ქართულმა დელეგაციამ ირაკლი ალასანია თურქეთში მიატოვა

თურქულ ფორუმებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართულმა დელეგაციამ, თურქეთში მიმდინარე ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ, შენობა ირაკლი ალასანიას გარეშე დატოვა.

თურქულ მხარესთან ჩატარებულ შეხვედრას ირაკლი ალასანიაც ესწრებოდა, თუმცა იმ დროს, როცა საუბარი დასასრულს უახლოვდებოდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დარბაზიდან დროებით გავიდა, საპირფარეშოდან უკან მობრუნებულს კი ქართული და თურქული დელეგაციებისა და პროტოკოლის თანამშრომლები წასული დახვდნენ.

ინფორმაცია ფორუმზე ერთ-ერთმა თურქმა ჟურნალისტმა გაავრცელა, რომელიც შეხვედრის შემდეგ შენობაში დარჩა, რათა მასალა თავისი მედიასაშუალებისთვის მიეწოდებინა. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნახვამ გააოცა, რადგან ქართული დელეგაცია შენობიდან უკვე გასული იყო. მისივე თქმით, ირაკლი ალასანია საკმაოდ დაბნეული ჩანდა.

თურქი ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარტო დარჩენილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასში თანაგრძნობა გამოიწვია და თავისი ტრანსპორტით გადაადგილება შესთავაზა, რადგან დელეგაციები სხვა შენობაში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა ირაკლი ალასანიასგან უარი მიიღო:


"გმადლობთ, ნუ შეწუხდებით, ტაქსით წავალ", - მიპასუხა თავდაცვის მინისტრმა", - წერს ჟურნალისტი თურქულ ფორუმზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით "ნიუპოსტმა" ინფორმაციის გადამოწმება თავდაცვის მინისტრის მრჩეველთან ვაკო ავალიანთან სცადა, თუმცა, მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

კომენტარი