სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„გადააგდეს” თუ არა ბედუკაძე და რას ნიშნავს: „ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი, ვნანობ...“

„რეზონანსში“ საკმაოდ სკანდალური ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ციხეებში წამებისა და არააადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელების ერთ-ერთი ინიციატორი ვლადიმირ ბედუკაძე კადრების გავრცელებას ნანობს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

მართალია, მისი ბრალდებები ჯერაც მოქმედი ხელისუფლებისა და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არ შერბილებულა, მაგრამ ინტერვიუში არის ფრაგმენტები, რომელთა შეჯერებითაც საკმაოდ სკანდალური სურათი იხატება.
უფრო კონკრეტულად, ჩანს, რომ კადრების გავრცელება ბედუკაძისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ეს საკითხი მასთან არავის შეუთანხმებია.

მით უმეტეს, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა ბედუკაძის ოჯახი ჯერაც საქართველოში იმყოფებოდა. ბედუკაძის ბოლო ინტერვიუ ადასტურებს ხელისუფლების ვერსიას იმის შესახებ, რომ კადრები არსებობდა, ოპოზიციის ლიდერებმა ამ კადრების არსებობის შესახებ ძალიან კარგად იცოდნენ და მათი სააშკარაოზე გამოტანა მხოლოდ მას შემდეგ იგეგმებოდა, რაც ბედუკაძის ოჯახი საქართველოს დატოვებდა. მოგეხსენებათ, რომ სწორედ ხელისუფლება ამტკიცებდა, ამ კადრების ჩვენებას 28 ან 29 სექტემბერს გეგმავდნენო.

ვნახოთ ვლადიმირ ბედუკაძის ინტერვიუს ეს ნაწილი:
"ათასნაირ სიბინძურეს ვკითხულობ და ვიგებ. დამიჯერეთ, სიმართლე გასარკვევია კიდევ. ამიტომაც ვითხოვდი ბ-ნ ბიძინასთან შეხვედრას. აბა სააკაშვილთან შეხვედრას ხომ არ მოვითხოვდი? გასარკვევია, ვინ გასცა ინფორმაცია, ხო? ეს რომ შიდა წრიდან იყო, ფაქტია.“

რას შეიძლება გულისხმობდეს ბედუკაძე გაცემულ ინფორმაციაში? რა იყო დამალული მის შესახებ? ფაქტობრივად, არაფერი: კადრების გავრცელებისთანავე დასახელდა, ვინ გამოიტანა ეს კადრები სააშკარაოზე, ითქვა ისიც, რომ ბედუკაძე უსაფრთხოდ იმყოფებოდა ბრიუსელში და მეტიც: თავად ბედუკაძე „სკაიპის“ მეშვეობით იმავე საღამოს ჩაერთო ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელეკომპანიას პირდაპირ ეთერში და განაცხადა, რომ კადრებთან უშუალოდ იყო დაკავშირებული. საინტერესოა, როცა პირდაპირ ეთერში ერთვებოდა და კადრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობას იღებდა, რატომ მაშინ არ ფიქრობდა საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე? იმიტომ ხომ არა, რომ კარგად იცოდა - მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრებოდა და მისი განცხადება მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერას ან საქართველოს ხელისუფლების მიერ დევნილის იმიჯის მოპოვებას ისახავდა მიზნად?

გაირკვა, რომ „ვინ გასცა ინფორმაცია?“ არ ეხება ბედუკაძის ადგილსამყოფელს. არც იმას, თუ რა გზით მოიპოვა მან კადრები. რა რჩება კიდევ? რამ გააღიზიანა ბედუკაძე და რატომ ითხოვს სასწრაფო წესით შეხვედრას ივანიშვილთან? ან, თუ კადრების გავრცელება მასთან შეუთანხმებლად მოხდა, რატომ ვართ შეცდომაში შეყვანილები და დღემდე რად გვგონია, რომ ეს კადრები სწორედ ბედუკაძემ მიაწოდა ჟურნალისტებს, რომლებიც დღეს გმირების მანტიით არიან შემოსილნი და აეროპორტებში ბაიკერთა რაზმებს ვახვედრებთ?

სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემ და ჩემს ვერსიას შემოგთავაზებთ, არც მეტი, არც ნაკლები, ფარსადან ბოდბისხეველს გაგახსენებთ: არსენას ნათლიმამა ფულს დახარბდა და მარაბდელი გასცა - სახლში დანდობილად მოსული არსენა ჩაფრებს დააჭერინა. ჩაფრებმა ყაჩაღი გაკოჭილი კი წაიყვანეს, მაგრამ ფარსადან ბოდბისხეველის ოცნება, ამის ხარჯზე გამდიდრებულიყო, აუხდენელი დარჩა:
“იმდენი მამა უცხონდა, რამდენიც იმას მისცესა,
ერთი ორიოდ პანღური ამოჰკრეს და გააგდესა...“ - გვამცნობს ხალხური ლექსი.

მეტიც: ფარსადანს არათუ მოუწონეს საქციელი, საშინელი ცინიზმის ობიექტადაც აქციეს, დაამცირეს:

“შე ძაღლო და მამაძაღლო, რას იჭერდი ემაგ ტყვესა?
ერთი გავარდნილი კაცი, ტყეში ეფარება ხესა!..“ - უთხრეს და ამაყად შეაქციეს ზურგი. ასე დარჩა ფარსადანი პირში ჩალაგამოვლებული.

დაახლოებით იგივე ბედი ეწია ბედუკაძესაც - ის ბედუკანშებრუნებული დარჩა: დაპირებული თანხა და სავარაუდოდ, თანამდებობა, ალბათ, ვერ მიიღო და სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ ივანიშვილთან შეხვედრა სურს. ახლა ის მხოლოდ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ზრუნავს, რადგან იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა: უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პირობების სანაცვლოდ მან დადგა სცენა, როგორ აწამებენ ცოცხით ნომერ მეხუთე საკანში მამაკაცს, რომელიც ამ ერთიანი სცენარის სხვა ავტორებმა თავდაპირველად ე.წ. კანონიერ ქურდად შემოგვასაღეს.

კონტექსტი მართლაც ამაზრზენად დაიხატა და მან ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანში სამართლიანი პროტესტის გრძნობა გამოიწვია: დიახ, ხელისუფლებამ დაამარცხა ქურდები, მაგრამ აი, რის ფასად!

და ეს მაშინ, როცა ბედუკაძეს ჰქონდა აბსოლუტურად რეალური, არანაკლები სიმძიმის კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ სცემენ პატიმრებს კარანტინში, როგორ დასცინიან ფსიქიკაშერყეულ პატიმრებს და როგორ უმოწყალოდ ურტყამენ არასრულწლოვნებს! მაგრამ აააარა - ხელისუფლების ვერტიკალის წარმომადგენელთა სრულ სადისტებად წარმოჩენის მიზნით საჭირო იყო ანუსის ხვრელში გაყრილი (რაც, დამწყები მედიკოსების მტკიცებითაც კი, შეუძლებელია და რომც იყოს შესაძლებელი, ასეთ დროს ადამიანი ვერაფერს დაიყვირებდა) ცოცხი და, რაც მთავარია, ნომერი ხუთი ფუქსი... მერე ხომ ყველა დაიჯერებდა, რომ ეს კადრები ხელისუფლების სადისტ წარმომადგენლებს ცალკე, ოთახში უნდა ენახათ და „დამტკბარიყვნენ“?

საბოლოოდ, როცა პირველი ვნებები, ასე თუ ისე, ჩაცხრა და ცოცხის კადრები რამდენჯერმე დატრიალდა, ბევრს ბევრი კითხვა გაუჩნდა, ყველაფერი კი მაშინ გაირკვა, როცა „მაესტრომ“, ნებსით თუ უნებლიედ, ეთერში გაუშვა ცოცხით შეურაცხყოფილი პატიმრის კადრების ის ვარიანტი, სადაც სახის ქვედა ნაწილი დაფარული არ არის. ამ კადრების მიხედვით, იქნებ, პატიმრის ამოცნობა შეუძლებელია, მაგრამ იმის დადგენა კი შესაძლებელია, რომ 0:33 ქრონომეტრაჟზე (იმ მასალაში, რომელიც სტატიას თან ერთვის) მამაკაცი, რომელსაც, ვიდეოს მიხედვით, სწორ ნაწლავში ცოცხის ტარი უნდა ჰქონდეს გარჭობილი... იღიმება.

