1956 წლის 9 მარტი - „მაოხრებელი მკვდრის“ კიდევ ერთი სისხლის კალო

მას შემდეგ, რაც ქართველებისთვის „მაოხრებელ მკვდრად“ ქცეულმა სტალინმა გარდაცვალების შემდეგაც კი, თავისი სამშობლოს დედაქალაქს კიდევ ერთი სასაკლაო „მოუწყო“, დღეს 56 წელი გავიდა...

ყველაფერი 5 მარტს დაიწყო, როცა სტალინის გარდაცვალების მორიგი წლისთავის აღსანიშნად ხალხმა სანაპიროზე, მშრალ ხიდთან მდებარე პარკში დაიწყო შეკრება, სადაც „ხალხთა ბელადის“ ძეგლი იდგა. ამაში უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერი ყოფილა: სტალინის ძეგლთან, მისი გარდაცვალების დღის აღსანიშნავად, როგორც წესი, მანამდეც იკრიბებოდნენ ქართველები: მიჰქონდათ ყვავილები, ამბობდნენ ლექსებს, მღეროდნენ, ცეკვავდნენ. მათთვის სტალინი მაშინ დიდი ადამიანი, ხალხზე ზრუნვით დამაშვრალი ბელადი იყო და მის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ.

მაგრამ 1956 წელს ამ შეკრებას ერთი მძიმე ფონი ახლდა: ნიკიტა ხრუშჩოვის ანგარიში სკკპ-ს მე-20 ყრილობაზე, რომელიც დახურულ ვითარებაში ჩატარდა და სადაც სტალინის კულტი დაგმეს. გავრცელდა ხმები, რომ სტალინის მიერ რეპრესიების ჩატარების და მისი სისასტიკის ასახსნელად „ბელადის“ ქართველობა იქნა მოშველიებული. საერთოდ კი, ხრუშჩოვის ამ ანგარიშის შესახებ ძალიან ცოტა რამ იყო ცნობილი, რადგან სსრკ-ს მაშინდელი ხელმძღვანელობა, სახალხო მღელვარების შიშით, ყრილობის დეტალების გახმაურებას მაქსიმალურად ერიდებოდა.

თავდაპირველად, მომიტინგეთა მთავარი მოთხოვნა სწორედ ამ ყრილობაზე გაკეთებული მოხსენების დეტალების გაცნობა იყო. სხვათაშორის, მიტინგები მხოლოდ თბილისში არ ჩატარებულა - ანალოგიური გამოსვლები იყო გორში, ქუთაისში, ბათუმში, სოხუმსა და ცხინვალში.

თბილისში გამართულ მიტინგებზე, სულისკვეთება თანდათან შეიცვალა. სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა. მიტინგზე 818 შეკითხვა, წინადადება, რჩევა, მოთხოვნა იქნა აღრიცხული და ფიქსირებული. მათი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი ეხებოდა სოციალურ, პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ეროვნულ თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებს. ერთ-ერთ შეკითხვაში ღიად არის მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ასე ჟღერდა: „შეიძლება თუ არა კონსტიტუციის საფუძველზე, საქართველო გამოეყოს სსრ კავშირს?” იყო მოწოდებებიც თავისუფლების ბრძოლით მოპოვების შესახებ.

აი, როგორ იხსენებენ თვითმხილველები იმას, რაც თბილისში 5-დან 9 მარტამდე ხდებოდა: ბესარიონ გუგუშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ყოველდღიურად ათობით ათასი და ბოლოს ალბათ ასი ათასამდე ადამიანი იყო მუდმივად. საპროტესტო მიტინგეზე დიდად აქტიურობდნენ გოგონები, ქალები. ჩვენს იქ ყოფნისას განსაკუთრებით ერთი გოგონა აქტიურობდა, საოცარი ძლიერი და წკრიალა ხმით კითხულობდა ლექსებს. უამრავი ლექსი იცოდა…

დაიწყო იმითი, რომ კითხულობდნენ ლექსებს სტალინზე და მღეროდნენ სიმღერას სტალინის ლექსზე „ვარდს გაეფურჩქნა კოკორი“, სტალინის საყვარელ სიმღერას „შავო მერცხალო“… მღეროდა მთელი მიტინგი. ათასობით ხმა, ძლიერად, შემართებით, გრთნობით. ისე, რომ ჟრუანტელს ჰგვრიდა! გაისმოდა აკრძალული ლექსები, რომელიც მანამდე არც მომისმენია…

მერე, თანდათანობით და საკმაოდ სწრაფად საპროტესტო მიტინგების საერთო წამყვანი თემა გახდა საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა… სულ უფრო ხშირად გაისმოდა „ქართველო ხელი ხმალს იკარ“ და სხვა ამ სულის სიმღერები! მიტინგებზე სიტყვით გამომსვლელები მსჯელობდნენ იმაზე, ვინ დაუდგებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას მხარში. ზოგი ჩინეთს იძახდა (ჩინელი კომუნისტები ამ დროს უკვე მაგრად იყვნენ წაკიდებულები რუსებთან) და ზოგი კი ამერიკას (შედარებით ნაკლები).

