სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკოლოზ ჟუკოვი: რუსეთში ჟურნალისტებს არავინ დევნის. მათ კლავენ...

media.ge-ს ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა (ფოთი) მედია ექსპერტ ნიკოლაი ჟუკოვს, გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ კავკასიის გაყოფილების რედაქტორს შეხვდა. ჟუკოვმა რუსეთში მედიის მდგომარეობაზე, რუსულ მედიაში საქართველოს თემატიკის გაშუქებაზე, პროპაგანდისტული ჟურნალისტიკის პრობლემებსა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა:

-ბატონო ნიკოლაი, რამდენად მოახერხა პროპაგანდისტულმა მედიამ რუსეთსა და საქართველოში საზოგადოების განწყობების ფორმირება და რა როლი აქვს არსებულ დაპირისპირებაში? სად უფრო თვალშისაცემია პროპაგანდის გავლენა?

-რუსეთშიც და საქართველოშიც მედია ძირითადად პროპაგანდისტულია. თუმცა, საინტერესო და განსხვავებულია ამ ტენდენციის შედეგები. ფაქტია, რომ საქართველოში ეს პროპაგანდა ეფექტურად არ მუშაობს. აქ ადამიანებს არ აქვთ ის განწყობა, რომ ვიღაც თუ რუსია, ე.ი. მისი მტერია. რუსეთში პირიქით პროპაგანდა მოქმედებს, განსაკუთრებით ქართველებთან და ზოგადად, კავკასიელებთან მიმართებაში.

რუსეთის პროპაგანდის დანიშნულებაა მოსახლეობის შედარებით გაუნათლებელ ნაწილში, საერთო მტრის ძებნა. როდესაც ხალხს ვესაუბრებით, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ „ქართველები ჩვენი მტრები არიან“ და ამის გამო ვცხოვრობთ ცუდად. რაც სამხრეთ ოსეთში ხდებოდა, მსგავს დეტალებში უბრალო ადამიანები ხომ ვერ ერკვევიან. მათ ტელევიზიით უთხრეს, რომ ქართველები თავს დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, ისინი კაციჭამიები და ფაშისტები არიან. როცა ადამიანს ასეთი რაღაც მუდმივად ესმის, მას აზრიც შესაბამისად უყალიბდება. ზოგიერთებს იმპერიული განწყობები და ამბიციები აქვთ. ფიქრობენ, რომ რუსები ყველაზე კარგები და სულგრძელები ვართ. სხვები კი ქვედა დონეზე არიან. ეს ყველაფერი პროპაგანდის ნაწილია და კარგ ნიადაგს პოულობს მოსახლეობაში. ძალიან დიდი დრო სჭირდება, რომ ეს განწყობები გაქრეს. მეორეს მხრივ, თუ მოინდომებ ამის შეცვლას, არც ისე რთულია.

-2008 წლის ომის შემდეგ, გარკვეული პერიოდი გავიდა. ამჟამად რამდენად აქტუალურია რუსულ მედიაში საქართველოს და ზოგადად კავკასიის თემა?

-დღეს საქართველოზე ინფორმაცია პრაქტიკულად ნულის ტოლია. ომის პერიოდში საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა საქართველო იყო, ამჟამად კი ზოგჯერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ გადაიცემა სიუჟეტები. საქართველოს თემის წამოწევის საბაბიც არ არსებობს. რუსულ-ქართული კონფლიქტი რუსეთში არ განიხილება, როგორც მხოლოდ საქართველოსთან კონფლიქტი. რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილის აზრით, მას უფრო ღრმა ფესვები აქვს და ამერიკას უკავშირდება. ხშირად მოისმენთ, რომ საქართველოში მოვიდა ამერიკა, მისცა ფული და დააწყებინა ომი. ამ პროპაგანდას, მედია ეწევა.

-მედიის პოპულარობის მხრივ როგორი სურათი იხატება რუსეთში, რომელი მედია საშუალებები ლიდერობს?

-ინტერნეტი, უფროდაუფრო პოპულარული ხდება. თუმცა ხელმისაწვდომობა ძირითადად ქალაქის მოსახლეობას აქვს. ისევე, როგორც - მისი მოხმარების ტექნოლოგიების ცოდნა და გამოცდილება. ტელევიზიებში და გაზეთებში სიმართლეს ვერ გაიგებ. ფაქტობრივად, ერთი რადიო სადგური და ერთი გაზეთი გვაქვს მთელ ქვეყანაში, საიდანაც განსხვავებული აზრის გაგება შეიძლება.

-რომელ რადიოზე და გაზეთზე საუბრობთ?

-„ეხო მასკვი“ და „ნოვაია გაზეტა“. გაზეთი, სადაც მე ვმუშაობ, ვგულისხმობ „არგუმენტი ი ფაქტი“-ს, საშუალო დონის ყვითელი პრესაა. სუფთა კომერციული პროექტია. არის კიდევ „კომერსანტი“ და „ვედომოსტი“, რომლებიც ასევე ცდილობენ იყონ ობიექტურები.

ტრადიციული მედიის პოპულარობა რუსეთში თანდათანობით ეცემა. ძირითადად ბეჭდურ გაზეთებს უფროსი თაობის ადამიანები კითხულობენ. მაგრამ ეს თაობა მიდის და ახალგაზრდების უმრავლესობას დარწმუნებული ვარ, არასდროს უყიდია ჯიხურებში გაზეთი. ისინი ინტერნეტით სარგებლობენ.

