სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუგზარ წიკლაური – პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით გადაიდო

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური დარწმუნებულია, რომ უმრავლესობის მიერ პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა და დებატების გადადების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირადი ბრძანებაა.

მისი შეფასებით, გუშინდელმა დებატებმა აჩვენა უმრავლესობის სრული უსუსურობა მთელ რიგ საკითხებთან, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.
"როგორც ჩანს, იმ შედეგმა, რომელიც ამ დებატების შემდეგ დადგა, ძალიან გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილი და ძალიან ღრმად მწამს, რომ ეს არის მისი პირადი ბრძანება, რომ აღარ გაიმართოს ეს დებატები, რომ კიდევ ერთხელ არ წარმოჩნდეს ის სრული არაადეკვატურობა და არაკომპეტენტურობა, რომელიც დღევანდელ უმრავლეობას აქვს", - აღნიშნა მან.
დეპუტატის შეფასებით, პარლამენტი აზრთა გაცვლა-გამოცვლის ადგილია და როდესაც უმრავლესობა აცხადებს, რომ მათ აღარ შეუძლიათ უმცირესობასთან დებატები, ასეთ უმრავლესობას დიდი დღე ნამდვილად არ უწერია.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება, ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100