მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს დღეს შეხვდებიან

შეხვედრა, რომლის თარიღი ჯერ კიდევ გუშინ არავინ უწყოდა, დღეს, 12.00 საათზე შედგება. ქართული პოლიტიკური რეალობის ორი მთავარი ფიგურა – პრეზიდენტი და, სავარაუდოდ, მომავალი პრემიერ–მინისტრი ერთმანეთთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ და ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩატარდება. ამ შეხვედრას წინ უძღოდა კოალიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომელიც უკვე ორჯერ ჩატარდა და ორივეჯერ საკმაოდ კონსტრუქციული და ნაყოფიერი გამოდგა. ჯგუფები უკვე შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან სახელმწიფო სტრუქტურებში სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მართვას გადაიბარებენ. სავარაუდოდ, მხარეებს შორის დარჩა რამდენიმე ისეთი საკითხი, რომელთა განხილვას და გადაწყვეტას უშუალოდ პირველი პირების ჩარევა, კომპეტენცია და მითითება სჭირდება. წინასწარი ვერსიით, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ მსგავსი საკითხები უნდა განიხილონ.

კომენტარი