სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი „სტაფილოებითა და ჯოხებით“ ცდილობს, შეავიწროვოს პარლამენტში "ნაცმოძრაობის" რიგები

საერთაშორისო გამოცემა European Voice აქვეყნებს ედვარდ ლუკასის სტატიას სათაურით - "არასამართლიანი თამაში და უსამართლო პროტესტი; საქართველოში ძალაუფლებისთვის ბრძოლა რისკავს, უმართავი გახდეს".

ორმხრივი უნდობლობისა და სიძულვილის მიუხედავად, - წერს ედვარდ ლუკასი, - საქართველოს ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეეცადნენ კოჰაბიტაციაში ყოფნას ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ნამდვილად შექების ღირსია. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში შესამჩნევია თვითგანადგურების პოლიტიკური გეგმები, რომელსაც, როგორც წესი, ნაციონალური კატასტროფა მოჰყვება. გასულ კვირას სააკაშვილს პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვით გამოსვლა სურდა. თუმცა, ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლას შეეცადა, მაგრამ დემონსტრანტებმა - ძირითადად ცოტა ხნის წინ სამთავრობო ამნისტიის შედეგად ციხიდან გათავისუფლებულმა ყოფილმა პატიმრებმა – შენობაში არ შეუშვეს. ისინი თავს დაესხნენ სააკაშვილის გარემოცვას, რის შედეგადაც პრეზიდენტის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხუთი წევრი დაშავდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი ჩიორა თაქთაქიშვილის დასისხლიანებული სახეა, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყეს.


როგორც სტატიის ავტორი წერს, საბედნიეროდ, ივანიშვილმა მომხდარის შემდეგ მალევე დაგმო ძალადობა და მიესალმა სააკაშვილის მიერ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნულ დათმობებზე წასვლას. ვნებები დაცხრა. ასეთმა პოლიტიკურმა გარიგებამ შესაძლოა, ნერვული ხმაური გამოიწვიოს. თუმცა, ქვეყანაში, რომელსაც ჯერაც ახსოვს სამოქალაქო ომი, ეს უკეთესია, ვიდრე პირდაპირი კონფრონტაცია.
"სააკაშვილის ბანაკში ყველაზე დიდ შეშფოთებას ივანიშვილის მიერ დროით თამაში იწვევს. ის სტაფილოებითა და ჯოხებით (ეს უკანასკნელი ზოგჯერ ოჯახის წევრების წინააღმდეგაც გამოიყენება) ცდილობს, შეავიწროვოს პარლამენტში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგები. მეტი მოღალატის ხარჯზე, "ქართულ ოცნებას" უმრავლესობის ორი მესამედი ექნება. თეორიულად, თუ ასე მოხდა, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა და სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადაყენება (ან სულაც დაპატიმრება), - მიიჩნევს სტატიის ავტორი.
ივანიშვილმა ამ მიმართულებით მიღებულ რჩევებს ყურადღება არ უნდა მიაქციოს, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი, - მას არ სჭირდება ბრბოსთან პირფერობა. მისთვის საუკეთესო სვლა ქვეყნის იმდენად კარგად მართვა იქნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკა უმიზეზო გამოჩნდეს და ამომრჩევლებმა პრეზიდენტადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი აირჩიონ. ნაცვლად ამისა კი, ის რისკავს, დაამტკიცოს მასზე შექმნილი შთაბეჭდილება (მათ შორის მისი მომხრეების მხრიდან გავრცელებულიც), რომ მას მართლაც არ ესმის დემოკრატია, არ სურს ოპოზიცია, ხელს უწყობს ქუჩებში გამოსვლებას, სურს მართოს საქართველო, როგორც მისი ბიზნესიმპერიის ნაწილი და არა - როგორც დემოკრატიული, კანონმართული სახელმწიფო.
ივანიშვილის საიმედოობა, როგორც ავტორიტეტული მთავრობის ხელმძღვანელისა, - აღნიშნავს ედვარდ ლუკასი, - საფრთხეშია რამდენიმე ასპექტში. პირველი საშინაო პოლიტიკაა. დაშინება – იქნება ეს ხელების გადაგრეხა სცენის მიღმა, თუ სატელევიზიო კამერების წინ მუშტების ქნევა – ამცირებს მის დამნაშავეებს. მან უნდა აჩვენოს, რომ სააკაშვილზე უკეთესია და არა - უარესი. პრობლემა არა მხოლოდ ოპონენტებთან მის დამოკიდებულებაშია: მის მომხრეებსაც სჭირდებათ უკეთესი მოპყრობა. კერძოდ, საჭიროა, ივანიშვილმა შეწყვიტოს "ქართული ოცნების" ისე მართვა, თითქოს ის კოალიციის აღმასრულებელი დირექტორია: სხვა პარტიის ლიდერები მისი ურჩი მენეჯერები კი არა, პარტნიორები არიან.
საგარეო პოლიტიკის ასპექტში, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი, - მისასალმებელია რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის შემსუბუქება (ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის აღდგენა), თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სხვა პრიორიტეტების უგულებელყოფის ხარჯზე. საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია და აშშ-ისთან ურთიერთობა მხოლოდ საუბრის თემა კი არა, არამედ სასაციცოხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესის საკითხია, რომელსაც მისი პერსონალური ყურადღება სჭირდება. ეს ეხება სატრანსპორტო, სარკინიგზო და ნავთობსადენის პროექტებსაც, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მომავალს, როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო დერეფნისა. იქნებ, ყველაზე სწრაფად მან თურქეთთან ურთიერთობა უნდა გაზარდოს - დღეისათვის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მეზობელთან, რუსეთის გავლენის დაბალანსების თვალსაზრისით. ერთი სიტყვით, ივანიშვილი უნდა დაეყრდნოს მემკვიდრეობით მიღებულ ყველაზე საუკეთესო ნაწილს და არა საჯაროდ დაგმოს ეს ყველაფერი.
"თუ საქართველო არასწორი გზით წავა, ევროპასა და აშშ-ში ბევრი სიამოვნებით მიაპყრობს ყურადღებას სხვა რომელიმე ქვეყანას. ივანიშვილმა ბრძოლა სააკაშვილის პერსონიზირებული ლიდერობის წინააღმდეგ მოიგო. მაგრამ, ნამდვილი ბრძოლა ქვეყნის მომავლისთვის გამართული ბრძოლაა",-აღნიშნულია სტატიაშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100