REUTERS: ვლადიმირ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა უარყო ხმები იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინი თავს ცუდად გრძნობს და მისთვის ოპერაციის ჩატარების საკითხი განიხილება.

უფრო ადრე კი „როიტერმა“, რომელიც კრემლის ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ბოლო დროს ზურგის არეში ტკივილები აწუხებს და გამორიცხული არაა, უახლოეს პერიოდში ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. ეჭვის საფუძველი აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის სექტემბრის სამიტზე ვლადიმირ პუტინის კოჭლობით გადაადგილება გახდა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეუძლოდ ყოფნის გამო, შესაძლოა, რუსეთის პირველი პირის სამუშაო გრაფიკი შეიცვალოს და ის უფრო ნაკლებადდატვირთული გახდეს.

„ძნელია თქმა, რომელ ანონიმურ წყაროს დაეყრდნო „როიტერი“, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ანონიმებზე დაყრდნობა არ ღირს. მე კი შემიძლია გითხრათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა ვლ. პუტინის პრესმდივანმა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის კოჭლობით გაადგილებას, მისი პრესმდივნის განცხადებით, ვლ. პუტინმა „სპორტული ტრავმა“ მიიღო და ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კუნთი დაეჭიმა.

სააგენტო ყურადღებას ამახვილებს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში გადაიდო ვლადიმირ პუტინის ვიზიტები თურქეთში, ინდოეთსა და პაკისტანში. კრემლი ამ ვიზიტების გადადებას წმინდა პოლიტიკურ მოვლენად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვიზიტები მხოლოდ რუსული მხარის სათანადოდ მოუმზადებლობის გამო გადაიდო.

კომენტარი