8 მარტს აჯანყებული ქალაქის დასათვალიერებლად უკვე მამამ გაგვიყვანა მე და ჩემი ძმა ავტომანქანით. ვნახეთ საქარხნო რაიონში და საავიაციო ქარხნის დასახლებებშიც თურმე უზარმაზარი მიტინგები ყოფილა. მიტინგებზე სულ მუშები იყვნენ. ეს დღე აჯანყების კულმინაცია იყო.

მომიტინგეების ერთად– ერთი ლოზუნგი უკვე საქართველოს დამოუკიდებლობა გახდა… ჩვენი იქ ყოფნისას ერთი მოხუცი მუშა გამოვიდა და ათჯერ გაიმეორა „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნეს“–ო და მთელი მიტინგი მასთან ერთად იმეორებდა, როგორც ლოცვას…

მერე გორში წავედით, ცენტრალურ მოედნამდე მანქანით ვერ მივედით, ხალხს ჰქონდა გადაკეტილი. მანქანა მოშორებით გავაჩერეთ და მთელი საათი ვუსმედით მიტინგზე გამომსვლელებს. აქაც უმეტესად მღეროდნენ და ლექსებს კითხულობდნენ… აქაც პრაქტიკულად ყველა გამომსვლელი უკვე საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე ლაპარაკობდა!

8 მარტს გვიან ღამე მამაჩემმა გაიგო, რომ თურმე მოწყობილა საქართველოს ცკ ბიუროს დახურული, ვიწრო კრება, რომელზეც მჟავანაძემ მოსთხოვა კრემლს ჯარით დახმარება. სასტიკად შეშინებული იყო. იმავე ღამით ქალაქის გარეუბნებში გამოჩნდნენ ტანკები, ქალაქში შემოსასვლელი გზები გადაკეტეს…

9 მარტს დილიდან ჩვენ ბავშვები უკვე სახლში ჩაგვკეტეს და იქვე სახლის წინ ქუჩაშიც კი არ გაგვიშვეს…

1956 წლის 7–8 მარტს კომუნისტებს თბილისზე და მთელს საქართველოზე კონტროლი სრულიად დაკარგული ჰქონდათ, მილიციისა და კგბ–ს ჭაჭანება არ იყო ქუჩებში. დღედაღამე, შეუწყვეტლივ, ყველგან ძალიან ხალხმრავალი მიტინგები იყო, ლექსებს კითხულობდნენ და მღეროდნენ, არც ერთი დაწესებულება, საწარმო, ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, სკოლა არ მუშაობდა… მთელი ქართველი ახალგაზრდობა ქუჩაში იყო. წესრიგს ხალხის მიერ გამოყოფილი რაზმელები იცავდნენ (ლურჯი ზორტები ჰქონდათ მკლავზე). ჩამოდიოდენ და ჩამოდიოდენ წარმომადგენლები საქართველოს ყველა კუთხიდან… არავითარი არეულობა არ იყო!

საოცარი ის იყო , რომ არავითარი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. არავითარი ცენტრალური კომიტეტი ან მსგავსი რამ. ყველაფერი მიტინგებზე ხმის მიცემით და ხელის აწევით წყდებოდა.

ნამდვილი სასწაული იყო…

ამ ჩვენმა კომუნიზმით დაბეჩავებულმა და თითქოს მიძინებულმა ხალხმა რამდენიმე დღეში გაიღვიძა და როგორ გაიღვიძა, აღსდგა და როგორ აღსდგა როგორც ლაზარე!!!

