ოპოზიციის საიდუმლო თათბირი, რომელზეც „დრონი.ჯი“ წერდა, მიუნხენში გაიმართა

„დრონი.ჯი“ უკვე წერდა, რომ უახლოეს მომავალში ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიმართებოდა კონფიდენციალური შეხვედრა, რომელსაც ქართული ოპოზიციის, რუსული სპეცსამსახურებისა და კრემლის წარმომადგენლები დაესწრებოდნენ.
ჩვენ ვწერდით იმასაც, რომ ამ შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობის ახალი გეგმის შემუშავება და რუსული სპეცსამსახურის მიერ ქართული ოპოზიციის ფინანსურ-იდეური დახმარება იყო.
გაზეთ „ალიასთან“ საუბარში „დრონი.ჯი“-ს მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს გოგა ხაინდრავამ, შალვა ნათელაშვილმა და ნინო ბურჯანაძემ. მეტიც, მათ „დრონი.ჯი“-ს მიმართ კრიტიკული გამონათქვამებიც არ დაიშურეს და გამოცემა ცილისწამებაში დაადანაშაულეს.
თუმცა, „დრონი.ჯი“-ს წყაროს ცნობით, გერმანიის ქალაქ მიუნხენში საიდუმლო ვითარებაში უკვე მოითათბირეს ნინო ბურჯანაძემ, ლევან გაჩეჩილაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა, ზურაბ ნოღაიდელმა, ქიბარ ხალვაშმა და ჩვენთვის დაუდგენელმა, რუსულად მოსაუბრე სამმა პიროვნებამ. მოლაპარაკების მთავარი თემები კი, ოპოზიციის დაფინანსება, კრემლის მხარდაჭერის მოპოვება და შიდა არეულობის პროვოცირება იყო.
მიუნხენის „საიდუმლო სერობა“ „დრონი.ჯი“-ს ჟურნალისტს სატელეფონო საუბარში დაუდასტურეს ნინო ბურჯანაძისა და ნოღაიდელის პარტიის აქტივისტებმაც. მათი თქმით, ნოღაიდელი და ბურჯანაძე ნამდვილად იმყოფებოდნენ ევროპაში, თუმცა, ვიზიტის მიზანი, ნოღაიდელის პარტიის აქტივისტების თქმით, მათთვის უცნობია.
„ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე გერმანიაში, ქალაქ მიუნჰენში თათბირობენ. როგორც ფრანგული რადიოს ქართველმა კორესპოდენტმა, გიორგი ფოფხაძემ ჟურნალისტთა კავშირს „ობიექტივი“ აცნობა, ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრა დილიდან დაიწყო და ამ წუთებშიც მიმდინარეობს“ - წერს პრესა.ჯი.
ასე რომ, „დრონი.ჯი“-ს ეს ინფორმაციაც დადასტურდა. თუმცა, ჩვენი წყარო გვატყობინებს, რომ ოპოზიციის კონფიდენციალური შეხვედრები კიდევ გაგრძელდება.

კომენტარი