სააკაშვილი: „მათიანები ვერ მოვლენ და 2 ოქტომბერი კრიმინალების დღე არ გახდება!..“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ახალგაზრდებს შეხვდა. ამით "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო შეხვედრები განაახლა. "დრონი.ჯი" გთავაზობთ ციტატებს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან, რომელსაც ათასობით ახალგაზრდა, ხოლო პირდაპირი ეთერის საშუალებით, მთელი საქართველო ადევნებდა თვალს. გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა, ძირითადად, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა, ძალადობა კიდევ ერთხელ დაგმო და იმ გეგმის არსებობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც "სახელმწიფოს ჩამოშლა უნდა მოჰყოლოდა":

"ჩვენ შეწყვეტილი გვქონდა წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ დადგა დრო, ითქვას, რა ხდება და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი.

...როცა მე ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ციხეს მართავდნენ ქურდები, ვაღიარებ ამას: ქურდი უხდიდა ხელფასს ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ქურდი სცემდა, ქურდი აუპატიურებდა დანარჩენ პატიმრებს.“

„ახლა მთელი საქართველო გვიყურებს და თუ მთელმა საქართველომ არა, ბათუმელებმა მაინც ხომ იციან, ვინ იყო „რემბო“, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი. ის ყოველდღე ციხეში ფეხებით ჰკიდებდა პატიმრებს, ურტყამდა სხვადასხვა საგნებს, სხეულის სხვადასხვა ნაწილებს უერთებდა ელექტროშოკს. გუშინ ეს „რემბო“ გამოვიდა და დაგმო ძალადობა! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?“

„და იმისათვის, რომ რამდენიმე სადისტი, ნაძირალა, ქვეყნის მოღალატე (სხვა რაფერი მათ არ ჰქვიათ) გამოგვეპარა და თან ფული აიღეს იმაში, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ, ეს უნდა გახდეს საფუძველი, რომ რემბო მოაჯდეს უკან ბათუმს და აჭარას, ხალხო?“

„ესენი ამას აგროვებდნენ თვეების განმავლობაში. თვეების განმავლობაში, როგორც მინიმუმ, იცოდნენ, რომ ეს ხდებოდა და მეტიც, იხდიდნენ ფულს, რომ კიდევ უფრო მეტი მომხდარიყო. გეგმა ის იყო, რომ ეს კადრები უნდა გამოქვეყნებულიყო 24 რიცხვში, როცა ჩვენ ვერ მოვასწრებდით რეაგირებას. ხალხი სამართლიანად აღშფოთდებოდა, დაიწყებოდა მასობრივი გაქცევები, გადადგომების ისტერია და ყოველივე ამის კულმინაცია იქნებოდა არჩევნების დღე და საბოლოოდ საქართველო დაბრუნდებოდა მოუსავლეთში, სიბნელეში და რუსეთის ბატონობის ქვეშ! აი, რა იდგა ამ ყველაფრის უკან!“

„გუშინ მაჩვენეს ამათი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგის, გოგა ხაინდრავას ინტერვიუ, სადაც ის ჯერ კიდევ მაისში ამბობს, ამათ ცვენ მოვუწყობთ ცოცხებსო... არც ჯოხები, არც სხვა რამ - ცოცხებსო. საიდან იცოდა გოგა ხაინდრავამ ეს ყველაფერი მაისში? ჩვენ არ ვიცოდით და რანაირად აფათურებდა ხელს სახელმწიფოს საქმეებში ისეთი სუბიექტი, როგორიც გოგა ხაინდრავაა?“.