მართალია, მერე ითქვა, რომ ის პატიმარი ფსიქიკაშერყეული იყო და დასცინოდნენ, მაგრამ რატომ არ ითქვა ეს თავიდანვე? ვინ იზრუნა იმაზე, რომ მონტაჟის დროს სახე მთლიანად ყოფილიყო დაფარული და ღიმილი არ გამოჩენილიყო? იმ შემთხვევაში, თუკი ამაზე იმ ტელევიზიაში იზრუნეს, სადაც კადრები დამონტაჟდა - რატომ იზრუნეს? რატომ უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ტელევიზია, დაეფარა პატიმრის ღიმილი? იმიტომ ხომ არა, რომ თუ თავიდანვე გახდებოდა ხილული ეს ღიმილი, მოსახლეობა ადვილად იფიქრებდა, რომ ეს რეალური კი არა, დადგმული კადრები იყო? იმიტომ ხომ არა, რომ ვინმეს გაუჩნდებოდა კითხვა: „პატიმარი რომ „კანონიერი ქურდი“ იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ ფსიქიკაშერყეული პატიმრის ამ სახით დამცირებით რატომ უნდა „დამტკბარიყო“ ხელისუფლება? რატომ უნდა ჩათვლოდათ ეს აქტივში ზედამხედველებს?..“

ღმერთმა დამიფაროს, იმას ვამტკიცებდე, რომ თუ კადრში გადაღებული პატიმარი ფსიქიკაშერყეულია, თუნდაც ერთი პროცენტი არსებობს იმის გასამართლებლად, როგორც მას ექცევიან - ნებისმიერი ჯალათი, ვინც პატიმრებს აწამებდა ან მის ადამიანურ ღირსებას ამა თუ იმ ფორმით ლახავდა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ამ კადრებთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება. მათ შორის, ასეთიც:

„მაესტროზე“, შალვა რამიშვილის გადაცემაში (სადაც პირველად გავიდა პატიმართა ცემის ამსახველი კადრები) პატიმრის ამ ღიმილის ნებსით თუ უნებლიედ ჩვენება ხომ არ იყო ბედუკაძისთვის იმის მინიშნება, რომ თუ ზედმეტი პრეტენზია და ამბიცია გაუჩნდება, მის მიერ დადგმულ სპექტაკლზე ალაპარაკდებიან?

მოკლედ, ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, რომლებზეც პასუხი ჯერ არ გვაქვს. საზოგადოებას კი უფლება აქვს იცოდეს, რა იყო მთელ ამ დრამაში გამოგონილი და ხელოვნურად ჩამატებული, ისევე როგორც ჰქონდა უფლება, სცოდნოდა, როგორ ექცეოდნენ ციხეებში პატიმრებს სისტემაში მყოფი ჯალათები.

თავად ბედუკაძის ბოლოდროინდელი შეშფოთება, ნახევრადმინიშნებებით ლაპარაკი იმაზე, რომ მას ჯერ ბოლომდე სიმართლე არ უთქვამს, იმის მოთხოვნა, გაირკვეს, ვინ გასცა ინფორმაცია, უკვე სერიოზულ ეჭვებს ბადებს, ვივარაუდოთ, რომ ბედუკაძე ფარსადან ბოდბისხეველივით, „გადააგდეს“: მას არც იმდენი მისცეს, რამდენსაც დაპირდნენ და არც თანამდებობა "ჩაახუტეს". ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ ბედუკაძე სწორედ მას შემდეგ ალაპარაკდა და მას შემდეგ წარმოთქვა მაგიური „ვნანობ, რომ ეს კადრები გავავრცელე“, რაც დასახელებულ მინისტრთა კაბინეტში მისი ადგილი არ აღმოჩნდა. შესაძლოა, ცოტა არ იყოს, ფანტასტიკის სფეროდანაც კი მოგვეჩვენოს ვერსია, რომ ვინმე ბედუკაძეს მინისტრის სავარძელს ჰპირდებოდა, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ საქართველო პარადოქსების ქვეყანაა, სადაც მომიები არამხოლოდ ფილმებში, ხშირად რეალურ ცხოვრებაშიც ბრუნდებიან უკან...

