ზვიად გამსახურდიას იდეური მკვლელები - ინტელიგენცია

ზვიად გამსახურდიას სამხედრო გადატრიალება საკმაოდ სწრაფად და იოლად მოუწყვეს. ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა - პრეზიდენტის პოლიტიკური გამოუცდელობიდან და მიმტევებელი ხასიათიდან დაწყებული, საკადრო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომებით დასრულებული.

პუტჩის მერე და სადღეისო გადასახედიდანაც უკეთ ჩანს, რომ გამსახურდიას გარემოცვა სავსე იყო კრემლის აგენტებით. მართალია, ზვიად გამსახურდია ისევ მისმა თანაგუნდელებმა დაამხეს, მაგრამ გადამწყვეტი როლი ე.წ. წითელმა ინტელიგენციამ ითამაშა, მათ გამწევი ძალის როლი შეასრულეს ამ გადატრიალებაში, რადგან ხალხის უკმაყოფილების პროტესტის შეუკავებელ ფორმად და ხალხის ბრბოდ გადაქცევა უბადლოდ მოახერხეს.

მაშინ, ისევე როგორც ახლა, ეროვნული მოძრაობის ვერცერთი ლიდერი, ცალკე და ერთად აღებული, ვერ შეძლებდა ქართული საზოგადოების დაპირისპირებას გამსახურდიასთან, დაპირისპირებას იმდენად რადიკალურად, რომ საქმე სისხლისღვრამდე მისულიყო. დღევანდელი ტერმინოლოგია რომ ვიხმაროთ, ეროვნული მოძრაობის ლიდერთა რეიტინგები, ანუ ნდობა ხალხისა მათ მიმართ არ იყო იმდენად მაღალი, რომ ხალხი გაჰყოლოდა.

ორად-ორი ლიდერი იყო მხოლოდ, რომელთაც ხალხი ბრმადაც კი გაჰყვებოდა – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. კოსტავა ცოცხალი აღარ იყო და ის არც დაუშვებდა ხალხის შუაზე გახლეჩას, გამსახურდია კი პრეზიდენტი იყო და სწორედ მას ებრძოდნენ.

ინტელიგენცია, მაშინაც და ახლაც, დემოკრატიის მოთხოვნით აპელირებდა. გამსახურდიას ჩაუშესკუს ეძახდნენ, სააკაშვილს – მილოშევიჩს ეძახიან. ორ პრეზიდენტს არ ვადარებ ერთმანეთს, უბრალოდ, მინდა გაგახსენოთ, სხვადასხვა დროსა და პერიოდში, ერთი და იგივე ადამიანები რატომ იქცეოდნენ იდენტურად, მინდა გიჩვენოთ სახე ამ ადამიანებისა, როგორც პოლიტიკური პროცესების მონაწილეებისა, თორემ ვისზეც ქვემოთ ვისაუბრებ, არცერთი მათგანის უმაღლესი დონის პროფესიონალიზმში, საკუთარ სფეროში მიღწეულ უდიდეს წარმატებებში ეჭვი არ შემაქვს.

ზვიად გამსახურდიამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ ე.წ. წითელი ინტელიგენციის ჩანაცვლება დაიწყო ეროვნული მოძრაობიდან მოსული ინტელიგენციით. ეს კი ნიშნავდა, რომ ე.წ. წითელი ინტელიგენცია კარგავდა გავლენას ქვეყანაში, კომფორტს, პრივილეგიებს და ამ პრივილეგიებს ანაცვალეს კიდეც საბოლოოდ ქვეყანა. ეს ხალხი მაშინ გულზე მჯიღს იცემდა და პატრიოტიზმში ეჯიბრებოდა გამსახურდიას – კაცს, რომელმაც მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებას მიუძღვნა და ამ საქმეს შეეწირა კიდეც, ეს "პატრიოტები" კი, როცა აფხაზეთის ომი დაიწყო, ჩირგვებში შეიმალნენ (უმრავლესობა) და მოწიფული ვაჟები უცხოეთს შეაფარეს ომის დამთავრებამდე.

უცნაურია, რომ ე.წ. წითელი ინტელიგენცია გააფთრებული ითხოვდა დემოკრატიას. დიახ, სწორედ ევროპულ დემოკრატიას სასწრაფოდ ითხოვდა ის ხალხი, რომელიც საბჭოურ დიქტატურაში იყო გაზრდილი. მათ შემოქმედებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე საბჭოური ცენზურის კვალი ეტყობოდა, ცეკა-ს მდივნების კაბინეტებში ოთხად მოკეცილები შედიოდნენ და ერთმანეთს ანონიმური წერილებით ასმენდნენ – ანტისაბჭოთა ელემენტია, ანუ დემოკრატიული იდეებით შეპყრობილიო.

