პუტინის გამარჯვების სულისჩამდგმელნი

6 მაისს დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია. მას წინ უსწრებს რუსეთის საღად მოაზროვნე ადამიანთა საპროტესტო გამოსვლები. მაგრამ, რა დასამალია, არსებობენ ხელახლა გაპრეზიდენტებული «ФСБ»-ელის რეალური მხარდამჭერები.

როდესაც პუტინის გამარჯვების ხელშემწყობ პირობებს ეხებიან, უმრავლეს შემთხვევაში საუბარია ობივატელზე და ავიწყდებათ ხოლმე ამომრჩეველთა ის მძლავრი არმია, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან „კრიმინალური ინტელიგენცია“ ეწოდება“!

ცნობილია, რომ პუტინმა თავის ნდობით აღჭურვილ პირებად 499 ცნობადი სახე დაასახელა. მათ შორის იყო პოპულარული ესტრადის მსახიობი გენადი ხაზანოვი – ერთი 499–თაგანი.

იუზერების მიერ რუსული საიტების მიხედვით კოლექტიურად შექმნილი გენადი ხაზანოვის დახასიათება ქმნის პუტინის თანამდგომ ინტელიგენტთა საერთო სახეს, საიდანაც ვგებულობთ, როგორი რუსეთი უდგას გვერდით ვლადიმერ პუტინს:

„ნუ განსჯით ამ 499 უბედურ ადამიანს – რა იცით, რა ელოდათ, პუტინის წინაადადება რომ არ მიეღოთ; მათ ისიც ეყოფათ, სინდისი რომ აწუხებთ ალბათ. ან კი მათი უარი რას უშველიდა – რისი შეცვლა შეეძლოთ? განა მაინც პუტინს არ გაამარჯვებინებდნენ?!“

„ხაზანოვს არ რცხვენია 1994 წლის გახსენება, როდესაც ზემდგომთა საამებლად გაახმოვანა პასკვილი სოლჟენიცინზე – მაშინ პროტესტის ნიშნად, ხალხი მაყურებელთა დარბაზს ტოვებდა ხაზანოვის დანახვაზე, რადგან ის დასცინოდა დისიდენტ მწერალს საქილიკო გამონაგონით, ვითომცდა სოლჟენიცინი თავის ფეხსახვევებს რეცხავდა როსტროპოვიჩის ვიოლონჩელში. 1994 წელს სოლჟენიცინი ჩამოვიდა რუსეთში და არ ისურვა ელცინთან შეხვედრა. ხაზანოვის პასკვილი პირდაპირ ბალზამი იყო ელცინის გულზე. ხაზანოვი 1996 წელს ელცინს უჭერდა მხარს – ხუმრობდა და მახვილსიტყვაობდა, თუ როგორ დაშლიდნენ კომუნისტურ სისტემას – ვის მოაძრობდნენ, ვის დანიშნავდნენ. დღეს უკვე პუტინის აშენებულ – საზოგადოების ცალკეული ჯგუფების მოსყიდვასა და ბიუჯეტის ტოტალურ ქურდობას უჭერს მხარს, ოლიგარქიულ –ჩინოვნიკურ კაპიტალიზმს ემხრობა!“

„ბატონები – ტაბაკოვები და ხაზანოვები ყოველთვის ძლიერთა ამა ქვეყნისათა განსაკუთრებული ზრუნვით იყვნენ გარემოსილნი – ხოლო საით მიექანებოდა ქვეყანა, სულ არ ანაღვლებდათ!“

„მახსოვს, ხაზანოვი ამბობდა, რომ ძალის ძალად თამაშობდა, როდესაც ბრეჟნევის წინაშე უხდებოდა გამოსვლა და, რომ, საერთოდაც შინაგანი დისიდენტია. ეხლა პუტინი შეჰყვარებია, საინტერესოა, რას იტყვის, როდესაც პუტინი აღარ იქნება?“

„თურმე პუტინთან მეგობრობს იმიტომ, რომ იმან თეატრი გაურემონტა. რა დონის ამბიციები უნდა ჰქონდეს მთელი ცხოვრების მანძილზე კულინარული ტექნიკუმის სტუდენტად დარჩენილ კაცს, რომ, ტალანტისა და განათლების უქონლად, გადაწყვიტოს რეჟისორობა!“

„პუტინი მასახიობებზე არანაკლები გარდასახვის უნარით არის დაჯილდოებული, იმიტომაც ეხვევიან მას ბუზებივით მსახიობები – გრძნობენ სულიერ ნათესაობას.“

„ძალიანაც კარგს შვრება პუტინი, რომ უნდა ეს მსახიობები და მუსიკოსები უფსკრულში გადაიყოლოს, როგორც რუსები ვიტყვით ხოლმე – თუ ვკვდები, მუსიკის თანხლებით მაინც მოვკვდე!“

კომენტარი