ახლა კი ბრიუსელში თავშეფარებულ ბედუკაძეს, ყველასგან მოძულებულსა და უარყოფილს, თავი სიზმარში ჰგონია (ამას თავად ამბობს) და ყველგან საფრთხე ელანდება. იმასაც კი ამტკიცებს, რომ მეგის ქარდავა ბრიუსელში სწორედ მასზე შურისძიების მიზნითაა ჩასული. ამასთან, მას იმის მტკიცებაც სჭირდება, რომ ჯერ კიდევ ღირებულია, როგორც უკანონობის მოწმე და კიდევ ბევრი აქვს სათქმელი. დააკვირდით მის სიტყვებს:

„- მეზიზღება საკუთარი თავი. ნეტა არ გადამედგა ეს ნაბიჯი. ვნანობ. ეკლათ და ეხოცათ. სიზმარში მგონია თავი. არანაირად არ ვარიდებ თავს პასუხისმგებლობას. მეც სისტემის ნაწილი ვიყავი, როგორც ყველა 4 500 თანამშრომელი“.

და შემდეგ:
„ფაქტები მაქვს და ეს იცის ადვოკატმა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი გარკვეულ პროცესს დაასრულებს, ინფორმაციას გადაამოწმებს და ა.შ. არაა ყველაფერი ისე, როგორც ჩანს. ხმამაღალი განცხადებების დრო ჯერ არაა. ყველაფერი უნდა დალაგდეს ქვეყანაში. არ მინდა, კიდევ რამე ვნებათაღელვა გამოიწვიოს. ისიც ვიცი, რატომ გაურბიან ჩემთან შეხვედრას. მე ვთქვი, ჩემი ოჯახი მძევლადაა-მეთქი. მძევლად ყოფნა არ ნიშნავდა იარაღით თავზე დგომას. მძევლად ყოფნაა ჩემთვის, როცა ვერ ვამბობ სიმართლეს. მძევლად არიან ჩემი მეგობრები - ფარულავა და აკობია ციხეში, ვინც დღეს აქ უნდა ყოფილიყვნენ და ერთად უნდა გვემხილებინა რეჟიმი. ამიტომ ვამბობდი, მომისმინეთ-მეთქი. არავის მივცემ უფლებას ქართველი ერის ტრაგედიით იმანიპულირონ და ქულები დაიწერონ".

ცოტა საეჭვოდ არ გეჩვენებათ მისი ინტერვიუს ეს ნაწილი: „არაა ყველაფერი ისე, როგორც ჩანს. ხმამაღალი განცხადებების დრო ჯერ არაა. ყველაფერი უნდა დალაგდეს ქვეყანაში. არ მინდა, კიდევ რამე ვნებათაღელვა გამოიწვიოს. ისიც ვიცი, რატომ გაურბიან ჩემთან შეხვედრას.“? მით უმეტეს, რომ ამას ამბობს კაცი, რომელსაც არ უყოყმანია (თავდაპირველი ვერსიით) იმაზე, გაევრცელებინა თუ არა ციხის საზარელი კადრები, რომელიც ვნებათაღელვას აუცილებლად გამოიწვევდა...

ამ სიტყვებით ხომ არ მიანიშნებს ბედუკაძე, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდება, ხმამაღალი განცხადებებს გააკეთებს და ეს განცხადებები არცთუ სასიამოვნო მოსასმენი გახდება კოალიციის ლიდერებისთვის? როგორც იტყვიან, ვერსიები ვერსიებად, მაგრამ ეჭვის საფუძველი ნამდვილად არსებობს. სულაც არაა გამორიცხული, „ციხის სკანდალის“ შესახებ სრული სიმართლე იმაზე ადრე შევიტყოთ, ვიდრე ამას ვინმე ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100