მართლა საოცარია, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 1 წელიწადში, ამ ხალხში საიდან გაჩნდა დემოკრატიის ასეთი უზომო დოზით მოთხოვნილება. გეგონებოდათ, მთელი ცხოვრება პარიზსა და ვენაში ჰქონდათ გატარებული. აი, სწორედ ეს ინტელიგენცია დაიყენეს ფარად და ნამუსად სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა და მოაწყეს გადატრიალება. ამ ინტელიგენციამ "გაუპრავა" "ტროიკას" ყველაზე სისხლიანი ქმედებები, რაც პუტჩს მოჰყვა და ეს ე.წ. წითელი ინტელიგენცია იბრძოდა არა დემოკრატიისთვის, არამედ დაკარგული პრივილეგიების აღსადგენად. მათ ეს შესძლეს და რევანში მოუწყეს გამსახურდიას, დაბრუნდნენ ავანსცენაზე და ე.წ. წითელი ინტელიგენციის დამფასებელს, ედუარდ შევარდნაძეს გაუგორდნენ ფეხებში – აღიდგინეს დაკარგული პრივილეგიები.
დღეს უკვე მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდნენ.

საფრთხე იგივეა – პრივილეგიების დაკარგვა. სააკაშვილმა ე.წ. წითელი ინტელიგენციის ნაწილი უკვე ჩაანაცვლა ახალი ლიბერალ-დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების ერთგული ახალგაზრდა მეცნიერებითა და შემოქმედებით. ამის მერე გახდა მათთვის სააკაშვილი სადამ ჰუსეინი. ბოლოს და ბოლოს, 20 წელი გავიდა გამსახურდიას დამხობიდან, მაგრამ ეს ადამიანები არ იცვლებიან – მათ ისევ "დემოკრატია სწყურიათ".

მათ მხოლოდ მაშინ აკმაყოფილებთ დემოკრატიის ხარისხი, როცა პრივილეგირებულ მდგომარეობას ინარჩუნებენ, მათთვის შევარდნაძის მმართველობა დემოკრატიის აპოთეოზი იყო, რადგან მაშინ არ აკლდათ არანაირი ამქვეყნიური სიამე. როცა ხალხი შიმშილით იხოცებოდა, ამ ე.წ. წითელი ინტელიგენციის ელიტარულ ნაწილს, ყველაზე პრივილეგირებულ ფენას, ერთი დღე არ მოშიებია, პერსონალური მანქანები ემსახურებოდათ, შინ "დვიჟოკები" ედგათ და ხალხი და დემოკრატია სულ ცალ ფეხზე, ან ოდნავ უფრო ზემოთაც ეკიდათ.

დიახ, 20 წელი გავიდა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან. ქვეყანაში ყველაფერი იცვლება, მაგრამ არ იცვლება პრივილეგიების მაძიებელი ფენის ინსტინქტები. დიახ, ინსტინქტები – არ დაკარგონ, ან დაკარგული ნებისმიერი გზით დაიბრუნონ. ისინი თანახმანი არიან, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისგან განსხვავებით, რომ ხელისუფლება დაამხონ. დემოკრატიის გარდა, აპელირებენ სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობებით, პოლიტპატიმრების სიმრავლით, საერთოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის დაბალი ხარისხით ქვეყანაში, კერძო საკუთრების სახელმწიფო რეკეტით და ა.შ. დიახ, დღეს ეს ხალხი გამოდის მართლა უსამართლოდ დაღუპული ბიჭების სახელით, მაგრამ ხმა არ ამოუღიათ, როცა ჯაბა იოსელიანის, კიტოვანისა და გოგა ხაინდრავას ბანდები, ჩელუსკინელების ხიდთან, დიდუბის მეტროსთან, იგოეთთან, დიღომში – გამსახურდიასთვის თავშეწირულ უწვერულვაშო ბიჭებს ხვრეტდნენ და მერე, კვირების განმავლობაში, ცხედრებს არ ატანდნენ ჭირისუფალთ.

