სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 აპრილი: მოგონებები და კადრები, რომლებიც სსრკ ტელევიზიის პირველმა არხზე გავიდა...

მხატვარი ნატო შენგელია, რომელიც იმ დროს 11 წლის იყო, იხსენებს: “ბიძაჩემი მიტინგზე წაყვანას დამპირდა. იქ ხალხი ყოველ დღე იკრიბებოდა, ცეკვავდა, მღეროდა, ლექსებს ამბობდა; საშიში არაფერი იყო. 8 აპრილს, დილის 12 საათზე, ჭავჭავაძის გამზირზე ტანკებმა ჩაიარეს. ასფალტზე ნაკვალევი დარჩა. ბიძაჩემი მეზობელთან ერთად ტანკებს დაედევნა. ბებიამ, გული რომ არ დამწყვეტოდა, ხელი ჩამკიდა და მიტინგზე წამიყვანა. ხალხში მღელვარებამ იმატა. როგორც მერე გაირკვა, ტანკები მომიტინგეთა დასაშინებლად ჩაატარეს; სასტუმრო “ივერიასთან” მოუხვიეს და უკან დაბრუნდნენ. უნივერსიტეტსა და სკოლებში სწავლა შეწყდა, ახალგაზრდობა გარეთ გამოეფინა, მოძრაობა შეჩერდა. მიტინგზე მოხუცმა ქალმა შემამჩნია და მითხრა: შვილო, პატრონი არ გყავს? აქ რა გინდა, წადიო. მე და ბებიამ ძლივს გამოვაღწიეთ იქიდან.

დილის 5-ის ნახევარი იქნებოდა. ჭავჭავაძის გამზირზე მანქანის სიგნალის გაბმული ხმა ისმოდა. ოცი წუთის შემდეგ ხმა გაძლიერდა. მანქანის ღია ფანჯრებიდან, ბიჭები მთელი ტანით იყვნენ გადმოწეულები და ყვიროდნენ: “გაიღვიძეთ, ხალხს ხოცავენ, გამოდით!”

სახლში ყველას ეძინა, ჩემსა და მამაჩემის გარდა. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. მამაჩემმა კარი გააღო; სასტუმრო ოთახში გავედი და დავინახე ბიძაჩემი შოთა _ ფეხშიშველი, დახეული შარვლითა და პერანგით, სახეზე ფერი აღარ ედო. ძლივს ამოილუღლუღა, ხალხი დახოცესო. შევძრწუნდი. ძნელი იყო ასეთი რამის დაჯერება. უცებ საშინელი ყვირილი და სტვენა ატყდა გარეთ. ხალხი, რუსთაველის გამზირის გარდა, ვარაზის ხევიდანაც მორბოდა. ტელევიზიასთანაც დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები.”

მთავრობის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს ნატოს ბიძა, თავად შოთა ჟვანიაც იხსენებს: “რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ ნიჩბებს თავში, კაცებს რომ ვერ მოერივნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და ვერ ვშველოდი მათ იმიტომ, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით მიმათრევდა სადღაც. თავის დაღწევა მოვახერხე და ოთხი კილომეტრი ფეხშიშველმა ვირბინე სახლამდე.”

კონსტანტინე შენგელია შემდეგს იხსენებს: “როდესაც კარი გავაღე და ფეხშიშველი, ნაცემი შოთა დავინახე, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს რუსი ჯარისკაცების ჩადენილი იქნებოდა. ვიფიქრე, ვიღაცამ “ნასკებიანად” “აახია” ფეხსაცმელიბი-მეთქი. ძლივს ამოიღო ხმა, ხალხი დახოცესო. გარეთ გავვარდი. ვხედავ, მოდის გოგო, რომელსაც ცალ ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია, მეორეზე კი ფეხშიშველაა. მორბოდა ტანსაცმელდაგლეჯილი ხალხი, გაზისაგან სახეგაშავებული ბიჭები. ჩვენი სახლის ეზოში დაჭრილი შემოიყვანეს. ხალხი იხვეწებოდა, სადარბაზოს კარები არ ჩაკეტოთ; რამე რომ მოხდეს, შიდა ეზოს შევაფარებთ თავსო! ვინ დახურავდა. ზოგი ნემსისა და ძაფის ჩამოგდებას ითხოვდა პირდაპირ აივნიდან, რომ დახეული ტანსაცმელი ამოეკერათ. ქვემოთ ვნახე ნაცნობები. თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი – კოკა მუხლუხოებში ჩასწოლია “ბე ტე ერ”-ს და გაუჩერებია. გაზის ამპულები წვიმასავით მოდიოდაო; ჯარისკაცები ყვიროდნენ: “ვოტ, ვამ ზა სტალინა, ზა ბერია!” თან დუჟი მოსდიოდათ პირიდან...

გელა არაბული, რბევისას დაზარალებული, იხსენებს: “როდესაც ლენინის მოედნიდან (მაშინდელი) ჯავშან-ტრანსპორტიორები წამოვიდნენ, მთავრობის სასახლის მარჯვენა მხარეს, კიბეზე ვიდექი. ჯარისკაცები მოდიოდნენ ფარებით, ნიჩბებით და ხელკეტებით. ხალხი წყნარად იჯდა, არავინ არაფერს აშავებდა, არავინ დგებოდა, ხმას არავის სცემდა. დაახლოებით, ხუთი წუთი იდგნენ ჯარისკაცები. უცბად დაიწყეს ხალხის ცემა. მალე მათ ჩიტაძის ქუჩიდან ჩამოეშველნენ სხვა ჯარისკაცები. მოშიმშილეები ისე იყვნენ დასუსტებულები, ფეხზე ვეღარ დგებოდნენ. ერთი ქალიშვილი დაეცა. წამოვაყენე. ამ დროს ერთმა დამიძახა: “ნიჩევო სებე, სვოლოჩ!” და დამარტყა. ბუშლატის ქვეშ ჯავშანჟილეტი მეცვა. კვლავ მომაძახა იგივე სიტყვები და მითხრა: “ა, უ ტებია ბრონეჟილეტ?!” და ნიჩაბი ჩამარტყა. დავეცი, ისევ ავდექი. შევეცადე ის ქალიშვილი, როგორმე იქაურობას მომეშორებინა. ის მეხვეწებოდა, წყალი დამალევინეო. მოვახერხე, სასწრაფო დახმარების მანქანამდე მიმეყვანა. არ ვიცი მისი ბედი, გვარიც არ მიკითხავს.”

burusi.wordpress.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100