სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძეს სახალხოდ იწუნებს, ჩუმ-ჩუმად კი ფულს ურიცხავს? (ვიდეო)

ბოლო დროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ბევრი დააბნია, ბევრს კი დამატებითი კითხვები გაუჩინა: პოლიტიკაში ახალგამომცხვარი მილიარდერი პოლიტიკური კარიერის დასწაყისში სახალხოდ აცხადებდა, რომ რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო, გამოთქვამდა იმედს, რომ „პუწინი“ დემოკრატიულ რეფორმებს ჩაატარებდა, რომ არ აპირებდა ყოველდღე რუსული სამხედრო ძალისთვის „ოკუპანტის“ ძახილს...

მას შემდეგ, რაც მისმა მსგავსმა განცხადებებმა საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, ბიძინა ივანიშვილმა „ფირფიტა შეცვალა“ და უცებ, აღმოჩნდა, რომ საქართველო მხოლოდ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ უნდა ისწრაფვოდეს, რომ ქუჩის აქციები მიუღებელია და რომ ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს მასთან არაფერი ესაქმება...

დიდი ხანია, რაც ივანიშვილსა და ბურჯანაძეს „შორით წვა და შორით დაგვა“ დასჩემდათ: ნინო ბურჯანაძე სახალხოდ გამოთქვამდა სიმპათიებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ბიძინა ივანიშვილი კი საპასუხო პატივისცემაზე მიანიშნებდა, მაგრამ „ნინო ანზოროვნას“ „თავისთან“ მაინც არ ეძახდა. ასეთი ურთიერთობა ახლაც გრძელდება. რაც ყველაზე საინტერესოა, ნინო ბურჯანაძეს ასეთი დისტანციური ურთიერთობა სულაც არ აღიზიანებს.

როგორ? საკმაოდ ამბიციური პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც თავი ქართველ პოლიტიკოს ქალებში ყველაზე აღმატებულად მიაჩნია და გულში მარგარეტ ტეტჩერსაც კი ედრება; ქალი, რომელმაც კონკურენტი იყნოსა და ხელისუფლებიდან გარიყა სალომე ზურაბიშვილი; ქალი, რომელსაც თავი ქუჩის აქციების „დედად“ და „ბიცოლად“ მიაჩნია, სულაც არ ღიზიანდება, როცა ბიძინა ივანიშვილი არათუ თავის გუნდში არ ეპატიჟება, არამედ იმის ღირსადაც კი არ მიიჩნევს, რომ შეხვდეს და ესაუბროს და თანაც, აკრიტიკებს?

რა ხდება სინამდვილეში?

ბიძინა ივანიშვილი თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს „სახალხო კრების“ ცალკე აღებულ თითქმის ყველა წევრთან. მეტიც - მას არც ნინო ბურჯანაძესთან აქვს ცივი ურთიერთობა, თუმცა, სავარაუდოდ, ორმხრივი შეთანხმების გამო ხდება ურთიერთობის თითქოსდა ცივი მხარეების გათვალსაჩინოება. ხომ წარმოუდგენელია, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც აკრიტიკებს მიხეილ სააკაშვილს, უცებ, თბილი ურთიერთობა დაამყაროს ან დავით ბაქრაძესთან, ან ნიკა გილაურთან? არადა, ნინო ბურჯანაძის „სახალხო კრებასთან“ მიმართებაში საქმე სხვაგვარადაა და ამაში მაშინვე დავრწმუნდებით, თუ გავიხსენებთ ფაქტებს, მხოლოდ ფაქტებს და არაფერს, ფაქტების გარდა:

ბიძინა ივანიშვილი თავის სიმპათიებს არ მალავს ნონა გაფრინდაშვილის, დიმა ჯაიანის, გურამ ფირცხალავას, ლუკა კურტანიძის, სოსო ჯაჭვლიანის, ნუკრი ქანტარიასა და სხვების მიმართ. ბოლო შეხვედრაზე, რომელსაც „სახალხო კრების“ სახელით სწორედ ეს და სხვა პირები ესწრებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა მათ 2011 წლის 26 მაისს გამოჩენილი „სიმამაცე“ და „გმირობა“ შეუქო კიდეც, მაგრამ დაამატა, პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობო (საოცარია, თუკი აქციის მონაწილეები გმირები არიან, მისი ორგანიზატორი რატომ არ იმსახურებს ამ წოდებას?), შემდეგ კი ნინო ბურჯანაძეს საკმაოდ მკაცრად შეუთვალა:

„კონკრეტულ სიტუაციაში ნიჭიერმა ადამიანმა უნდა მოახერხოს სწორი პრიორიტეტების გაკეთება და არა იძახოს "მე" და "ჩემი". ასე გადაეცით ქალბატონ ნინოს! გადაეცით ისიც, რომ თუ არ ეხმარები, ისეთი პოზიცია უნდა აირჩიო, რომ საერთო საქმე არ დააზიანო მაინც".