ამ ინტელიგენციას ხმა არ ამოუღია მაშინ, როცა გამსახურდიას მომხრეებს სახლ-კარს უწვავდნენ, როცა თბილისში და სხვა ქალაქებში, განსაკუთრებით სამეგრელოში, შინ უცვივდებოდნენ ზვიადისტებს და მათ ქონებას "ურალებზე" ტვირთავდნენ და შინ ეზიდებოდნენ – ამას ინტელიგენციის მხარდაჭერილი და პატრიოტებად შერაცხული მხედრიონელები, კიტოვანისა და ხაინდრავას ბიჭები სჩადიოდნენ.

დემოკრატიის მომხრე ინტელიგენციამ ხმა არ ამოიღო, როცა "მხედრიონელები", ერთი პუბლიკაციის გამო, რედაქციაში მიუვარდნენ იარაღით გაზეთ "შანსის" რედაქტორს, ბონდო ქურდაძეს, სცემეს, მასვე მიაყოლეს ჟურნალისტი გიგლა გობეჩია, რომელსაც არ აპატიეს, რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობა დააყენა ეჭვქვეშ და ხელი გაიშვირა იმდროინდელი ხელისუფლებისკენ, დევნაში იყვნენ ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი, დავით სოკოლოვი, კინაღამ დახვრიტეს მამუკა არეშიძე,

კიდევ უამრავი ფაქტის გახსენება შეიძლება. ეს ხალხი ლაპარაკობს დღეს, ოცი თუ ორმოცი პოლიტპატიმარია საქართველოშიო, როცა არ გაუპროტესტებიათ ედუარდ შევარდნაძის სიტყვიერი ბრძანებები – პოლიტიკური მოძრაობა "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს" ყველა რაიონული ორგანიზაციის ლიდერი, ამ ორგანიზაციის ყველა პარლამენტარი ადგილზე დაეხვრიტათ, ხოლო რიგითი წევრები მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ. და ასეც იყო – ბევრს გამოუყვანეს წირვა, ძალიან ბევრი დაიჭირეს, აწამეს, ზოგი შემოაკვდათ, უმრავლესობას კი მრავალწლიანი სასჯელი მოახდევინეს. სხვათა შორის, მაშინ ციხეებში ადგილი არ იყო და მილიციის განყოფილებების "კაპეზეში" ჰყავდათ თვეობით სასჯელმისჯილი ხალხი გამომწყვდეული.

ამაზე კრინტი არ დაუძრავთ, დღეს პატიმართა უფლებების დაცვაზე ლაპარაკობენ – ერთ ნარზე ორ კაცს სძინავსო. მაშინ, ერთ ნარზე 10 კაცს ეძინა, ნაწილს – ბეტონის იატაკზე და ადგილი იქაც არ იყო. მაგრამ ეს არ აწუხებდათ – თავად ეძინათ ბუმბულის ლოგინში. ძალიან კარგად მესმის კორტებთან ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილისა. იქნებ ეს საქმე დასარღვევი და ხელახლა გამოსაძიებელია, მაგრამ რა მორალური უფლებით ლაპარაკობენ "სააკაშვილის სისხლიან რეჟიმზე" ის ადამიანები, რომელთაც ყასიდადაც კი არ გაუპროტესტებიათ გოგა ხაინდრავასა და გია სვანაძის რაზმების მიერ ბარათაშვილის ხიდთან ჩაცხრილული ავტობუსის ამბავი. ეს 1992 წელს, 6 იანვარს გამთენიისას მოხდა, როცა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ავტოკოლონა თბილისს ტოვებდა. მაშინ, იმ ავტობუსში 5 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და არცერთი არ იყო ზურაბ ვაზაგაშვილზე და სანდრო გირგვლიანზე უფროსი.

ბარემ ვთქვათ, ვინ არიან ეს ადამიანები, საკუთარი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, მუდამ მზად რომ არიან ნებისმიერი ფორმით ხელისუფლების შეცვლაზე, რომლებიც ნებისმიერი ნაძირალებისგან შექმნილ პოლიტიკურ ოპოზიციას აღტყინებით ხვდებიან, რომლებიც დაკარგულს დაუბრუნებენ, სამშობლო, ხალხი კი, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდიათ!