9 მარტს დილით ხალხმა, ყველა მიტინგზე გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ და დეპეშა გაეგზავნათ გაერთიანებულ ერებში და ამერიკაში. სწორედ მაგის მერე იყო, რომ ჯარებმა სროლა დაიწყეს…

პირველს ტყვიამფრქვევებით ესროლეს იმ დემონსტრაციას, რომელიც სანაპიროდან კავშირგაბმულობის სახლს უახლოვდებოდა დეპეშების გასაგზავნად. თითქმის მაშინათვე სანაპიროებიდან ტანკები და ჯავშნიანი მანქანები შემოვიდნენ და მათ ჯავშანზე ამხედრებულმა სალდათებმა სროლა დაუწყეს მომიტინგეებს მშრალ ხიდთან და ყველგან, სადაც კი ხალხი იყო შეკრებილი…

დახვრეტების შემდეგ, თითქმის ყველა დაჭრილი ვინც ვერ მოძრაობდა მოკლეს ხიშტებით, გოგოებიც… ბევრი მტკვარში გადაყარეს (სანაპიროზე მოკლულები). ჩემს პატარა ქუჩაზე 2 ბიჭი იყო მოკლული კავშირგაბმულობის სახლის წინ, ერთი მათგანი, ლეო ხანგულოვი, გაქართველებული სომეხი! ჩემი კლასელის უფროსი ძმა.

ოფიციალურად 300 მოკლული გამოაცხადეს და არც ერთი მოკლულის დატირების საშუალება არ მისცეს. თვითონ დამარხეს დაბეჭდილი ცინკის კუბოებით მხოლოდ ოჯახის თანდასწრებით (მორგიდან)!

საერთოდ, ისე დაშინებული იყო ხელისუფლება, რომ მერე არც რამე დიდი რეპრესიები და არც დიდი პროპაგანდისტული აჟიოტაჟი არ ყოფილა. მიაჩუმათეს, ვითომც არ მომხდარა…“

1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა ჯერაც არ არის ცნობილი. შსს-ს საარქივო სამმართველოში დაცული მასალების საფუძველზე ამ სტრუქტურის გამოცემამ „საარქივო მოამბემ“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მაშინდელი ოფიციალური მონაცემებით, ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, სროლის შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა და 54 დაიჭრა, თუმცა, „საარქივო მოამბეც“ და თვითმხილველებიც აცხადებენ, რომ მსხვერპლი ბევრად მეტი იყო და იმ დღეს 70-დან 100 კაცამდე დაიღუპა.

საზოგადოება „ხსოვნის“ თავმჯდომარე თამაზ ბიბილური იხსენებს, მომიტინგეებმა ტელეგრაფის შენობაში შეღწევა ვერ შეძლეს:

„მერვე პოლკის ჯარისკაცებმა ალყა შემოგვარტყეს და დაიწყო სროლა ავტომატიდან. მოვასწარი გაქცევა. აქვე ვცხოვრობდი. ვინც ვერ მოასწრო გაქცევა, მტკვარში გადახტომით უშველა თავს... დილით ყველამ ვნახეთ ეს ტრაგედია.“

როგორც უკვე ითქვა, 1956 წლის მარტის მოვლენების მონაწილენი - და, მათ შორის, ჯემალ შანიძეც, ვისი ძმაც მაშინ რუს ჯარისკაცებს ემსხვერპლა - დახოცილთა სავარაუდო რაოდენობად ასზე მეტს ასახელებენ. ბატონ ჯემალის თქმით, უშიშროების კომიტეტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ძმისა და სხვა დახოცილთა დასაფლავებას შეუმჩნევლად ჩაევლო.

„თვითონ გამოასვენეს, თვითონ გათხარეს საფლავი... ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ვაკის სასაფლაოზე. საყელოაწეული, გრძელლაბადიანი „თანამშრომლები“ იდგნენ სასაფლაოზე ალაგ-ალაგ.“

70 წლის ჯემალ შანიძე ყოველი წლის 9 მარტს სანაპიროზე ჩადის და სანთელს ანთებს ქვის ლოდთან, რომელსაც ოქროსფერი ასოებით აწერია: „აქ დაიდგმება 9 მარტს დაღუპულთა უკვდავყოფის მემორიალი“.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის დიმიტრი შველიძის თქმით, სტალინის გარდაცვალების, ანუ 1953 წლის, შემდეგ თბილისელები მის ძეგლთან ყოველი წლის 5 მარტს მიდიოდნენ, თუმცა, ისტორიკოსის თქმით, გამორჩეული აღმოჩნდა 1956 წლის 5 მარტი, რომელსაც წინ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უძღოდა:

„25 თებერვლიდან მოსკოვში მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა, რომელზეც ნიკიტა ხრუშჩოვმა პიროვნების კულტი გააკრიტიკა და დაგმო სტალინი. ამასთან ერთად ხაზი გაესვა სტალინის ქართველობას.“

