სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიო სამხედრო რეიტინგში პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან უკრაინა და საქართველო შედიან

GlobalFirePower რეიტინგი, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების სამხედრო პოტენციალს აფასებს, განახლდა. რეიტინგის სათავეში აშშ-ა, მეორე ადგილზე რუსეთი, მესამეზე კი - ჩინეთია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან რეიტინგში უკრაინა (მე-20 ადგილი) და საქართველო (50-ე ადგილი) მოხვდნენ.

რეიტინგის გამოთვლისას მსოფლიოში ცნობილი კომპანია 45 პარამეტრს ითვალისწინებს. ასევე, გათვალისწინებულია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშები, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მონაცემები და საჯარო პუბლიკაციები სამხედრო თემატიკაზე, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები აქვეყნებენ.

პირველ ადგილზე მყოფი აშშ-ის არმიის შემადგენლობა 1,5 მლნ ადამიანს შეადგენს, სახმელეთო ჯარების ტექნიკის საერთო რაოდენობა 56 300 ერთეულს, სამხედრო-საჰაერო ძალებისა - 18 200 ერთეულს, სამხედრო-საზღვაო ძალებისა კი - 2 400. აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი 692 მილიარდი დოლარია.

რუსეთს სახმელეთო ძალების ტექნიკა აშშ-ზე თითქმის ორჯერ მეტი - 91 700 აქვს, თუმცა, შემადგენლობით რუსეთის არმია აშშ-სას ჩამოუვარდება: რუსეთს სულ 1,2 მილიონი სამხედრო ჰყავს. საჰაერო ძალებისთვის რუსეთს 2 700 ერთეული ტექნიკა ჰყავს, სამხედრო-საზღვაოსთვის კი - 233 ერთეული. წლიური სამხედრო ბიუჯეტი ამ ქვეყანაში 56 მლრდ დოლარია.

ჩინეთის არმია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მესამე ადგილზეა, ბუნებრივია, არმიის პირადი შემადგენლობის მიხედვით ყველა სხვა ქვეყანას უსწრებს: აქ არმიაში 2,3 მლნ ადამიანი მსახურობს. ბიუჯეტიც არანაკლებ ეფექტურია - 100 მილიარდი აშშ დოლარი. სხვა პარამეტრები კი ასეთია: სახმელეთო ძალები - 22 800 ერთეული, საჰაერო - 4 000, საზღვაო - 562. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სულ მალე ამ რეიტინგს სათავეში სწორედ ჩინეთის არმია მოექცევა.

რაც შეეხება უკრაინას, არმიის შემადგენლობაში აქ 159 ათასი ადამიანი ირიცხება, სახმელეთო ჯარებისთვის უკრაინას 2- 800 ერთეული, საჰაერო ძალებისთვის 1 000, ხოლო საზღვაო ძალებისთვის - 70 ერთეული ტექნიკა აქვს. სამხედრო ბიუჯეტი 1, 2 მილიარდი დოლარია.

საქართველოს მონაცემები ბევრად მოკრძალებულია: ჩვენ 37 ათასი სამხედრო გვყავს, სახმელეთო ძალებისთვის 3 600 ერთეული ტექნიკა, საჰაერო ძალებისთვის - 654 ერთეული, ხოლო საზღვაო ძალებისთვის 9 ერთეული. როგორც მსოფლიო რეიტინგშია ნაჩვენები, სამხედრო სფეროს ბიუჯეტი საქართველოში დაახლოებით 500 მილიონი დოლარია.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100