ბიძინას ოქტომბრელები

როგორც არცთუ შორეული წარსულიდან გვახსოვს, ოქტომბრელები მომავალი პიონერები იყვნენ, პიონერები - მომავალი კომკავშირლები, კომკავშირლები კი შემდეგ მშობლიური, სკ კომუნისტური პარტიის რიგებს ავსებდნენ და კომუნისტები ხდებოდნენ.

ერთმა პოეტმა აღნიშნა, კომუნისტის სახელი გვერქვას, ყველა როდი ვართ ღირსიო და, ეტყობა, ბიძინას ოქტომბრელობაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სანამ იმის აღწერაზე გადავალ, რატომ მაინცდამაინც ოქტომბრელები და იმაზეც, თუ მაინც როგორია მათი ხვედრი, განვმარტოთ, რატომ მაინცდამაინც „ბიძინას ოქტომბრელები“ და არა, ვთქვათ, კომკავშირლები ან კომუნისტები...

მოგეხსენებათ, დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციად წოდებული მოვლენა აერთიანებდა ოქტომბრელებსაც, კომკავშირლებსაც და კომუნისტებსაც. უფრო ნათლად თუ ვიტყვით, მათ ოქტომბერი აერთიანებდათ, წელიწადის ამ თვესთან დაკავშირებული სახელი კი მათგან ყველაზე პატარებს ერგოთ - ალბათ, სიმბოლურად.

ბიძინას შემთხვევაში პირიქითაა: აქ ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს და ყველას ოქტომბერი აერთიანებს. ის ოქტომბერი, რომლის ათვლა ზოგისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღიდან იწყება, ზოგისთვის კი ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღიდან და ბიძინა ივანიშვილის ხსენების დასრულების დღიდან - ვისთვის როგორ...

ბიძინას ოქტომბრელები რომ ოქტომბერს სულმოუთქმელად ელოდნენ და მეტიც, ოქტომბრით ხშირად იმუქრებოდნენ, ნებისმიერი ქართველი, პოლიტიკურად აქტიური, არამეოცნებე ფბ-იუზერის ინბოქსი გეტყვით - ალბათ, თითზე ჩამოსათვლელი იქნება ისეთი, რომელსაც ერთხელ მაინც გამოუთქვამს კრიტიკული დამოკიდებულება ივანიშვილის მისამართით და სხვადასხვაგვარი „რისხვა“ არ დასტყდომია თავს: ზოგს ეკითხებიან, ოქტომბრის მერე რას იზამს, როცა ქუჩაში ვერ გამოვა; ზოგს ურჩევენ, ბილეთები დაჯავშნოს, რომ არჩევნებიდან მეორე დღეს ქვეყნიდან გაიქცეს, ზოგს ინბოქსში სულაც არ წერენ არაფერს, მაგრამ რომელიმე მეგობრისგან იგებს, რომ რომელიღაც მეოცნების გვერდზე „სამარცხვინო დაფაზე“ მისი ფოტო ჰკიდია და კომენტარები წერია? - უჰუჰუ, მტრისას და მაწყევრისას...

მოკლედ, ბიძინას მეოცნებეები თანდათან გადაიქცნენ ოქტომბრელებად და ოქტომბრისადმი მათი ლტოლვა რაღაცით ჰგავს კიდეც თვითმკვლელის ქვეცნობიერ ლტოლვას ხიდისკენ, საიდანაც უფსკრულში გადაშვებას აპირებს. ყოველ შემთხვევაში ფაქტია, რომ დღეს არსებული ნებისმიერი საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევების მიხედვით, მეოცნებეებს თავის დასამშვიდებლად არა აქვთ საქმე, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ 2 აგვისტოს დაიწყო. მით უფრო გასაკვირია, რომ ოქტომბრით არა "ნაციონალური მოძრაობის", შესაბამისად, ხელისუფლების მხარდამჭერები, არამედ მეოცნებეები იმუქრებიან:

ბიძინას ოქტომბრელების ლტოლვა ოქტომბრისადმი მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას: მათ ან მართლა სჯერათ ივანიშვილის ლოკომოტივობის ჯადოსნური ძალის, ან კიდევ არჩევნების შედეგების მიუხედავად, ქუჩაში გასვლას აპირებენ და მათი მედიდური ტონიც ამითაა გამოწვეული: ქუჩაში გასვლა და დიდხანს დარჩენა ხომ ქაოსთანაც ასოცირდება, ქაოსის დროს ეცემა ან საერთოდ ნულზე დადის პოლიციის აქტიურობა, ასეთ შემთხვევაში კი „დამახსოვრებულთა“ მოძებნა და მათთვის ჯგუფურად ანგარიშის გასწორება უფრო ადვილია. რომ არ თქვათ, აშკარად გაბუქებულია საფრთხეო, გეტყვით, რომ სოციალურ ქსელებში ბიძინას ოქტომბრელების უმრავლესობის ტონი სწორედ ასეთია: „ვერ დაგვემალებით“...

დროდადრო ასეთ განწყობას, ნებსით თუ უნებლიედ, კოალიციის ლიდერი და ოქტომბრელთა სულიერი მამა (მარჩენალიც) ბიძინა ივანიშვილიც ახალისებს. კაცი, რომელიც აღიარებს, რომ ზოგჯერ შავსა და თეთრს ვერ არჩევს (მწვანეს ხომ კარგად არჩევს?), კაცი, რომელმაც ჯარიმა გადაიხადა და ეს კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დახმარებად გაასაღა - სულ მალე საქართველოს ბიუჯეტს 300 მილიონამდე დოლარს შეედავება - საინვესტიციო უფლებების დარღვევისთვის. ანუ, რა გამოდის? კახელებს ეუბნება, 80 მილიონი გადმოგირიცხეთო და ამ ფულს, როგორც იტყვიან, ერთი ჯიბიდან იღებს, მაგრამ მეორე ჯიბეში ჩადებას გეგმავს, თანაც, თითქმის ოთხმაგად... აი, როგორ ესმის ზოგჯერ ოქტომბრელთა შეფს ქველმოქმედება, სამაგიეროდ, უკვე აანონსებს, რომ ქუჩის აქციები სულაც არაა გამორიცხული...

მოკლედ, რაც უფრო ახლოვდება ოქტომბერი, „ფეისბუქზე“ ვნებების დუღილი მატულობს. ნათქვამია, სადაც ვნებები დუღს, ჭეშმარიტება ორთქლდებაო და ამ ფრაზის უტყუარობა სწორედ ბიძინას ოქტომბრელების აქტიურობის ფონზე მტკიცდება: ივანიშვილი ხან ამბობს, ომი საქართველომ დაიწყოო, ხან კი - საქართველო ომს როგორ დაიწყებდა საკუთარ ტერიტორიაზეო, ხან ამტკიცებს, რომ ქუჩაში ხალხს არ გამოიყვანს, ახლახან კი თქვა, რომ თუ საჭირო გახდება, კონსტიტუციურ უფლებებს ქუჩიდანაც დაიცავენ... მოკლედ, ჭრელი პეპელას ამონაკვნესისა არ იყოს, „ჩამოყალიბდით, ბრაწცი!..“ (ფბ-ს გვერდიდან "ასე იტყოდა ზარათუშტრა"), მანამდე კი მაგ ფართოდ დახუჭულ თვალებს დანიშნულება დაუბრუნეთ და ფართოდ გაახილეთ, თორემ არცთუ სასიამოვნო „ბიძინაობა“ დაგიღამდებათ...

კომენტარი