დიმიტრი შველიძის თქმით, ყრილობის მსვლელობისას, ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე ითქვა, რომ სწორედ სტალინის ქართულმა წარმომავლობამ და აზიურმა ხასიათმა განაპირობა რეპრესიების მასშტაბი და სისასტიკე. ამგვარი ბრალდების პასუხად, საქართველოში დაიწყო მოძრაობა, რომელიც, ძირითადად, სტალინის სახელის დაცვისკენ და ნიკიტა ხრუშჩოვის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის მონაწილენი ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ სტალინის კრიტიკას. გაისმა 9 მარტის უქმე დღედ გამოცხადების მოწოდებაც. მოგვიანებით, 9 მარტის ღამეს, როცა მომიტინგეთა რაოდენობამ პიკს მიაღწია, აქციის მონაწილენი ტელეგრაფისკენ დაიძრნენ, რათა მოსკოვისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის ემცნოთ თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ტრაგედიაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

„უშიშროების კომიტეტში არსებული მონაცემებით პირველი შეტევის დროს ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა 22 კაცი, შემდეგ მიემატა კიდევ 5. დაიჭრა რამდენიმე ათეული.

9 და 10 მარტს საბჭოთა არმიის ჯარების ქვედანაყოფების მიერ, რომლებიც ახდენდნენ პატრულირებას ქალაქში წერიგის დასამყარებლად, დაკავებულ იქნა 300 კაცამდე. ხოლო შემდეგი 12 დღის განმავლობაში სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მიერ დასაკავებლად წარმოებდა გამოძიება, რის შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიესცეს 39 კაცი:

ა) მიტინგებზე პროვოკაციული, ანტისაბჭოთა გამოსვლების, ასევე ე. წ., მიტინგის “საქმიანი პრეზიდიუმის” წევრობისათვის: ვ. გ. კაჭარავა, შ. დ. ბერუაშვილი, ზ. ნ. მაჭავარიანი, ი. ა. კუხიანიძე, ი. ფ. ქინქლაძე, ა. ი. ჟორდანია; ბ) საბჭოთა მთავრობის მიმართ შედგენილი პროვოკაციული მოთხოვნების ინიციატორები და მონაწილენი: ვ. ზ. მჭედლიძე, კ. ს. ჩხეიძე, კ. ი. ოსაძე, კ. დ. ციციაშვილი, ა. პ. მირიანაშვილი და სხვები.

1956 წლის სისხლიანი დღეების განმავლობაში სულ დააპატიმრეს 375 კაცი, მათ შორის:

სკკპ წევრი – 34, ალკკ წევრი -165, უპარტიო – 142. დახოცილთა და დაზარალებულთა რიცხვი დღემდე უცნობია.“ - ჟურნალი „საარქივო მოამბე“.

მიტინგის მონაწილეთა სისხლიანი ანგარიშსწორების შემდეგ ძალიან ბევრი სვამდა კითხვას, ვინ გასცა ბრძანება, რომ მომიტინგეებისთვის ცეცხლი გაეხსნათ. ამ კითხვას სვამდნენ 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, თუმცა, ყველაფერი ისედაც ნათელი იყო. რაც შეეხება 9 მარტს, რასაკვირველია, ბრძანებას სსრკ-ს გენმდივნის გვერდის ავლით ვერავინ გასცემდა, ბრძანების გამცემთა სამკუთხედი კი მაშინ ასე გამოიყურებოდა:

ხრუშჩოვი (სსრკ გენ-მდივანი) - ჟუკოვი (თავდაცვის მინისტრი) - ფედიუნინსკი ( ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი).

თანამედროვე ისტორიკოსთა შორის დღემდე სადავოდ რჩება 1956 წლის 9 მარტის გამოსვლების მონაწილე პირთა როლისა და მათი ქმედების შეფასების საკითხი.გაურკვევლობას ქმნის შემდეგი გარემოებანი: ერთის მხრივ საქმე გვაქვს ეროვნული თვითგამორკვევისა და იდენტობის შეგრძნების აშკარა გამოვლინებასთან,მაგრამ ამავე დროს ის მიზეზი,რომელიც დემონსტრანტებმა საბრძოლო ლოზუნგად ააფრიალეს,ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს სტალინის კულტია. სწორედ იმ სტალინისა,რომელიც რუსის ჯარით გარშემორტყმულ თბილისთან მდგომ ორჯონიკიძეს სწერდა: ”ახლავე შეუტიე,დასტურია. გიბრძანებ, აიღე ქალაქი“...

პრესა.ჯი, 2011 წ. 9 მარტი.

კომენტარი