სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გინება-შეგინება-დაგინებიდან - წყევლამდე: რამ გააწიწმატა ივანიშვილის მომხრეები და ნათესავები?

„-როგორ, ეგ კაცი და... იგინება?

-ვაი, ჩემი ბრალი... - მუხლზე ხელი დაირტყა ოთო-ექიმმა, - თუკი დასჭირდა? აჰ, მტრისას, მტრისას...

-ესე იგი, ბიძია ოთო, ჩვეულებრივი საუბრისას ვინც ზრდილობიანად ლაპარაკობს, უფრო ცუდი კაცია და ვინც იგინება, ის კიდევ - კარგი?

-ასეა, ასე... - და ხუმრობით შეიგინა ოთო-ექიმმა, მოუწყლიანდა ნაცრისფერი, სველი თვალები, - აი, ეს რომ ვთქვი, დომენიკო, მეც ახლა კარგი გამოვედი, ამათი წესით.“

გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“.

როგორც ჩანს, აშშ-ში საქართველოს დელეგაციის წარმატებულმა ვიზიტმა იმდენად გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ბიძინა ივანიშვილის მომხრეებისა და ფეისბუქ-აქტიური ნათესავების ნაწილს, რომ სოციალურ ქსელებში ეს აგრესიული მომხრეები უკვე აშკარა შეტევაზე გადავიდნენ - მამაკაცები იგინებიან, ქალები კი ისე იწყევლებიან, როგორც სამეგრელოში იტყვიან: ისეთი წყევლა იცის, მის დაწყევლილ ადგილზე ბალახი აღარ ამოვაო...

თუკი დომენიკოს მსგავსად ჯერაც ვერ გაგირკვევიათ, ვის მიენდოთ და ვის არა, ვისი ანალიზი ირწმუნოთ და ვისი არა, ვისით აღფრთოვანდეთ და ვისით არა, ერთი მარტივი ექსპერიმენტი ჩაატარეთ: სცადეთ, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე რაიმე, სრულიად მისაღები ტონით და კრიტიკული დაწეროთ.

პირობას გაძლევთ, რომ თქვენი ნაწერი ხომ გაქრება და გაქრება, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში თქვენს ინბოქსში რამდენიმე შეტყობინება მოვა, რომლებიც შეგიძლიათ იმის მიხედვით დაახარისხოთ, რომელი სქესის მომხმარებელი გწერთ (ამ წერილის ავტორმა ეს სხვების მონათხრობიდან იცის და ასეთი „მთხრობელი“ უამრავია. ვისაც არ დაეზარება, შეუძლია „ფეისბუქის“ ძველ პოსტებს ჩამოურბინოს და იქაც ბლომად იპოვის ჩივილს ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდიდან წაშლილ შეკითხვებსა და გინების კორიანტელზე, რომელიც ინბოქსში მიუღიათ).

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თუ მამაკაცია, აუცილებლად ბილწსიტყვიანი გინებით სავსე შეტყობინება იქნება, ხოლო თუ ქალია - შესაძლოა, საექსპონატო წყევლის ნიმუშსაც წააწყდეთ... გამორიცხული არ არის, ქალებიც „საპოჟნიკებივით“ იგინებოდნენ და ასეთ შემთხვევაში ივარაუდეთ, რომ „მანდილს ამოფარებული“ მამაკაცი გწერთ, თუმცა, ვინ იცის...

სხვაგვარად მოაზროვნეებზე ნადირობა ივანიშვილის მომხრეებისა და აგრესიული ნათესავების ნაწილის მხრიდან მართლაც ყველა საზღვრებს სცილდება. რაც ყველაზე საოცარია, უმრავლეს შემთხვევაში ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მერე სქრინშოტი გადაუღონ, თავიანთ გვერდზე გამოაქვეყნონ (თუ საჭიროა, ვითომ ცენზურასაც დაიცავენ - ბილწ სიტყვებს შავი ლაქებით წაშლიან) და იამაყონ, რა ღირსეული პასუხი გასცეს „ქართველი ხალხის ოცნების“ მოწინააღმდეგეებს - გასაგებია, რისთვისაც... მარაზმი №2 კი ის გახლავთ, რომ მსგავს ფოტოებსა და ტექსტებს არასდროს აკლიათ ე.წ. ლაიქები...

დღეს „ფეისბუქზე“ განსაკუთრებით პოპულარული გახდა ერთი ასეთი წყევლა-ნიმუში, რომელიც გვერდზე „გავიცნოთ ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი“ გამოქვეყნდა - იქაც სქრინშოტის სახით. „ბარბარე ივანიშვილი“ - ასეა რეგისტრირებული „ფეისბუქში“ მომხმარებელი, რომელმაც სრულიად უწყინარი კარიკატურისა და იუმორისტული რეპლიკის საპასუხოდ ამ გვერდის შემქმნელებს უაღრესად ამაზრზენი წყევლა გაუგზავნა.

„დრონი.ჯი“-მ გაარკვია, რომ ბარბარე ივანიშვილი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის მამის ძმისშვილი, ოღონდ, რასაკვირველია, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მისი სახელითა და გვარით სხვა მომხმარებელი იყოს რეგისტრირებული და მის სახელს ბოროტად იყენებდეს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი პროფილის კედელზე მხოლოდ ივანიშვილის საქებარ-სადიდებელი ბმულები ხვდება ხოლმე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ პროფილის ავტორი, ის მაინც ბიძინა ივანიშვილის იდეური თანამოაზრე და მხარდამჭერია.

რაც შეეხება თვითონ გვერდსა და კარიკატურას, არც მისი შექმნა უნდა იყოს გასაკვირი - თუკი შეიძლება ნებისმიერ ქართველ და არაქართველ პოლიტიკოსზე კარიკატურული გვერდის შექმნა, იგივეს ვერ ავკრძალავთ მხოლოდ ეკატერინა ივანიშვილი-ხვედელიძესთან მიმართებაში, მით უფრო, რომ ეს გვერდი მას შემდეგაა შექმნილი, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამჟღავნდა.

ბარბარე ივანიშვილის სახელით რეგისტრირებული მომხმარებლის წყევლის ტექსტი კი ასე გამოიყურება:

„შენს გვარს და ჯილაგს და შენს ოჯახს მეტი ლოცვა არ გქონოდეთ. ეშმაკეული ხარ და ეშმაკმა წაიღოს შენი სული და მძორი. არცერთ ხატს და სალოცავს არ ესმინოს არასდროს შენთვის. წყეულიმც იყავი უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“ (სტილი დაცულია).

ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100