რასმუსენი: ნატო იმ დღეს ელის, როცა საქართველო ალიანსის წევრი გახდება

ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, საქართველო ძლიერი პარტნიორია და ჩრდილოატლანტიკური გაერთიანება იმ დღეს ელის, როცა საქართველო ნატოს წევრი გახდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნატოს გენერალურ მდივანს დღეს შეხვდა, რის შემდეგაც, პოლიტიკოსების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

რასმუსენის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობის სურვილია თანამედროვე, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში იცხოვროს, რაც ნატოს სურვილიც არის და ეს ასეც უნდა იყოს.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, 2012 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და აღნიშნული არჩევნები დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარის ინდიკატორი იქნება.

„დღეს ბაქრაძესთან ის განვიხილე, თუ საქართველომ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისთვის, რა პროგრესს მიაღწია. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ნებისმიერი ქვეყნის გაწევრიანება, მისგან დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას მოითხოვს. ამის გაკეთება კი, მოთმინებით და ძალისხმევით არის შესაძლებელი. საქართველოს პარლამენტი, ამ პროცესში, მნიშვნელოვანი როლის შესრულებას განაგრძობს. ნატო ამ რეფორმების გატარებაში დაგეხმარებათ“, – განაცხადა რასმუსენმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ნატოს გენერალურ მდივანს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი სხდომა იმართება, რაც მნიშვნლოვანი მოვლენაა. მისი თქმით, საბჭოს გასვლით სხდომა იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას ასახავს, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის არსებობს.

„მეორე შემთხვევაა, როცა საქართველოში ნატოს გასვლითი სხდომა იმართება და ეს ნატოსა და საქართველოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის დადასტურებაა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უფრო ახლოსაა ნატოსთან, ვიდრე ის როდესმე ყოფილა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაახლოების, თანამშრომლობის პროცესი გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ამ დაახლოების საბოლოო ამოცანა გახლავთ ნატოში გაწვრიანება, ანუ იმ ამოცანის შესრულება, რომელიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

პარლამენტის სპიკერის შეფასებით, საქართველოსა და ნატოს პარტნიორობა წარმატებული ისტორიაა და მას ბუქარესტის სამიტის შემდეგ, წარმატებული განვითარება აქვს. ურთიერთობაში ბევრი პრაქტიკული რამ შეიცვალა. ჩვენ ყველა ის ელემენტი გვაქვს, რომელიც აუცილებელია წარმატებული ურთიერთობისთვის. ჩვენ თანამშრომლობის ყოველდღიურ გეგმა გვაქვს, რომლის მიხედვითაც, საქართველო და ნატო თანამშრომლობენ. ასევე, ნატო–საქართევლოს კომისია არსებობს, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ელემენტია დაახლოების და გაწევრიანების გზაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომელიც ნატომ ცალსახად დააფიქსირა, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს. სამივე ამ ელემენტის წარმატებული შესრულება იმ პირობას ქმნის, რომლის მიხედვითაც, საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად იქნება და რომელიც საშუალებას მაძლევს, ვთქვა, რომ საქართველო ისე ახლოსაა ნატოსთან, როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის განმავლობაში“, – დასძინა ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ჩიკაგოს სამიტზეც გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ჩიკაგოს სამიტი იქნება შესაძლებლობა, რომ საქართველოსა და ნატოს შორის პროგრესი დაფიქსირდეს.

„იმედი მაქვს, რომ სამიტზე მოხდება კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა და საქართველოს კიდევ მეტად დაახლოება ნატოსთან. რა თქმა უნდა, გვესმის ის, რომ ეს არ არის ცალმხრივი გზა და ამ პროცესის წარმატებულად დაახლოებისთვის საქართველომ ბევრი უნდა გააკეთოს. ამიტომ, საქართველოში მიმდინარე შიდა რეფორმების გატარება, დემოკრატიის გაძლიერება და ეკონომიკური რეფორმების გაღრმავება – ყველა ეს წინაპირობას ქმნის, რომ საქართველოს ალიანსში ინტერგაცია წარმატებული პროცესი იყოს. ეს არის ქართული მხარის ინტერესი და ვფიქრობ, რომ ნატოს ინტერსიც. იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალით ამ ინტერესის ბოლომდე მიყვანას მოვახერხებთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ორდღიანი ვიზიტი საქართველოში წარმტებული იქნება და დაგვეხმარება ნატო-საქართველოს ურთიერთობების გასაღრმავებლად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, საქართველოს პარლამენტში, დღეს, ნატოს ქვეყნების ელჩებისა და ქართველი კანონმდებლების შეხვედრაც გაიმართა, რომლიც დახურულ ფორმატში შედგა.

თეონა მანაგაძე, presa.ge

წყარო

კომენტარი