სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დათანხმდება თუ არა ინგა გრიგოლია სამადაშვილის მოადგილეობას...

ქუჩის ოპოზიციისთვის არჩევნებზე არც ისე სასიამოვნო შედეგების მიუხედავად, ოპოზიცია საკრებულოში მაინც შევიდა. ყველაზე ჟურნალისტური პარტიის წარმომადენელი, აწ უკვე პოლიტიკოსი ინგა გრიგოლია ფიქრობს, რომ ოპოზიციამ დრო დაკარგა. ყოფილი ჟურნალისტი ოპოზიციას წარსულის შეცდომებს ახსენებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ურჩევს, ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად კორექტულები იყვნენ.

"დრონი.ჯი" ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელს, ინგა გრიგოლიას ესაუბრა. პოლიტიკოსი თანამოაზრეებთან ერთად უკვე საკრებულოდან აპირებს ბრძოლას.

– რა ძირითად საკითხებს დააყენებთ საკრებულოში და რამდენად მოსალოდნელია ხელისუფლებისა და ოპოზიციის ცხარე დისკუსიები?
– საკრებულოში, პირველ რიგში, სოციიალურ საკითხებს დავაყენებთ. წინ წამოვწევთ ყველა იმ თემას, რომელიც ქალაქის მოსახლეობას ეხება. არ მინდა ბრტყელ-ბრტყელი საუბარი გამომივიდეს, მაგრამ, როცა ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრები გვქონდა, მთავარი აქცენტები სოციალურ საკითხებზე გადაგვქონდა. ეს იყო უმწეოებისა და უმუშევრობის თემა. მოთხოვნა იყო საპენსიო ასაკის გაახალგაზრდავებაზე. მთავარი თემა გახლდათ ტარიფების დარეგულირება. ვფიქრობ, ამ თემებზე ხელისუფლებასთან შევჯერდებით.
– საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობასთან შედარებით ცოტაა... რისი იმედი გაქვთ ოპოზიციას?
– მიუხედავად ოპოზიციის სიმცირისა, მაინც შევძლებთ ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებზე შევჯერდეთ. საკრებულოში შესაძლებელია ცხარე დებატებიც იყოს, მაგრამ პოლიტიკური დეპატი არ ნიშნავს რაიმე ცუდს. პოლიტიკური დებატები სერიოზული და მწვავე იმ შემთხვევაში გამოდის, როცა საქმეზეა აგებული. ჩვენი პოლიტიკური დებატები აიგება უმუშევრობაზე, ტარიფებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე, უმწეოებზე და მთელ რიგ სოციალურ საკითხებზე. ხელისუფლება ნელ-ნელა შეეგუება, რომ განსხვავებული აზრი და განსხვავებული მიდგომა საკითხისადმი უნდა აიტანოს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებასთან გარკვეულ თემებზე კონსენსუსი შედგება. ხელისუფლების მეხოტბეობას ვერავინ დამაბრალებს. როცა საკრებულოს სხდომა დაინიშნა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ "ალიანსიდან" წამოსული წინადადებები ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით და "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ დაყენებული ტარიფების თემა მისაღები და საინტერესო იყო. ხელისუფლება აპირებს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე სატარიფო შეღავათები გავრცელდეს. ეს იქნება ძალიან სერიოზული გამარჯვება. როცა პოლიტიკურად აქტიური ხარ, ბრძოლა ზის თავის ჩარჩოებში და გყავს ძლიერი პოლიტიკური გუნდი, გამარჯვებებს მიაღწევ. ყველასგან განსხვავებით, "ქრისტიან-დემოკრატებს" მარტო საკრებულოს დონეზე კი არ მოუხდება ბრძოლა, არამედ ტრიბუნა პარლამენტშიც გვაქვს. ძალიან ცუდია, როცა თავის დროზე ოპოზიციამ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.
– როგორ წარმოგიდგენიათ მერობის ყოფილი კანდიდატების და გიგი უგულავას თანამშრომლობა?
– მერობის კანდიდატებთან თანამშრომლობის სურვილი გიგი უგულავამ გამოთქვა და გარკვეულ საკითხებზე, დარწმუნებული ვარ, შეჯერდებიან. თუ დავინახავთ, რომ ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ხელისუფლება შეღავათებს გაუწევს, ეს იქნება უზარმაზარი გამარჯვება. ცოტა სერიოზულად უნდა მიუდგნენ გარკვეული პოლიტიკური პარტიები პოლიტიკურ ბრძოლას. ჩვენს ქვეყანაში კი პოლიტიკისადმი უცნაური მიდგომებია. თუ ხარ პოლიტიკოსი, გაქვს პოლიტიკური პარტია და გაქვს ამბიცია, ხელისუფლება გაუშვა მინიმუმ ოპოზიციაში, თუ შინ არა, მაშინ უნდა იბრძოლო და ყველანაირი პოლიტიკური მეთოდი უნდა გამოიყენო.
– რას გულისხმობთ?
– ხშირად ამბობენ, რომ "ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლების სატელიტები არიან, იმიტომ რომ პარლამენტში და საკრებულოში შევიდნენ. ეს არარსებულია. როცა გაქვს ამბიცია, რომ ხელისუფლებაში იყო, ხელისუფლებას მეტი ბერკეტი უნდა გამოსტაცო. ქუჩაში ოპოზიციის დგომამ ამ ქვეყანას შედეგი ვერ მოუტანა. ქუჩის აქციები იმისთვის იყო კარგი, რომ ხელისუფლებისთვის რაღაც გამოეგლიჯათ, მაგრამ ფაქტია, რომ უშედეგო აღმოჩნდა.

