ივანიშვილი: ჟურნალისტები ახერხებთ, საკუთარი ხელით შეუტიოთ თქვენს მომავალს...

ქართველმა მილიარდერმა ჟურნალისტების დატუქსვა ვერა და ვერ მოიშალა. ვერც იმას მიეჩვია, ნებისმიერი, მისთვის უხერხული შეკითხვა ისე მიიღოს, როგორც ეს პოლიტიკოსს შეეფერება. მისი ადრინდელი, ცინიკურ-ირონიზირებული ტონი („რუსული იცით? ორიგინალში წაიკითხეთ ის ინტერვიუ?“; „ეს შეკითხვა თქვენი მოფიქრებული არ არის“) უკვე დატუქსვის შემცველმა მიმართვებმა შეცვალა:

"მოგახსენებთ, მოგახსენებთ! დამელოდეთ, დამელოდეთ, კეთილი ინებეთ და მაცადეთ ეხლა, კითხვა ხომ დასვით? მიგანიშნებთ, სად აკეთებთ თქვენ არასწორ აქცენტებს... დამელოდეთ, დამელოდეთ!.." - ასე გაცხარებით უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ITV-ს ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, აპირებდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას ზურაბ ვარდუკაძესთან, რომელმაც მილიარდერის კუთვნილი „ქართუ-ბანკი“ 27 კგ ოქროს მითვისებაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით, როცა უკვე სხვა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რატომ არჩევს ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან ურთიერთობის დროს „დატუქსვით ტონს“, კოალიციის სახემ თავი იმართლა, არაფერი არაკორექტული არ მითქვამსო, მერე კი დემოკრატიით ევროპის გაოცების მოსურნემ ისეთი ფრაზა მოაყოლა, რომელიც ჟურნალისტებისადმი მიმართვისა და დამოკიდებულების „უბადლო“ ნიმუშად გამოდგება:

„ძალიან ხშირად ჟურნალისტები ახერხებთ, საკუთარი ხელით შეუტიოთ თქვენს მომავალს და გაინადგუროთ ის“, - ბრძანა მილიარდერმა.

„დემოკრატია არ გულისხმობს ქაოსსა და უწესრიგებას. ამაზე მიგითითებთ მუდმივად. წესრიგი ყველას მოეთხოვება. თქვენ უფლება გაქვთ, დასვათ ნებისმიერი შეკითხვა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მეც მაქვს უფლება, გიპასუხოთ ისე, როგორც მსურს. პასუხი თუ არ მოგწონთ და ამას დატუქსვად იღებთ, ეს თქვენი პრობლემაა. მე არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ გამომიყენებია”, – მიმართა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

„ქართული ოცნების” ლიდერის განმარტებით, ჟურნალისტიკას უდიდესი ფუქნცია აქვს, რომელიც საქართველოში დღეს არ სრულდება: “მინდა, ჟურნალისტებმა აღიდგინონ შელახული თავმოყვარეობა და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ“,- აღნიშნა კოალიციის ლიდერმა. ("ექსპრესნიუსი")

მანამდე კი მოვლენები ასე განვითარდა:

მილიარდერმა, რომელმაც ბრიფინგზე 2008 წელს დაღუპული ერთ-ერთი ჯარისკაცის დედას დაუთმო მიკროფონი, განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო ქალბატონს ხელისუფლებამ პრობლემები შეუქმნა. კოალიციის პრესმდივანმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს ამ ქალბატონის თვალთვალის ამსახველი ვიდეომასალაც წარმოუდგინა. ბიძინა ივანიშვილმა ამ საკითხის განხილვის დროს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე და ძალადობაზე ისაუბრა, რასაც ITV-ს ჟურნალისტის შეკითხვა მოჰყვა:

„... ერთ-ერთ ბრიფინგზე, თუ არ ვცდები, ზურაბ ვარდუკაძე, "ქართუ ბანკის" მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა და განაცხადა, რომ სალომბარდო ხელშეკრულების საფუძველზე ბანკს 27 კგ ოქრო ჩააბარა, რომელიც შემდეგ დაიკარგა, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე ბანკმა უარი განაცხადა და ვარდუკაძეზე ზეწოლას ახდენდა. თუ ხართ ინფორმირებული ამის შესახებ და თუ აპირებთ დაზარალებულთან შეხვედრას?“

მილიარდერი იმ ჟურნალისტის ვინაობითა და დამსაქმებელი მედიასაშუალებით დაინტერესდა, ვინც შეკითხვა დასვა, შემდეგ კი განაცხადა: „გასაგებია. მოგახსენებთ. სკანდალს ეძებთ, რომ აჩვენოთ, თითქოს მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან კი არ არის ძალადობა, არამედ „ქართუ ბანკის“ მხრიდანაც...“ - ჟურნალისტმა თავის მართლება სცადა: „მე ხომ არ ვიგონებ, ბატონო ბიძინა, იმ ადამიანმა ასე განაცხადა“. ამას მილიარდერის პასუხი მოჰყვა: „თქვენ ჟურნალისტი ხართ და ვინმეს ნათქვამის გადატანა კი არ გევალებათ ფოსტალიონივით, არამედ ფაქტების გადამოწმება...“; „ვარდუკაძე ამბობს, რომ მას ცეცხლიც გაუხსნეს“, - გაეპასუხა ჟურნალისტი. „ვინ გაუხსნა ცეცხლი?“. „უცნობმა პირებმა“. „ქართუ-ბანკი“ გაქვთ, ხომ მხედველობაში?..“ - თავისთვის გააგრძელა ბიძინა ივანიშვილმა და შეეცადა, სურათი ისე წარმოეჩინა, თითქოს ჟურნალისტი „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებს დაზარალებულისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, რასაც კომენტარიც მოაყოლა: „თქვენი შეკითხვა არის აბსურდული და ის პასუხს არ იმსახურებს. თქვენნაირი ჟურნალისტები სამი დღის განმავლობაში ატრიალებდნენ ამბავს, როგორ თეთრდებოდა ფული „ქართუ ბანკში“ და როგორი ვარხავალალა (?) იყო...“. ჟურნალისტის ყველა მცდელობა, ჩართულიყო დიალოგში და მიეღო პასუხი დასმულ შეკითხვაზე, მთავრდებოდა გაგულისებული მილიარდერის რეპლიკებით:

"მოგახსენებთ, მოგახსენებთ! დამელოდეთ, დამელოდეთ, კეთილი ინებეთ და მაცადეთ ეხლა, კითხვა ხომ დასვით? მიგანიშნებთ, სად აკეთებთ თქვენ არასწორ აქცენტებს... დამელოდეთ, დამელოდეთ!.."

გელოდებით, ბატონო ბიძინა! გელოდებით, როდის ისწავლით ჟურნალისტებთან ურთიერთობას და მათ მიერ დასმულ, თუნდაც თქვენთვის უხერხულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას...

კომენტარი