„ბოლო დღეებში გაჩნდა იმის ილუზია, რომ ვიღაცებს შეუძლიათ ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვან და დაგვაბრუნონ უკან. ამბობენ, რომ აი, მოდიან, მალე მოვლენ ჩვენები და 2 ოქტომბერი ჩვენი დღე არის. მათიანები ვერ მოვლენ და 2 ოქტომბერი კრიმინალების დღე არასდროს არ იქნება. იმიტომ რომ რასაც ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებენ, არის ტიპიური რუსული კომპრომატების კამპანია, რუსული ფულია, რუსული თამაშების გარდა არაფერი იციან (ამ დროს დარბაზში პატარა გოგონა გამოჩნდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ხელში აიყვანა და სახელი ჰკითხა, - რედ.) და უნდათ ასე, რომ მოდით, ბოლო დღეს გამოვაგდებთ კომპრომატებს, დავაბნევთ და ამ საყვარელ არსებას (მიუბრუნდა ბავშვს,-რედ.), დეას წავართმევთ მომავალს. გამოაცხადეს რამდენიმე თვის წინ: ბევრი ფული გვაქვს, დაიმაგრეთ ვიდეოკამერები, შედით, გადაიღეთ, დავზაფროთ ხალხი და მოვიგოთ არჩევნები.

არჩევნებს ვერ მოგართმევთ... იმიტომ რომ ეს არ არის არჩევანი ბარამიძეს, ვარშალომიძესა და ვიღაც სხვებს სორის, ეს არის არჩევანი ორ მხარეს შორის, საიდანაც ერთი მხარე გპირდებათ ბარაკებისგან გათავისუფლებას და აკეთებს ამას, მსოფლიო მასშტაბის უნივერსიტეტს და აკეთებს ამას და მეორე მხარე გპირდებათ ინფექციას და კიბოს! მაგრამ ვერ მიიღებს ამას!“

„ბოლო დღეებში ჰქონდათ განცდა, რომ ჩვენ მოვეშვით. ჩვენ კი არ მოვეშვით, შევწუხდით! ჩვენ ხელები კი არ ჩამოგვიშვია, ეს ხელები დაკავებული გვქონდა იმით, რომ ამ საზარელი დანაშაულის ყველა ჩამდენს და მონაწილეს ვეძებდით. მართალია, დაგვიანებით, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლომდე ცავდევთ მათ და ამოვძირკვავთ!“

„გავიგე, რომ ბოლო დღეებში, პირველად საქართველოში უკანასკნელი 7 წლის მანძილზე საქართველოში აკურთხეს ახალი „კანონიერი ქურდი“. გავიგე, რომ დაიწყეს უკვე იმის ტირაჟირება, რომ „ჩვენი დრო მოდის“, კონკრეტული სიების შედგენა, მუქარების გაგზავნა, თანამდებობების გადანაწილება, საქართველოში მე ეს ერთხელ უკვე ვნახე. მას ერქვა „მხედრიონი“ და აურაცხელი ზარალი მოუტანა საქართველოს, მათ შორის რეგიონებს“.

„ჩვენ დავიწყეთ გამოძიება, ჩვენ დავაკავეთ პირველი პირი, პირველი ბადრაგები. ანუ, ჩვენ გავხეთქეთ ეს საქმე იმაზე ადრე, ვიდრე ისინი გეგმავდნენ. როგორც კი დავაკავეთ და ინფორმაცია გავავრცელეთ, ეგრევე ამოიყარა ეს ვიდეოები. იყო გეგმა, რომ მომხდარიყო სახელმწიფო სისტემის ჩამოშლა, ხალხის სრული დემორალიზაცია, ვიღაცეები აიღებდნენ იარაღს, მერე კი, თუ არჩევნების შემდეგ ის შედეგი არ დაჯდებოდა, რაც მათ უნდოდათ, კიდევ სხვა რაღაცეები იყო დაგეგმილი. მე დღეს სრულიად დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს გეგმა ჩაიშალა და ჩვენ ჩავშალეთ ბოლომდე.“

„ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გზას და შუა გზაზე არ მივატოვებთ დაწყებულ საქმეს. ჩვენი საქართველოს უკან დაბრუნების საშუალებას არავის მივცემთ!“

კომენტარი