გოგა ხაინდრავა: ზვიად ძიძიგური არის აფერისტი

„დრონი.ჯი“ აგრძელებს რუბრიკას - „მარგალიტები“. ამჯერად, სპეციალურად თქვენთვის ავკინძეთ ზვიად ძიძიგურის შესახებ პრესაში გაბნეული მარგალიტები.
თემურ შაშიაშვილი: ზვიად ძიძიგური ზვიად გამსახურდიას სახელით სპეკულიანტობს, გაიკეთებს ახლა კარიერას, აიწყობს ცხოვრებას და მერე საერთოდ მიივიწყებს გამსახურდიას. არაერთს გაუკეთებია ეს და ძიძიგურიც მორიგია.

თინა ხიდაშელი: ზვიად ძიძიგურს ნამუსი რომ ჰქონდეს, კობა დავითაშვილი საერთოდ აღარ უნდა გაიკაროს, მაგრამ ისევ ერთად არიან.
თამაზ ვაშაძე: ზვიად ძიძიგური არის გამსახურდიას ძვლებზე აღზევებული პოლიტიკოსი.

ირაკლი წერეთელი: მე ძალიან მიჭირს იმის ახსნა, თუ რატომ იჯდა ძიძიგური 7-8 წელი ციხეში და ახლა რატომ იბრძვის იმ იდეალების წინააღმდეგ, რის გამოც ციხეში იჯდა.

გია თორთლაძე: ზვიად ძიძიგურს ურჩევნია ჩუმად იყოს და მოეშვას ჩემზე ლაპარაკს. რომელი უცოდველი კრავი ეგა მყავს? სირცხვილია, როცა ორიოდ თვის წინ შიმშილობის აქციაზე, მანამდეც, მერეც ძმას მეძახდა და ვაჟკაცობის მაგალითს, ახლა - მოღალატეს და ათას უაზრობას. უჯობს, თავის პოლიტიკურ წარსულს და აწმყოს მიხედოს, რომელიც თუ გაიქექა, ძიძიგურს მოუწევს პოლიტიკიდან წასვლა. იქნებ უარესიც!

ლევან ბერძენიშვილი: მე ვერ მივიღებ ვერანაირ კრიტიკას ზვიად ძიძიგურისგან, კაცს განათლების რეფორმაზე რომ ვეპაექრო, მინიმუმ, განათლებული უნდა იყოს, დანარჩენი თავად განსაჯეთ.

ნოდარ ნათაძე: ზვიად ძიძიგურიც, კახა კუკავაც და მათი მიმდევრებიც არიან პრიმიტივები. ისინი შეიძლება იყვნენ ზვიადის გვერდით და ამის გამო ბევრი უსიამოვნებაც შეხვდათ, ზვიადის მთავრობაში პოსტებიც ეჭირათ, მაგრამ დღემდე აზრზე არ არიან, რისთვის იბრძოდა გამსახურდია, რა ღირებულებების ერთგული და მიმდევარი იყო ეს კაცი და რა იდეების განხორციელებას აპირებდა. სამწუხაროდ, ბევრისთვის იქცა დღეს შირმად გამსახურდიას სახელი - თუ მის გვერდით იდექი, ეს არ ნიშნავს, რომ მისნაირად აზროვნებ და მისი გზის გამგრძელებელი ხარ. ეს უნდა შეიგნოს ამ ხალხმა, მაგრამ არ ესმით საუბედუროდ.

გურამ პეტრიაშვილი: ზვიად ძიძიგური არის ჯორჯ სოროსის ფულით ნაკვები „პატრიოტი“ და „ეროვნული მოღვაწე“.

გიორგი გუგავა: ნუ გამოდის ახლა ძიძიგური რომის პაპზე უფრო კათოლიკე და ზვიადისტობაში ნუ ეჯიბრება ნურავის. სომხეთიდან რომ გამოეპარა ზვიად გამსახურდიას და გროზნოში არ გაჰყვა, ის ამბები მოაყოლეთ ერთი.
დავით უსუფაშვილი: საბედნიეროდ, ზვიად ძიძიგურზე არ არის დამოკიდებული ოპოზიციური ერთობა და თუ ეს ადამიანი ყველას მაგიერ არ ილაპარაკებს, კარგი იქნება.

რეზო ამაშუკელი: ზვიად ძიძიგური არის პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკაში ვერასოდეს დამკვიდრდება.

გოგა ხაინდრავა: ზვიად ძიძიგური არის აფერისტი, ჩვეულებრივი მატყუარა, რომელიც კაცის მკვლელობას ისე დაგაბრალებს, თვალი არ შეუტოკდება. და ამას გააკეთებს მხოლოდ იმიტომ, რომ გაზეთის ერთი სვეტი დაიჭიროს მისმა ცოლისწამებამ, ხალხმა გაიხსენოს - ძიძიგური ცოცხალია, არ მომკვდარაო.

გიორგი გამსახურდია: რა უნდა, ბოლო-ბოლო, ზვიად ძიძიგურს? ჩემზე უფრო დიდი ზვიადისტია? რას ამტკიცებს, რომ ის უფრო ერთგულია მამაჩემის დაუწერელი ანდერძისა, ვიდრე მე? რატომ ავიწყდება ამ კაცს, რომ ზვიად გამსახურდია რუსეთთან ბრძოლას შეეწირა, თავად კი დღეს რუსეთის სპეცსამსახურების იმ გეგმის შესრულებაში მონაწილეობს, რომელიც საქართველოს დაქუცმაცებას, დასუსტებას და რუსეთის მიერ დაპყრობას ისახავს მიზნად?

სალომე ზურაბიშვილი: ზვიად ძიძიგურმა, კუკავამ, დავითაშვილმა და სხვებმა მისცეს ზურაბ ნოღაიდელს უფლება და საშუალება ეროვნული საბჭოს სახელით ილაპარაკოს. ეროვნული საბჭო ჯერ ერთი ნოღაიდელს და მისთანებს ებრძოდა და მეორეც, სად იყო ნოღაიდელი, როცა ეროვნული საბჭო შეიქმნა? ამ ხალხმა, ნოღიადელისა და ეროვნული საბჭოს გაიგივებით, მისი დისკრედიტაცია მოახდინეს.

დათო ზურაბიშვილი: ცუდი არ იქნება, ზვიად ძიძიგური თუ გაერკვევა, რა არის ლიბერალური დემოკრატია და მერე ილაპარაკებს. როცა არ იცი, ჯობია გაჩუმდე.

კომენტარი