სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნონა გაფრინდაშვილმა ივანიშვილის კოალიცია სიყალბეში დაადანაშაულა, მაგრამ ოლიგარქი დაინდო

როგორც ცნობილია, ორი დღის წინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ოლიგარქსა და „სახალხო კრების“, ასევე „ქართული აკადემიის წევრებს“ შორის შეხვედრა ჩატარდა. შესაბამისად, ივანიშვილის პრესსამსახურმა ეს შეხვედრა ფირზე აღბეჭდა, შემდეგ დაამონტაჟა და „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზეც განათავსა.

ვნებათაღელვაც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ბევრმა მიიჩნია და ვიდეოშიც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძის მიმართ საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება გამოამჟღავნა და არც მკაცრი ტონი შეურბილებია, რასაც ვერ ვიტყვით სხვა დამსწრეებზე. პირიქით - ოლიგარქმა მათ მადლობაც კი გადაუხადა იმ „თავდადებისთვის“, რაც მათ 2001 წლის 26 მაისს გამოიჩინეს, როცა ქუჩაში იდგნენ.

ვიდეოში ნათლადაა ასახული, რომ ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძეს შეუთვალა, ამბიციურობასა და პატარა ბავშვივით სიჯიუტეს შეეშვი და თუ არავის რგებ, ხელს მაინც ნურავის უშლიო, რაც სიტყვასიტყვით ასე გამოთქვა:

„კონკრეტულ სიტუაციაში ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს სწორი პრიორიტეტების გაკეთება და არა იძახოს "მე" და "ჩემი". ასე გადაეცით ქალბატონ ნინოს! გადაეცით ისიც, რომ თუ არ ეხმარები, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო მაინც".

არ ვიცით, რა გადასცეს სახალხოკრებელებმა თავიანთ ლიდერს, მაგრამ გადაცემა რად უნდოდა, თვითონაც ნახავდა - ვიდეო შეხვედრიდან მეორე დღესვე დაიდო ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“. როგორც ჩანს, გუშინ ამ ვიდეოს და იქ დაფიქსირებულ ოლიგაქრის სიტყვებს მთელი დღის განმავლობაში შიფრავდნენ - ნინო ბურჯანაძემ მილიარდერს საკმაოდ თავშეკავებულად და, შეიძლება ითქვას, მორიდებულადაც კი, მხოლოდ დღეს უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრობლემებია“. მისი თქმით, ივანიშვილთან მის დაახლოებას „ზოგიერთები უშლიან ხელს“.

ბურჯანაძის პოზიციისგან არ განსხვავდება ლეგენდარული მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის პოზოციაც, რომელსაც, როგორც ირკვევა, ივანიშვილი „კეთილ მეფედ“ მიაჩნია. ალბათ, გახსოვთ „კეთილი მეფეები“ ზღაპრებიდანაც და საბჭოთა წარსულიდანაც: მეფე, რომელიც კეთილი და კეთილშობილია, მაგრამ ისეთი ნაზირ-ვეზირები ჰყავს, რომ მის სიკეთეს მისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობით ფარავენ და მის ზურგსუკან ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც მეფემ არ იცის. სწორედ ამ ილუზორული თვითრწმენის ბრალი იყო ის, რომ მაშინდელ სსრ კავშირში ხშირად ისმოდა: „სტალინს რომ სცოდნოდა“; „ეს რომ ზემოთ იცოდნენ“ და მსგავსი ფრაზები.

დღევანდელი, ნონა გაფრინდაშვილისეული დამოკიდებულება სწორედ ასეთი პოზიციის გამომხატველია: „პრესა.ჯი“-სთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ „ფეისბუქში“, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე დადებული ვიდეო გაყალბებულია და ეს „ქართული კოალიციის“ წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე გააკეთეს. ციტატა ინტერვიუდან:

ნონა გაფრინდაშვილი: „ფეისბუქზე“, ბიძინა ივანიშვილის გვერდზე რა ვიდეოც დაიდო, მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან ცუდი ქმედება. იმ ვიდეოში არ ჩანს ჩვენი პასუხები მაგ თემაზე. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამოიღონ ის ვიდეო, რაც საიტზე დადეს, ან დადონ სრული ვიდეო შეხვედრის.

- დაამონტაჟეს და გააყალბეს ვიდეო?

- დამონტაჟებული კი არა, იქ იყო მხოლოდ ერთი კუთხით, ერთი ეპიზოდი დადებული. ჩვენი საუბარი იქ არ ჩანს და საერთოდ არ არის ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული. აქედან გაჩნდა აზრი, რომ „სახალხო კრება“ დაიშალა და გადავიდა ივანიშვილთან.

არაფერიც არ დაშლილა და არც არსად გადავსულვართ. მე ეს არ მითქვამს არასდროს და ახლა ვამბობ პირველად: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვიდეო, რომელიც ივანიშვილის „ფეისბუქზე“ დაიდო, გაყალბებულია. ეს ივანიშვილის გარემოცვის გაკეთებულია, მასთან შეთანხმების გარეშე.“ (წყარო).

ნონა გაფრინდაშვილის ამ საკმაოდ სკანდალურ განცხადებასა და მოთხოვნას, ან საერთოდ აიღონ ვიდეო ივანიშვილის გვერდიდან, ან დადონ სრული ვერსია, „ქართული ოცნებიდან“ ჯერჯერობით, არავინ გამოხმაურებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100