სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველების გაერთიანების პროგრამა...

ორი წლის წინ, როდესაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონებში საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საქართველოს საზღვრები გადმოლახეს და კიდევ უფრო ღრმად შემოიჭრნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყო.
რუსეთის არმიის თავდასხმამ მშვიდობიანი ქართული მოსახლეობა მშობლიური კერებიდან აყარა და საკუთარი სახლების დატოვება აიძულა. მიუხედავად იმისა, რომ ომი მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა, ათი-ათასობით ქართველის ტკივილი, რომლებიც სახლებში ვერ ბრუნდებიან და მათიც, ვინც რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს, დღემდე გრძელდება.
ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელმაც შეიარაღებული კონფლიქტი შეაჩერა, რუსებს სამხედრო ძალების ომამდელ პოზიციებზე გაყვანას ავალდებულებდა და ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და დევნილის საკუთარ სახლში ღირსეულ დაბრუნებას ითვალისწინებდა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, უარყოფს 21-ე საუკუნეში ევროპაში დადგენილი საზღვრების ძალისმიერ შეცვლას, რუსების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ავალდებულებს. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა ახლახანს განაცხადა, „რუსეთმა შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი არ შეასრულა“, მაგრამ ეს ვერ შეუშლის ხელს საქართველოს ხელისუფლებასა და მის ხალხს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ მიზნებს მიაღწიოს.
ომის დასრულებიდან ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ქვეყნის აღდგენის, ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. ჩვენ დავიწყეთ ძალიან თამამი გეგმის მომზადება სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ქართულ დემოკრატიაში რეინტეგრაციისთვის, მიუხედავად რუსეთის გეგმებისა, რომელმაც შესაძლოა სამუდამოდ გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია.
და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის რეგიონებს და საერთაშორისო თანამეგობრობაც მას ოკუპირებულ ტერიტორიებად სცნობს – ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყველა ვინც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ყველა ვისაც სურს თავის მშობლიურ კერასთან დაბრუნება, საქართველოს მოქალაქის ყველა იმ უფლებითა და დაცვის გარანტიით სარგებლობს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა მცხოვრებ მათ თანამემამულეებს აქვთ.
ამისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა სტრატეგია, რომელიც სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეთა შორის სოციალური და ეკონომიკური პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში და იმის აღიარებით, რომ ამ საკითხის სამხედრო გზით გადაწყვეტის გზა არ არსებობს, ჩვენ მივისწრაფვით დღეს საკონტროლო გამშვები პუნქტებითა და ეკლიანი მავთულ–ხლართებით გაყოფილ საზოგადოებათა ნებაყოფლობითი გაერთიანებისკენ.
უახლოეს მომავალში შეიქმნება აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში და საქართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე ბიზნესის ხელშეწყობის სააგენტო. ჩვენ მათ საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებაში დავეხმარებით და ამისთვის შევქმნით პროდუქციის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებს, რომ ადგილობრივი პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ჩვენ ასევე შევქმნით ფონდს, რომელიც სადემარკაციო ხაზის მიღმა მოქმედ კერძო სექტორს დაეხმარება და ხელს შევუწყობთ ადამიანებს, რომლებიც ინვესტიციების მოზიდვის დროს შეიძლება პრობლემებს წააწყდნენ.
ფონდების საშუალებით გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განვითარება, აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში გზების რეაბილიტაცია, რეგიონებსა და თბილისს შორის სატრანსპორტო მომსახურება და ბათუმისა და სოხუმის პორტების ერთმანეთთან დაკავშირება. ჩვენ სოხუმს შევთავაზეთ მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტით მომსახურება, ისევე როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უფასო პორტატული კომპიუტერები (როგორც ეს დანარჩენ საქართველოში ხდება).
ჩვენი პროგრამით, ორივე რეგიონის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლა, ასევე სტიპენდიები უცხოეთში სწავლისთვის.
ეს იმ პროგრამის მხოლოდ რამდენიმე წინადადებაა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცემს კონფლიქტებით გაყოფილი საზოგადოების მუდმივი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გათიშულობა თავიდან ავიცილოთ. ცხადია, გაერთიანების ეს გზა რთული და ხანგრძლივია და ჩვენ არა გვაქვს ილუზია, რომ ის პრობლემები, რომლებსაც ჩვენ სტრატეგიის რეალიზაციის პროცესში შევხვდებით, მარტივად დასაძლევია.
მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაც სწორედ ის არის, რომ მთელი ძალისხმევა მიმართოს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის მოქალაქეებთან კავშირების მხარდაჭერისა და განმტკიცებისკენ და არამხოლოდ იმიტომ, რომ არ დავუშვათ მათი ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია, არამედ იმისთვისაც, რომ დაჩქარდეს იძულებით გადაადგილებული პირების და დევნილების სახლებში დაბრუნება.
მაგრამ პირველ რიგში საჭიროა, რომ საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ იდგნენ იმ პოზიციაზე, რომ საზღვრების შეცვლა აგრესიითა და ძალადობით დაუშვებელია. ამ მეთოდებმა, რომლებსაც გასული საუკუნეების დროს მიმართავდნენ, მხოლოდ ომები, არასტაბილურობა და ტრაგედიები წარმოშვა.
ის რაც ჩვენ გვსურს, არის ოკუპაციის დასრულება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანება. ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დღეს, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე – მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, შესძლებს მშვიდობასა და კეთილდღეობაში თანაცხოვრებას, საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრას და საკუთარი კანონიერი ადგილის მოპოვებას თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპაში.
თემურ იაკობაშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში წყარო: FOREIGNPRESS.GE

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100