-თქვენ მუშაობთ კავკასიის საკითხებზე და მეტნაკლებად იცნობთ მედიის მდგომარეობას საქართველოში, შეადარებდით თუ არა მას რუსეთთან?

ჩემი დაკვირვებით, პროპაგანდა საქართველოშიც ისე მუშაობს, როგორც რუსეთში. განსაკუთრებით თვალშისაცემია ტელევიზიები. არაერთი ქართველი ექსპერტის მოსაზრება მომისმენია ამასთან დაკავშირებით. არსებობს გაზეთები, რომლებიც მარგინალიზირებულია. თუმცა, ამ შემთხვევაში არა მედიის, არამედ, მთლიანად იმ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონის შედარება იქნება უპრიანი, რომელიც მისი მომხმარებელია. საქართველოში არის ღირებულ და ობიექტურ ინფორმაციაზე მოთხოვნილებაც და დაკვეთაც. ჩვენთან, ახლა იწყებს საზოგადოება გამოღვიძებას და ფიქრს, რომ ქვეყანაში რაღაც ნეგატიური ხდება. 10-12 წელი აბსოლუტური მიძინების პერიოდი იყო.

-ხშირია თუ არა ჟურნალისტების დევნის და ზეწოლის ფაქტები?

-არა, რუსეთში ჟურნალისტებს არ დევნიან, კლავენ!

-როდესაც პასიურ სამოქალაქო საზოგადოებაზე საუბრობთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამაში დიდი წილი, სწორედ მედიას მიუძღვის, ან პირიქით, მედია იმიტომ ხომ არ პასიურობს, რომ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი არ აქვს?

-რუსული საზოგადოება ინერტულად ვითარდება. საზოგადოების რაღაც ნაწილი ყოველთვის აპროტესტებდა, რაც არ მოსწონდა. მაგრამ ვინც ქუჩაში გამოდიოდა პროტესტის გამოსახატად, უცებ ინათლებოდა მარგინალად. როცა ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს, ხალხი გამოვიდა ქუჩაში, თუმცა - ძალიან ცოტა. „მოკლეს? სამწუხაროა“. და იქვე მთავრდება მათი ამ ფაქტისადმი უარყოფითი დამოკიდებულება. რუსმა ჟურნალისტებმა „მოახერხეს“ საკუთარი თავის დისკრედიტაცია. თუ რომელიმე მათგანს სცემენ, ან ძალას იხმარენ, ხალხისგან ხშირად მომისმენია - „ღირსია!“, „ეკუთვნის!“. რეალურად, პრინციპული და ობიექტური ჟურნალისტები ქვეყანაში ძალიან ცოტაა. ურჩევნიათ იყვნენ ხელისუფლების ქოლგის ქვეშ და მიიღონ ის სიკეთეები, რომელსაც სთავაზობენ.

-მათ არ ყოფნით კვალიფიკაცია, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?

-ყველაფერი ძალიან უბრალოდაა, როცა, რომელიმე მათგანი მუშაობას იწყებს და ხედავს, რომ მისი კოლეგა, რომელიც ვიღაცის ინტერესებს ემსახურება დიდ ფულს შოულობს, ხოლო, ის, ვინც პრინციპულია - თითქმის არაფერს, ბუნებრივად ექცევა გავლენის ქვეშ.

თუ საზოგადოება იქნება აქტიური, ჟურნალისტებიც უფრო პრინციპულები, ობიექტურები და ავტორიტეტულები გახდებიან. ვინც ამ პარამეტრებს ვერ დააკმაყოფილებს, უბრალოდ, წავლენ. რაღაც მაინც შეიცვლება!

-თვითონ რუსეთის კანონმდებლობა, რამდენად იცავს ჟურნალისტებს?

-ზოგადად კარგი კანონებია რუსეთში, მაგრამ სპეციალური კანონმდებლობა არ არსებობს. რამოდენიმე ჟურნალისტის მკვლელობისა და ცემის შემდეგ იყო ინიციატივა, რომ ჟურნალისტების დასაცავად ცალკე კანონი შექმნილიყო. თუმცა, ვინმე რომ იცავდეს და მხოლოდ ქაღალდზე არ არსებობდეს, არსებული კანონმდებლობითაც ძალიან კარგად შეიძლება ჟურნალისტთა უფლებების დაცვა.

-თუ არსებობს ჟურნალისტური გაერთიანებები, რომელსაც შეუძლია რაღაც დოზით მაინც დაიცვას მათი უფლებები?

-არსებობს ჟურნალისტთა კავშირი, მაგრამ, ფორმალურად. მიღება ხდება არა იმიტომ, რომ კარგი ჟურნალისტი ხარ, არამედ რაღაც კონკრეტული გამორჩენის მიზნით. დიდი სკანდალი მოყვა, როცა კადიროვი (ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი) ამ კავშირში მიიღეს. საბჭოთა დატვირთვის ორგანიზაციაა.

ახლა ფეისბუკის მეშვეობით ხდება თვითგაერთიანება, რაც უფრო ეფექტურია. უფრო მეტი ინფორმაციის მიღება-გაცემის საშუალებას იძლევა სოციალური ქსელები.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100