ისმის სამართლიანი კითხვები: რა საჭიროა მსგავსი სპექტაკლები? რატომ დასჭირდა ბიძინა ივანიშვილს ნინო ბურჯანაძესთან ე.წ. გაფუჭებული ტელეფონის თამაში? რა საჭირო იყო ეს „გადაეცით ქალბატონ ნინოს“? რატომ არ შეხვდა ცალკე ნინო ბურჯანაძეს, მაშინ, როცა ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე თითქმის ყველასთან მოასწრო შეხვედრა, ვინც კი ხელისუფლებას აკრიტიკებს? ან კიდევ, რატომ ინარჩუნებს სიმშვიდეს მთელი ამ ხნის მანძილზე ნინო ბურჯანაძე, რომელიც საკმაოდ მწვავედ რეაგირებს კრიტიკაზე და აქამდე უპასუხოდ არ დაუტოვებია მის მიმართ გამოთქმული თითქმის არცერთი ბრალდება?

თუ უფრო ღრმად ჩავუკვირდებით, ამ ყველაფერს წინასწარ დაწერილი სცენარის სუნი ასდის: ეს ეჭვი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუ „პრესა.ჯი“-ს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ წერილს „ივანიშვილმა ბურჯანაძესთან 500 ათასად ღირებული გარიგება გააფორმა“ გავიხსენებთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ ოლიგარქსა და „ანზოროვნას“ შორის დადებული ფარული გარიგების თანახმად, ერთმანეთის კრიტიკა (ოღონდ ისე, რომ ბიძინა ივანიშვილის ტონი უფრო მკაცრი იყოს) გარიგების ნაწილია, რათა ივანიშვილმა ისეთი იმიჯი შეიქმნას, თითქოს მხარს არ უჭერს ურეიტინგო ნინო ბურჯანაძეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტად მიჩნეულ პერიოდში მათი გაერთიანება მოხდეს. ციტატა წერილიდან:

„ბიძინა ივანიშვილმა 500 ათასად იყიდა, თითქოსდა, „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ძალა, ხოლო გადამწყვეტ მომენტში ნინო ბურჯანაძე, თავისი „სახალხო კრებით“, შეფიცულ-დაგინებულებითა და ჭადრაკის კომბინაციებდავიწყებული ჩემპიონებით ბიძინას გვერდით დადგება, იტყვის რა, რომ მხარს არ უჭერდა ბრძოლის მისეულ მეთოდს, მაგრამ მეტის მოთმენა შეუძლებელია...

ამავდროულად, ბურჯანაძის ეს, წინასწარ ნაყიდი ნაბიჯი სხვა, მეოცნებეთა შორის ვერმოხვედრილი ოპოზიციური პარტიებისკენაც იქნება მიმართული - გზავნილი იმის ნიშნად, რომ ქუჩაში ერთად დგომის დრო მოვიდა...“

თუ ამ წერილის პათოსს გავიზიარებთ (გაზიარების მიზეზები საკმაოზე მეტია), გამოვა, რომ „სახალხო კრება“ და ნინო ბურჯანაძის პარტია, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ სათადარიგო შემადგენლობაა, თუმცა, თუ სპორტში აკრძალულია შერწყმა, ანუ, ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობებით მოედანზე გასვლა, პოლიტიკაში ეს არავის აუკრძალავს, ასე რომ, გამორიცხული არ არის, სულ მალე ეს ორი ძალა ერთად ვიხილოთ პოლიტიკურ მოედანზე.

თანაც, თუ კარგად დავაკვირდებით ვიდეორგოლს, რომელიც „ფეისბუქზე“ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე დაიდო და ერთადერთი ვიდეომასალაა, რომელიც ამ შეხვედრას ასახავს, შევნიშნავთ, რომ ვიდეორგოლი სულ რამდენიმეწუთიანია და საკმაოდ დაჩეხილ-შეკოწიწებული გახლავთ... ამასთან, ისიც ფაქტია, რომ სოციალურ ქსელებში არც სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ბიძინა ივანიშვილის საშინაო შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნებულა (გამონაკლისი დიპლომატებთან შეხვედრა იყო), ანუ, ჯერ კიდევ გუშინ ჩატარებული შეხვედრის შესახებ ვიდეოანგარიშის დღეს გამოქვეყნება ორ გათვლას ემყარებოდა:

ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც საკუთარი გარემოცვიდან ინფორმაციის გაჟონვის არაერთი მაგალითი აქვს, თავი დაიზღვია და ინფორმაციის გავრცელება სხვებს დაასწრო; მეორეც, ეს ვიდეოანგარიში იმის დასადასტურებლად გამაოდგება, როგორ აკრიტიკებს იგი ნინო ბურჯანაძეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100