სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დააბიჯა თუ არა ფეხი ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ფოტოკოლაჟს? (ფოტო+ვიდეო)

წესით, ამ თემას დიდი განხილვა არ უნდა სჭირდებოდეს: ვიდეოზე, რომელიც სტატიას თან ერთვის და რომელსაც ერთნი კომპრომატად იყენებენ, მეორენი კი არდაბიჯების მტკიცებულებად, კარგად ჩანს, როგორ აბიჯებს ბიძინა ივანიშვილი ფეხს საქართველოს პრეზიდენტის გამოსახულებიან ფოტოკოლაჟს.

ერთადერთი, რაც საპირისპიროს მტკიცების მოყვარულთა „დასამშვიდებლად“ გამოდგება, ისაა, რომ, სხვებისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილს ფეხებით არ გადაუთელავს პლაკატის ის ადგილი, სადაც სააკაშვილის სახე იყო გამოსახული – ესეც, ალბათ, იმიტომ, რომ იქვე იყო გამოსახული ზურა ვაზაგაშვილისა (სწორედ მის ხსოვნას ეძღვნებოდა მიტინგი) და სხვა გარდაცვლილი ახალგაზრდების ფოტოებიც.

„დააბიჯეთ, დააბიჯეთ, ეს მიხეილ სააკაშვილია“, – ასე „აცნობს“ პლაკატზე გამოსახულ პირს ივანიშვილს გოგა ხაინდრავა და იქვე ისმის გაღიმებული იური ვაზაგაშვილის რეპლიკაც: „დააბიჯეთ, დააბიჯეთ!“, რომელსაც სხვებიც აჰყვნენ. პასუხად ბიძინა ივანიშვილი იღიმება და, იმის მიუხედავად, რომ შეეძლო პლაკატისთვის საერთოდ აეარა გვერდი (რაც მისი მხრიდან სრულიად ნორმალური ჟესტი იქნებოდა), პლაკატის ქვედა ნაწილზე ფეხებით გადადის და ტრიბუნაზე ადის.

ამასთან, ნისანდობლივია კიდევ ერთი გარემოება და კერძოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის მოკლე სიტყვაში მაშინვე გამოხატა, რაში არ ეთანხმებოდა გამომსვლელებსა და შეკრებილებს. მან მიტინგზე მისულებს მოუწოდა, აგრესიას მთლიანად პოლიციაზე ნუ გადაიტანთ, „იქ არის სულ რამდენიმე ათეული, ვფიქრობ, არაუმეტეს 50 კაცისა, ვინც ამათ პირდაპირ დავალებებს ასრულებს, დანარჩენები გვიცავენ ჩვენ და იცავენ კანონს“, რაც მის ზურგსუკან მდგომ გოგა ხაინდრავასა და მის იდეურ თანამოაზრეებს არ მოეწონებოდათ, მაგრამ არაფერი უთქვამთ.

ანუ, თუკი ბიძინა ივანიშვილს შეეძლო მისთვის მიუღებელ ერთ საკითხზე (სრულიად პოლიციისადმი შეკრებილთა აგრესიაზე) გაემახვილებინა ყურადღება, რა უშლიდა ხელს, ასევე მოქცეულიყო, თუკი არ ეთანხმებოდა პრეზიდენტის გამოსახულებიანი პლაკატის ფეხით გადათელვას? რახან ასე არ მოიქცა, ეს უკვე იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ის შინაგანად დაეთანხმა ამ ფორმას და შეუერთდა კიდეც, ოღონდ, სხვებისგან განსხვავებით, უფრო თავშეკავებულად...

ფოტოზე, რომელიც მასალას თანდართული ვიდეოდანაა აღებული, კარგად ჩანს პლაკატისა და ბიძინა ივანიშვილის ფეხების „განლაგება“. ვისაც ამის შემდეგაც საეჭვოდ დარჩება, დააბიჯა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ფეხი პლაკატს, ალბათ, მხედველობის პრობლემის მოგვარებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, თუმცა, სამწუხაროდ, პირადად მე „ძალად დაბრმავების“ ეფექტური მკურნალი არსად მეგულება...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100