საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება

საქართველოს პრეზიდენტმა "სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის ხელშეწყობასთან დაკავშირებით" ბრძანებულება გამოსცა.

პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტს არასამეწარმეო იურიდიული პირი განახორციელებს, "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.

ამ მიზნით პრეზიდენტი საკუთარი სარეზერვო ფონდიდან მილიონ ლარს გამოყოფს. ბრძანებულების მიხედვით, სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშეწყობის პროექტის განმახორციელებელი არასამეწარმეო იურიდიული პირი კონკურსის გზით შეირჩევა, თავად კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით კი, საკონკურსო კომისია შეიქმნება.

ამავე ბრძანებულების მიხედვით, საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდება: კომისიის თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტის მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე, წევრები კი - პრეზიდენტის სხვა მრჩევლები: ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ვერა ქობალია და ნატალია ყანჩელი.

"საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადება, საკონკურსო პირობებისა და კონკურსის ჩატარების ვადების, აგრეთვე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტების განსაზღვრა. საკონკურსო კომისია საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს შერჩეულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელსაც, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა მილიონი ლარი მედიასაშუალებებზე ან/და სხვა შესაბამის ორგანიზაციებზე გრანტების კონკურსის წესით გაცემის მიზნით.

საკონკურსო კომისიის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმის წარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახური", - ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებულებაში. ბრძანებულება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.

კომენტარი

×