სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სხვისი უბედურების "დამლაიქებლები" და ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველთა მარცხით გალაღებულები

„დამლაიქებელი“ რომ ქართულ ფბ-რეალობაში, ლამის, პროფესიად იქცა, არახალი ამბავია. ასეთი „პროფესიონალი დამლაიქებლები“ განსაკუთრებით ბლომად ჰყავთ მამა-შვილ ივანიშვილებს და მათთან ასოცირებულ ფბ-გვერდებზე მონავარდე იუზერებს. რა თქმა უნდა, „ლაიქებს“ შესაბამისი კომენტარებიც მოსდევს. ბერას სტატუს-განახლებებზე ეს არის, ძირითადად, კვნესით გამოხატულ ორგაზმს მიმსგავსებული „აჰ!..“ „უჰ!...“, „მიდიიიიი!..“, „მაგარია, მიაწექი ბოლომდე!“, ხოლო ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ და მასთან ასოცირებულ გვერდებზე უფრო პოლიტიკური ორგაზმის მაგალითებს შეხვდებით.

როცა ბერამ ფბ-ზე ქართულად წერა დაიწყო, ამას უამრავი ლაიქი და აღფრთოვანება მოჰყვა. რა ტქმა უნდა, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მამამისმა პოლიტიკური განაცხადი გააკეთა და ბერა უკვე არამარტო რეპერი ბერა, „საქართველოს მხსნელის“ ვაჟიშვილიც გახდა. „ბერა ქართულად წერს! რა მაგარია!..“ - აღტაცებულად შეიცხადა ერთმა გოგონამ და ბერას ფანი გოგო-ბიჭები მაშინვე აჰყვნენ: „მაგარია, მაგარი!..“. მე კი ძალაუნებურად, ცნობილი ფილმის ის ეპიზოდი გამახსენდა: „ვინ იყო ის, ვინც... ?“ – „მაჰმუდი!... მაჰმუდი!...“

ბერას თავი გავანებოთ და ბოლოდროინდელ ფბ-მოვლენებს გადავხედოთ: ალბათ, არ დარჩენილა ნორმალური ქართველი, რომელსაც 20 წლის ლაშა შავდათუაშვილის ლონდონური ოქრო არ გაუხარდა. მართლა ასე ფიქრობთ? აჰა, ინებეთ ფაქტი: ფბ-ს ოპოზიციურად განწყობილ იუზერებში ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფს თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა. ისინი ასეთი, მშრალი და ირონიული მილოცვებით იფარგლებოდნენ: „ვულოცავთ. იმედია, ასანიძესავით პოლიტიკაში არ ისკუპებს“ (და რატომ „ზვიადაურივით“ არა, მეგობარო?-ლ.მ.); „მაგარია. მისცემენ ახლა მილიონს და ერთ წელიწადში დაიჭერენ“.

მდგომარეობა ცოტათი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა. თითქოს ამას ელოდნენო, მისი მილოცვა უამრავმა ისეთმა ადამიანმა გაიზიარა, რომელსაც მანამდე აღტაცება არ გამოუთქვამს და რეაქციაც საკმაოდ თავშეკავებული ჰქონდა: „ვულოცავ“ - ერთი „სმაილიკი“ და სულ ეს იყო, სამაგიეროდ, ბიძინა ივანიშვილის არცთუ მოკლე მილოცვის მერე - ეტყობა, ასეა საჭიროო და კარალეთელი ბიჭის (რა სიმბოლურია!) ქებაში ენად გაიკრიფნენ. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს ფბ-ზე უხილავმა დირიჟორმა (რამდენი რამ შეუძლია ამ მილიარდერობას!) ხელი აიქნიაო...

სამაგიეროდ, ათეულობით „ლაიქი“ და რამდენიმე ამაზრზენი კომენტარი ერგო იმ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ფბ-ზე ინფორმაციის გავრცელებას, სადაც რუისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია იყო გამოქვეყნებული - რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ფბ-გვერდზე. მართალია, ეს ოფიციალური გვერდი არ იყო, მაგრამ ამას ხელი არაფერში შეუშლია „დამლაიქებლებისთვის“. სტატუსი კი ასე გამოიყურებოდა:
„პრეზიდენტის ესკორტი ოპელს შეეჯახა - მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა“ :(

რამდენიმე წამში ეს სტატუსი 17 ადამიანმა მოიწონა, 37 კი გაიზიარა. მოგვიანებით მასზე ერთი იუზერის კომენტარიც გაჩნდა, „ლაიქთან“ ერთად: ვინმე რანდო გოგოლაძემ დაწერა: „უსაზღვრო ლაიქ“ და გრძნობის უფრო მძაფრად გადმოსაცემად, იქვე გულიც მიახატა...

ალბათ, ამ საკითხზე მსჯელობის გაგრძელება არც ღირს: დაახლოებით ასევე იყო მაშინ, როცა ქართველი სპორტსმენები ლონდონში, პირველ დღეს, შედარებით წარუმატებლად გამოვიდნენ: ატყდა ქილიკი, მაგრამ რა ატყდა: თურმე ჩვენი მოცურავეები აუზში ვარჯიშის დროს იხრჩობოდნენ და სხვა სპორტსმენებმა ამოიყვანეს, თურმე ჩვენი მოჭიდავე ერთმა უცხოელმა ტყლაპივით ისე დააკრა ტატამის, რომ ელიავადან მუშების ამოყვანა გახდა საჭირო ასაფხეკად, ყველაზე მეტად კი „ქართული ოცნების“ აქტივისტმა აშშ-ში, მისი ნაცნობების თქმით, ცნობილმა ყოფილმა მხედრიონელმა - ბესო ხომერიკმა გამოიჩინა თავი, რომელმაც სტატუსში, არც მეტი, არც ნაკლები, იკითხა: „ჩავიდჟვით ლონდონში?“ - მის სტატუსს უფრო მეტი მოწონება და გაზიარება ჰქონდა, ვიდრე შავდათუაშვილის გამარჯვების შესახებ ივანიშვილის გვერდზე დადებულ სტატუსს. დასკვნები თავად გააკეთეთ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100