სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა ვერ გაიყვეს წულუკიანმა და კბილაშვილმა...

მთავარ პროკურორ კბილაშვილსა და იუსტიციის მინისტრ წულუკიანს შორის ფარული ომი დაიწყო. ეს ომი გარეშე თვალისთვის საკმაოდ ძნელი შესამჩნევია, მით უმეტეს, რომ წულუკიანი, ვითარცა დემოკრატიის დეიდა, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებისგან პროკურატურის გათავისუფლების იდეითაც გამოდიოდა. თუმცა, მოგვიანებით აზრი შეიცვალა (ტკბილია ძალაუფლება)...

იქნებ მავანს ჰგონია, რომ წულუკიანი და კბილაშვილი მშვიდად და უდრტვინველად თანამშრომლობენ. სინამდვილეში, ამ ორ პერსონას ერთმანეთი თვალში აშკარად არ მოსდით და, რადგან ორივეს პირდაპირი კავშირი აქვთ პრემიერთან, ერთმანეთის შესახებ კომპრომატების მოპოვებითა და მთავარ მეოცნებესთან წარდგენით არიან დაკავებული.

როგორც კულუარებში ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს ეს დაპირისპირება იმდენად ამოსვლია ყელში, ორივესთვის მკაცრად მიუთითებია - ან ითანამშრომლეთ, ან ჩაგანაცვლებთო.

თუმცა, ჩანაცვლება რომ ამ ეტაპზე ძალიან საფრთხილო საქმეა და ივანიშვილი ამაზე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში წავა, წულუკიანიც ხვდება და, ბუნებრივია, კბილაშვილიც. ამიტომაც, ფარული ომი ამ ორ პერსონას შორის ისევ გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, აშკარა კონფრონტაციის სახეს არ ღებულობს.

რა აქვთ გასაყოფი წულუკიანსა და კბილაშვილს? პასუხი მარტივია – გავლენათა სფერო: წულუკიანი უფრო ხისტი მოქმედების მომხრეა - ძველი თანამშრომლების დათხოვნის, რაც შეიძლება, უფრო მეტი ადამიანის დაკავების, ვინც წინა ხელისუფლების მხარდამჭერად ან სულაც, თანამოაზრედ განიხილება, ხოლო კბილაშვილი ფრთხილი იურისტია და სანამ გაჭრის, ცდილობს ასჯერ გაზომოს (იცის, ოდესმე მასაც მოჰკითხავენ)...

მთავარი პროკურორის სიფრთხილეზე მიანიშნებს ერთი ფაქტიც - თუ როგორ ოსტატურად დაიძვრინა თავი არჩილ კბილაშვილმა, როცა შეკითხვა თენგიზ გუნავას დაკავების გამო დაუსვეს: დაკავება შსს–მ ჩაატარა და მასზე პროკურატურას არ უმუშავიაო (ფაქტობრივად, ამით კბილაშვილმა თქვა, ნარკოტიკი და იარაღი, გუნავას მე კი არა, ღარიბაშვილმა ჩაუდოო).

წყაროს ცნობით, კბილაშვილი გენერალ კალანდაძის დაკავების წინააღმდეგიც იყო. ივანიშვილის გარემოცვიდან ის, ფაქტობრივად, ერთადერთი ეწინააღმდეგებოდა გენერლის დაკავებას და ამბობდა, რომ ამ ფაქტს საერთაშორისო სკანდალი მოჰყვებოდა. ალასანიას კადრი წულუკიანი კი, გენერლის დაკავებას ლობირებდა და არამარტო ლობირებდა, არამედ მის დაკავებაში პირადადაც მიიღო მონაწილეობა.

წულუკიანი, ცივსისხლიანის იმიჯის მოპოვებას ცდილობს, კბილაშვილს კი ივანიშვილისთვის ერთგულება დასამტკიცებელი არა აქვს: ბიძინა მას ხუთი თითივით იცნობს, სწორხაზოვან ადამიანს უწოდებს და „ღმერთისგანაც კი მოუსყიდავ“ პიროვნებად მიიჩნევს.

თავის მხრივ, თეა წულუკიანი, რომელსაც სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების მართვის ერთ–ერთ ხელმძღვანელ ქალს არამარტო გარეგნობის, არამედ მართვის სტილის მიხედვითაც ადარებენ, ამ ეტაპზე თავს გამარჯვბეულად მიიჩნევს.

ერთადერთი, ვინც წულუკიანს თვალში ეჩხირება, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილია - თავისი გამაღიზიანებელი წესრიგითა და აშკარა დაუმორჩილებლობით. ამიტომაცაა, რომ როცა ამა თუ იმ საქმეზე ბრიფინგს კბილაშვილი მართავს, წულუკიანიც მაშინვე სადღაც გამოხტება და უცნაურ კომენტარებს არიგებს... ებრძვის, როგორც შეუძლია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100