– ზუსტად ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე არც ისე სახარბიელო შედეგი მიიღო?
– ვფიქრობ, ოპოზიციამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ისინი რომ თავის დროზე პარლამენტში შემოსულიყვნენ და პარალელურად ქუჩის აქციები გაშლილიყო, დღეს სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა. აქამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დიდი ხნის დანიშნული იქნებოდა. ალბათ, ეს გზაც გასავლელი იყო და ოპოზიციამ გაიარა. ოპოზიციას ვურჩევ, სხვის გადაწყვეტილებებს ნუ გააქილიკებენ და ხელისუფლებასთან გარიგებულებს ნურავის დაუძახებენ. ძველმა რეალობამ აჩვენა, რომ არჩევნების გარეშე ეს ქვეყანა არ შეიცვლება. ოპოზიციას უზარმაზარი შანსი ჰქონდა და ვერ გამოიყენა. სტადიონზე ჩემი ოჯახიც იყო. იმ ადამიანებს, ვინც სტადიონზე იყვნენ, იმ დღეს ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ დღეს ისევ სააკაშვილია ხელისუფალი. იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს იყო ოპოზიციის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე. დღეს უკვე ოპოზიციამ აღარ თქვა უარი საკრებულოში შემოსვლაზე. ოპოზიცია აცნობიერებს, რომ პოლიტიკური ბრძოლა პოლიტიკური მეთოდებით უნდა იყოს წარმოებული. ეს რომ თავის დროზე მომხდარიყო, ჟურნალისტებს სირცხვილის კორიდორებს ის ადამიანები არ მოუწყობდნენ, ვისაც თავის დროზე უნდა გაევლო სირცხვილის დერეფნებში.
– კულუარებში საუბრობენ, რომ ინგა გრიგოლიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მიიღო შეთავაზება...
– მე არანაირი შეთავაზება არ მიმიღია. პოლიტიკური შემოთავაზების შემთხვევაში "ქრისტიან-დემოკრატები" დაასახელებენ ჯაბა სამუშიას. ჯერჯერობით ზაალ სამადაშვილის მოადგილეობაზე შემოთავაზება არ ყოფილა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100