ე.წ. კანონიერ ქურდებთან არეულობის დაგეგმვის გამო გოგა ხაინდრავა დაკითხვაზე უკვე დაიბარეს

საფრანგეთის ჟანდარმერიამ საქართველოს ხელისუფლებას ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები გადასცა იმის შესახებ, რომ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ მეშვეობით საქართველოში საარჩევნოდ დესტაბილიზაცია იგეგმებოდა. ჟანდარმერიის ცნობით, ყოფილი ქართველი მინისტრი გოგა ხაინდრავა სამხრეთ საფრანგეთში მდებარე „კკანონიერი ქურდის“ რევაზ ლორთქიფანიძის სახლში შეხვდა დანაშაულებრივი კლანის სხვა ავტორიტეტებს და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს არეულობის მოწყობისთვის მათი დახმარება ითხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, თავდაპირველად ე.წ კანონიერი ქურდის ტელეფონზე ხაინდრავამ ზარი განახორციელა და ლორთქიფანიძეს შეხვედრაზე შეუთანხმდა. შეხვედრა ლორთქიფანიძის სახლში 2011 წლის 9 ნოემბერს შედგა. მას ესწრებოდნენ ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდები“ და კრიმინალური ავტორიტეტები: არტურ იუზბაშევი, გოგი მაისურაძე, ვაჟა ბიგანიშვილი, რამაზ ჯინჭარაძე, თამაზ გოგოლაძე სულხან თვალჭრელიძე.

შეხვედრის შემდეგ ყველა პირმა დატოვა ლორთქიფანიძის სახლი, გოგა ხაინდრავა კი იქ 11 ნოემბრამდე დარჩა და შემდეგ თბილისში დაბრუნდა.

ჟანდარმერიის დოკუმენტაციის მიხედვით, საფრანგეთში გასული წლის 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საფრანგეთის პოლიციამ კრიმინალურ ავტორიტეტთა 23 კაციანი ჯგუფი აიყვანა მათ შორის რევაზ ლორთქიფანიძე, რომელმაც სამართალდამცავებს ჩვენება არ მისცა.

პოლიციამ ასევე დააკავა ლორთქიფანიძის მძღოლი ვინმე არტურ იუდუგოვი, რომლის ტელეფონიდან ამოღებულ ფოტოებში გოგა ხაინდრავა კანონიერ ქურდებთან ერთად ფიგურირებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, ამ მასალების საფუძველზ ედაწყებული გამოძიების ფარგლებში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, „ამომრჩეველთა ლიგის“ თავმჯდომარე გოგა ხაინდარავა დაკითხვაზე დაიბარეს.

კომენტარი