გიგა ლორთქიფანიძე – ამ უბრწყინვალესმა რეჟისორმა საქართველოს ისტორიაში, ვატყობ, თავი სხვა რამითაც უნდა დაიმკვიდროს. გამსახურდიას ლანღვასა და ჯაბა იოსელიანის ქება-დიდებას წლები შეალია. "გამსახურდია უნიათო მმართველია, ის დაუპირისპირდა საზოგადოების საუკეთესო ნაწილს – ინტელიგენციას და ეს ინტელიგენცია მას გადაიყოლებს" – იმუქრებოდა 1991 წელს გიგა ლორთქიფანიძე. ხოლო ჯაბა იოსელიანზე ამბობდა, რომ მას ბავშვობიდან იცნობდა. "კაცი ახალგაზრდობაში, ერთხელ შესცდა და ნუ გადავაყოლებთ ახლა ამას. ჩემდა გასაკვირად, ჯაბა ჩამოყალიბდა ბრწყინვალე პოლიტიკოსად, შესანიშნავი მწერალი და დრამატურგი რომ იყო, ეს ისედაც ვიცოდი", – აცხადებდა პრესით ლორთქიფანიძე. მაშ, ჯაბა იოსელიანი ბრწყინვალე პოლიტიკოსი იყო, ბატონო გიგა? მაგ სიმართლით გატაროთ ღმერთმა! ის, "ერთხელ შემცდარი" ჯაბა კი, ციხეში სამჯერ იჯდა – ყაჩაღობის, გაუპატიურებისა და ქურდობისთვის. აი, ეგ არის თქვენი სამართალი და ინტელიგენტობა. ჯაბა იოსელიანმა სახელმწიფო საბჭოში შეგიყვანათ. მერე პარლამენტში მოხვდით, აბა, სხვა რა გზა გქონდათ? ქება უნდა აღგევლინათ მისთვის! დღეს, გიგა ლორთქიფანიძე "სააკაშვილის რეჟიმის" ერთ-ერთი უპირველესი მოწინააღმდეგეა და ხვალ-ზეგ, ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ძალით დაამხეს ეს ხელისუფლება, ალბათ, იტყვის – გოგა ხაინდრავა ბრწყინვალე რეჟისორიაო, სამაგიეროდ დივიდენდებს მიიღებს.

რევაზ მიშველაძე – გამსახურდიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე არ აქტიურობდა, მაგრამ, როცა ნათელი გახდა, ზვიადის ხელისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა, სულ სატანასა და დიქტატორს ეძახდა ზვიადს. ყველაფერი გააკეთა, რომ ხელისუფლების დამხობაში თავისი წვლილი შეეტანა. ახლა მეორე "კრუგზეა" – სააკაშვილს იმავე მიზეზ-ბრალეულობებით უპირისპირდება, რითიც გამსახურდიას დაუპირისპირდა – განათლება და კულტურა მოსპო, დემოკრატიის ნასახი არ არის ქვეყანაშიო. არადა, მიშველაძეს დიადი დემოკრატია ნანახი და განცდილი აქვს – ასლან აბაშიძესთან, "აღორძინებაში".

რეზო ამაშუკელი – მან განსაკუთრებული როლი შეასრულა გამსახურდიასთან იდეოლოგიური ბრძოლის საქმეში. "რუსთაველის საზოგადოებიდან" ხომ ებრძოდა ეროვნულ ხელისუფლებას, მერე საზოგადოება "თბილისელის" თანადამფუძნებელი გახდა. სწორედ ეს საზოგადოება გახდა მებაირახტრე გამსახურდიასთან თბილისის დაპირისპირებისა და აკი შეძლეს კიდეც. სწორედ ამ საზოგადოების ოფისში რიგდებოდა ავტომატები მოხალისეთათვის, რომლებიც "მხედრიონს" და კიტოვანის გვარდიას უერთდებოდნენ. "რუსთაველის საზოგადოებას", რომელიც კრემლის გეგმის ნაწილი იყო და რუსული ფულით ფინანსდებოდა, მაშინ თენგიზ სიგუა თავკაცობდა. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია.

ნოდარ ლომოური – ის ერთადერთია, რომელიც "ინტელიგენტურ ზღვარს" გასცდა, ისიც კი განაცხადა, იარაღი რომ მომცა, ზვიადს სიამოვნებით გავუხვრეტდი შუბლსო. დიდი არა, მაგრამ მცირე დოზით მაინც ილაშქრებს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. ნოდარ ლომოურმაც მიიღო მერე ჯილდოდ მინისტრთა საბჭოს სათათბიროს წევრობა და დეპუტატობა. სხვათა შორის, ერთადერთს ეყო ნამუსი ამ ინტელიგენტებიდან ეღიარებინა – ზვიადს იარაღით ვებრძოდიო.

