“დაუსვი ბენდუქიძეს კუკავა სუფრასთან და ხაშლამის ნაჭერს მიატანს ბოლოკივით”

ბარათაშვილის ქუჩაზე, რესტორან “მერანში” პეტრე ცისკარიშვილს უყვარს ქეიფი, კახა ბენდუქიძე სიღნაღის “მასპინძელოს” სტუმრობს ხშირად. მერე კი გაიძახის, დიეტაზე ვარო. რას მიირთმევს ბატონი კახა, ამაზე ლაპარაკს ერიდებიან, უფრო - ეზარებათ, აბა რა ჩამოთვლის იმდენ საჭმელ-სასმელსო…
ნიკა გვარამია, კობა სუბელიანი, ნიკა რურუა, ზაალ სამადაშვილი ხშირად სტუმრობენ სიღნაღს და იქაურ რესტორნებს. საბაბი ოფიციალური ღონისძიებებია, მერე კი ჰერი. შეუბერე!..
ოპოზიციას ღონისძიებები არ სჭირდება საგრიალოდ. ბოლო ხანს, მათგან გიორგი თარგამაძე და მისი მეუღლე – თათია უნახავთ “ცენტრ-პოინტის” სასტუმრო “ფიროსმანში”. ირაკლი ბათიაშვილს ციხიდან გამოსვლა აქ, სიღნაღში, აღუნიშნავს 3 თანამეინახესთან ერთად.
სიღნაღელებს რესტორან “გალავანში” უნახავთ ბეჟან გუნავა. ადრე “გალავანი” ხელისუფლების საყვარელი რესტორანი იყო, ახლა, მათ ნასუფრალს მიეძალნენ ოპოზიციონერები. გუნავა და მისი თანამეინახეები გვარიანად გამომთვრალან და ჰოი საოცრებავ, გუნავამ ისე დატოვა სიღნაღი, არ უჩხუბია, არავინ სცემა.
არადა, ამ ქალაქში მოსახლეობის 80 პროცენტი აშკარად, ღიად ნაციონალების მხარდამჭერია. მმართველი პარტიის სხვა პროექტებზე რა გითხრათ, მაგრამ “სიღნაღმა” მართლა გაამართლა, ხალხი დასაქმდა, ხალხმა ამოისუნთქა, რაც მთავარია, შარშანდელი ომის შემდგომმა სტაგნაციამ გაიარა და მცირე ბიზნესი ისევ ვითარდება.
დავით გამყრელიძე საკმაოდ ხშირად სტუმრობს სიღნაღს, ერთი კონკრეტული რესტორანი არა აქვს ამოჩემებული, ჭიას ახარებს – ხან ერთგან შეივლის – ხან მეორეგან. “მასპინძელოში” მწვადი მოსწონებია ძალიან და მწვადის საჭმელად იქ დადის, ჩაქაფულის სეზონზეც “სიღნაღს” სტუმრობდა. მისი ვაჟი კი კაფე “ოქროს ლომის” სტუმარია, ერთხელ ავტოგრაფიც დაუტოვებია კედელზე “ნადირაშვილებო! ძალიან მაგრები ხართ. გამყრელიძე-ხმალაძის” ოჯახი.
ლევან გაჩეჩილაძე, გოგა ხაინდრავა, დავით გამყრელიძე მაშინ შეუნიშნავთ “მასპინძელოში”, როცა თბილისში გაგანია აქციები იყო, კობა დავითაშვილი ხალხს მოუწოდებდა, თითო ლარი გაიღეთ, რომ საკნოსნებს საჭმელი ვაჭამოთო და ბანკში სპეცანგარიშიც გახსნეს ოპოზიციის მხარდასაჭერად.
სიღნაღელები ყვებიან, რომ სწორედ იმ დღეებში ამ სამეულმა ორჯერ გემრიელად მოულხინა სიღნაღში და მათი მასპინძელი ორჯერვე გამყრელიძე იყო.
თავად კობა დავითაშვილსაც ჰყვარებია ქიზიყური პურ-მარილი, “სიღნაღში” ხაშლამასა და “ნავერტილეს” ეტანებოდა და ტანინიან ქვევრის ღვინოს... მისი ყოფილი თანაპარტიელები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავაც ამ რესტორნის კლიენტები არიან, ხაშლამა კუკავასაც ჰყვარებია, ძიძიგურს - ხაჭაპური. აქ 3 ჭიქაში მთვრალი კუკავაც ახსოვთ. ისე, 3 ჭიქაში ახირებული კაცისა რა ვთქვი, გინდა პოლიტიკოსი იყოს. “დაუსვი ბენდუქიძეს კუკავა სუფრასთან და ხაშლამის ნაჭერს მიატანს ბოლოკივით”, – ანგლობენ ქიზიყელები და კუკავა მართლა თვალში ეპატარავებათ.
კახეთია, რას იზამ – აქ ზომიერად, კაცურად თუ არ სვი, შენი იურიდიული განათლება და შევარდნაძის დროს რას აკეთებდი - “ჟუჩოკებს” აყენებდი ოპოზიციონერთა ოფისებში თუ დიდი “ნაუშნიკით” მათ ლიდერებს უსმენდი, ბოდიშს ვიხდი მათ მაგივრად, სულ ფეხებზე ჰკიდიათ.
აბა, სალომე ზურაბიშვილი რას მოისვენებდა, პარიზი არ გაეხსენებინა და სიღნაღის ფრანგულ კაფეს არ სტუმრებოდა?
რამდენჯერმე ჯანრი კაშიასთან ერთად ყოფილა, ერთხელ ღამეც გაუთევიათ სასტუმროში, ერთხელ კი საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებთან ერთად იყო.
სიღნაღის ფრანგული კაფე, მენიუ-ფასებით, ბევრად არ ჩამოუვარდება შარდენის კაფე-ბარებს, კომფორტი და მომსახურებაც შესაშურია. ეს სტუმრიანობაც ფრანგულ კაფეში, სწორედ აპრილ-მაისში ხდებოდა - გაგანია აქციების დროს.
სიღნაღი გამორჩეულად ბატონ ბიწაძეს ჰყვარებია. მეგობრებთან ერთად ხშირად ჩამოდის, ქეიფობს და პოლიტ-აგიტაციასაც ეწევა. აქაურებს ეს კაცი გულზე არ ეხატებათ - ამბობენ, ავლიპ ზურაბიშვილის 100 წლის იუბილეზე, ბიწაძემ 140 000 დოლარი მოტეხაო. “დრონი.ჯი” ამ თემით დაინტერესდება და ინფორმაციის სრულად მოძიების შემდეგ სტატიასაც გამოვაქვეყნებთ.

კომენტარი