სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუს ჯარისკაცებს ძაღლების საკვებს აჭმევენ (video)

რუსულ არმიაში მორიგი სკანდალია. დღეს newsru.com აქვეყნებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 107–მდე ბრიგადის (ს/ნ №6890) ჯარების სამსახურისა და უსაფრთხოების უფროსის, მაიორ იგორ მატვეევის ვიდეომიმართვას, სადაც რუსულ ჯარში არსებულ კატასტროფულ მდგომარეობაზეა საუბარი.

ამ ვიდეომიმართვითა და თანდართული ფოტომასალით ირკვევა, რომ რუს ჯარისკაცებს ძაღლების საკვებს აძლევენ: ძაღლის საკვების მწარმოებელი ქარხნის „ბელკა და სტრელკას“ ეტიკეტებზე, უბრალოდ, გადაკრულია ეტიკეტი, რომელსაც აწერია: „უმაღლესი ხარისხის საქონლის ხორცი“.

ვიდეომიმართვაში რუსი მაიორი ჯარში სხვა მხრივ არსებულ საკითხებზეც საუბრობს, ისეთებზე, როგორებიცაა – სხვადასხვა დანაშაულობათა მკვეთრი ზრდა, ეროვნებათაშორის კონფლიქტები, "დედოვშჩინა", ქრთამის მიცემა–აღება, ყველა დონეზე გაბატონებული კორუფცია და გასტარბაიტერების სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე ცხოვრებაც კი.

ვიდეომიმართვა რუსეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალ დიმიტრი მედვედევის, მთავრობის თავმჯდომარის ვლადიმირ პუტინის, რუსეთის შსს შინაგანი ჯარების სარდლის გენერალ ნიკოლაი როგოჟკინის და შსს თავკაცის რაშიდ ნურგალიევის სახელზეა შედგენილი.

ამ ვიდეომიმართვის სოციალურ ქსელებზე გამოჩენას რუსეთის გენერალიტეტსა და მთავარ სამხედრო შტაბში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. როგორც „კომსომოლსკაია პრავდა“ იუწყება,  სკანდალური ვიდეორგოლის გამოსვლის შემდეგ მაიორი მატვეევი დაითხოვეს სამხედრო ნაწილიდან "სამხედრო დისციპლინის დარღვევის გამო".

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ა.წ. მარტში მოსკოვში ჩატარდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და მთავარი სამხედრო პროკურატურის კოლეგიების გაფართოებული ერთობლივი სხდომა, რომელზეც მთავარმა სამხედრო პროკურორმა სერგეი ფრიდინსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გამეფებულ ძალადობრივ დანაშაულებებთან, "დედოვშჩინასთან" და განუკითხაობასთან ერთად "მხოლოდ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში 7–ჯერ გაიზარდა გასამართლებულ რუსი გენერლებისა და ადმირალთა რიცხვი". "თუ ხუთი წლის წინათ უფროსი ოფიცრებიდან კორუფციულ დანაშაულში მხოლოდ ყოველი მეხუთე იყო შემჩნეული, დღეს უკვე ამას ყოველი მესამე სჩადის“ – აღიარა მაშინ ფრიდინსკიმ.

მართალია, ვიდეომიმართვის გავრცელება რუსეთის სამხედრო მანქანისთვის კიდევ ერთი მამხილებელი დოკუმენტია, მაგრამ მის გავრცელებას ხელი ვერაფერმა შეუშალა: ყოვლისშემძლე ინტერნეტის წყალობით იგი მთელი მსოფლიოს მაშტაბით უამრავმა ადამიანმა ნახა და საკუთარი სოციალური ქსელის პროფილზე უამრავ მეგობარს გაუზიარა.

ამის მიუხედავად, სოციალურ ქსელ „იუთუბზე“ გუშინ საღამოს გავრცელებული ვიდეომიმართვა ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ასეულ ადამიანს აქვს ნანახი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100