის რომელიმე დეტალი. მოექეცი განსაკუთრებული პატივისცემით.

თუ გაგიმართლა და შენი მომავალი ნათესავები შარიანები და ახირებულები არ იქნებიან, თუ მათთან სწრაფად დაამყარებ კონტაქტს, სიდედრისა და სიმამრის სახით მოკავშირეებს მიიღებ. თუმცა აჯობებს, მაინც ცალ-ცალკე იცხოვროთ, რომ არ მოგიხდეთ საერთო სივრცის გაყოფა და პირისპირ შეჯახება სხვის უკვე ჩამოყალიბებულ ჩვევებთან. ამით არა მარტო საკუთარ ურთიერთობას, არამედ მშობლებთან ურთიერთობასაც უკეთ ააწყობთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100