საპარლამენტო უმრავლესობამ ნანა კაკაბაძე აატირა

პარლამენტმა პოლიტპატიმრების სიის შესახებ დადგენილების განხილვა 5 დეკემბრის სხდომისათვის გადადო. დეპუტატების გადაწყვეტილებამ პოლიტპატიმრების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრის ნანა კაკაბაძის უკმაყოფილება გამოიწვია. რის გამოც კაკაბაძემ პარლამენტი ატირებულმა დატოვა. მისი თქმით, პატიმრებს ეგონათ, რომ მათი პოზიცია ხელისუფლების პოზიციის თანხვედრი იყო.

„ეს ხალხი ებრძოდა რეჟიმს და ერთადერთი, რასაც მოითხოვდნენ ამ ხელისუფლებისგან, არის ამის აღიარება. ეხლა რა უნდა ვქნა? ციხეში ხომ ვერ შევალ და მათთან ერთად სასჯელს ხომ არ მოვიხდი, თორემ ამასაც გავაკეთებდი,“ - ამბობს კაკაბაძე.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია კი, დადგენილების მიღების გადადებას დამატებით შესული საქმეებით ხსნის.

„დაახლოებით, 15 განცხადება შემოვიდა, რომელსაც უნდა შესწავლა და ჩვენ არ გვინდა, რომ პატიმრების ნაწილი აღიარებული იყოს და მეორე ნაწილი, რომელთა განცხადებებმა პროცედურების გავლა ვერ მოასწრო, იმ ხალხს უარი ვუთხრათ,“ - ამბობს ბესელია.

კომენტარი