აფხაზური მუსულმანური თემის წინასაოლიმპიადო „წმენდა“

ჩეჩნური დამოუკიდებელი საიტი „daymohk“ ამხელს რუსების მიერ „აფხაზურ ჯამაათად“ სახელდებული თემის რეალურ სახეს. საიტი იუწყება:

«ФСБ» –ს ბანდამ მოიგონა მორიგი ლეგენდა ასაფეთქებელი ნივთიერებების და იარაღის საწყობის აღმოჩენის შესახებ, რომელიც თითქოსდა „აფხაზურმა ჯამაათმა“ მოიმარაგა სოჭის ოლიმპიური ობიექტების სადივერსიოდ.

რუსი ოკუპანტების მტკიცებით, „აფხაზური ჯამაათი“ „იმარატ კავკაზის“ უჯრედს წარმოადგენს. მაგრამ საინტერესოა შემდეგი გარემოება – უკანასკნელი 20 წლის მანძილზე აფხაზებს ჩრდილოკავკასიელი მუჯაჰედების განმათავისუფლებელი ომისაკენ უკანალი ჰქონდათ მიშვერილი, ხოლო აფხაზეთში დარჩენილი მათი მხსნელები გამოაძევეს ზურგში მიდევნებული სროლით. უკანასკნელი ცოცხლად დარჩენილი ჩეჩენი, რომელსაც გონება შეურყიეს აფხაზურ ციხეში ცემა–ტყეპისაგან, გამოიქცა იქიდან 2005 წელს. აფხაზებმა არ მიიღეს არცერთი ჩეჩენი ლტოლვილი, საბრძოლო მოქმედებისას არ მოსულან ჩვენთან მუჯაჰედების დასახმარებლად უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. ამიტომაც არის გაუგებარი – ამ თემში საიდან უნდა გაჩენილიყო საბრძოლო „ჯამაათი“, როდესაც იქ სიტყვიერიც კი არ არსებობს?

სამხედრო იარაღის „მუსულმანური“ საწყობი, რომლის ფოტოსაც აქვეყნებენ და, რომელსაც აფხაზებს მიაწერენ, ალბათ რუსულ სამხედრო ნაწილში მდებარეობს; ხოლო ამ ასაფეთქებელ ნივთიერებათა და იარაღის ოლიმპიურ დედაქალაქში გადატანას, მათი თქმით, აფხაზეთიდან ხელმძღვანელობს და აკონტროლებს დოკუ უმაროვი, რომელიც, რა თქმა უნდა, მჭიდრო კავშირშია საქართველოს სპეცსამსახურებთან. აი, ამისთანა სცენარებს წერენ დღეს «ФСБ»–ში. ეს სცენარები ყოვლისმრწმენ დოყლაპიებზეა გათვლილი, მაგრამ, რა გაეწყობა, დანარჩენებმაც უნდა ვითმინოთ“.

კომენტარი