გიორგი შენგელაია – მან, უბრალოდ დაამტკიცა, რომ ურუსეთოდ არ შეუძლია ცხოვრება. დააარსა "ვაზის პარტია – რუსეთთან ერთად". ეს მაშინ, როცა რუსეთმა გაზის მიწოდება შეგვიწყვიტა და დივერსიული აქტები მოგვიწყო ელექტროგადამცემ ხაზებზე. გამსახურდიასთან ბრძოლაშიც დიდი წვლილი შეიტანა და 2007 წლის შემოდგომიდან დაწყებული, არცერთ აქციას არ დაჰკლებია. შენგელაიას პრივილეგიებისა რა გითხრათ, მაგრამ რუსეთის გავლენის აგენტივით რომ იქცევა, ფაქტია. ახლა, იმას ვერ შევკადრებ, ფულს უხდიან და ამიტომაც პრორუსულ იდეებს აფრქვევს-მეთქი. რატომ უნდა გადაიხადო, თუკი შენს დაკრულზე მუქთად ცეკვავენ?

მარიკა ლორთქიფანიძე – ქალბატონი მარიკა თითქოს შედარებით მოზომილი იყო გამსახურდიას შეფასებაში, მაგრამ მაინც დიქტატორს ეძახდა მას. იმ ხალხს კი, ვინც გამსახურდიას ედგა გვერდით, – გაუნათლებელ და პირდაუბანელ ადამიანებს. დიდი წვლილი შეიტანა სამოქალაქო დაპირისპირებაში, მაგრამ დღეს ამაზე კრინტს არ ძრავს. მარიკა ლორთქიფანიძე იყო ერთ-ერთი მოძღვარი უნივერსიტეტის სტუდენტთა იმ ნაწილისა, რომელიც გამსახურდიას წინააღმდეგ ამხედრდა. მარიკა ლორთქიფანიძე მეტ დემოკრატიას ითხოვდა ზვიადისგან, ანტიდემოკრატიულობაში ადანაშაულებდა, უნივერსიტეტის დანგრევას აბრალებდა. ახლაც ანალოგიური ბრალდებები აქვს, ოღონდ, საააკაშვილის მიმართ. თუმცა, ამ ბოლო დროს, მიყუჩდა. ჰო, ჯაბა იოსელიანის გაიდეალებაში ძმაზე ნაკლები წვლილი არ შეუტანია თავის დროზე და "ბრწყინვალე ინტელიგენტიც" უწოდა.

ოთარ მეღვინეთუხუცესი – "დათა თუთაშხიას" განმასახიერებელმა ეკრანზე საქმე ისე გაიხადა, ერთი პერიოდი სამეგრელოში შიშით ვეღარ ჩადიოდა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ასმათ ტყაბლაძე ინტერვიუში აცხადებს: "ოთარ მეღვინეთუხუცესი კინოშია დათა თუთაშხია, ცხოვრებაში ის ნიკანდრო ქილიაა, გაიძვერა და მკვლელი"... "ნიკანდრო ქილია" ახლა სააკაშვილს ებრძვის და არ გაინტერესებთ, რის შემდეგ? როცა მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს, მას მერე! მხოლოდ თანამდებობის დაკარგვის მერე აღმოაჩინა მეღვინეთუხუცესმა, რომ თურმე ბნელში და უკუნში გვიცხოვრია, საქართველოში ჯოჯოხეთი ჩამომდგარა! მანამდე სამოთხე იყო, ბატონო ოთარ, ვიდრე პოსტზე იყავით?! რატომ არ აპროტესტებდით 2004-2006 წლებში იმ გახმაურებულ ამბებს, რომელთაც ოპოზიცია დანაშაულად უთვლიდა ამ ხელისუფლებას? მხოლოდ 2 წლის მერე რატომ აღმოაჩინეთ, რომ თურმე ბუტა რობაქიძე უდანაშაულოდ მოკლა პატრულმა?

სხვათა შორის, ამ უბადლო მსახიობს, ასმათ ტყაბლაძე და არაერთი ცნობილი მსახიობი დაუმსახურებლად რომ გამოყარა თეატრიდან, ბიძინა ივანიშვილის მიერ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებისთვის სახელფასოდ გადარიცხული თანხების შეჭმასაც აბრალებენ და ამბობენ – მხოლოდ იმიტომ არ დაიჭირეს და აპატიეს, რომ მაინც ოთარ მეღვინეთუხუცესი იყოო. აი, შევარდნაძის დროს კი, გულშიც არავინ გაივლებდა მეღვინეთუხუცესის დაჭერას, ქვეყანა რომც დაექცია. ცხადია, ამას, ის დრო უჯობს და იბრძვის, რაც შეუძლია, ძველი დროების დასაბრუნებლად. ჰო, ერთიც: მან თეატრიდან გააგდო დოდო ჭიჭინაძე, თენგიზ არჩვაძე, რომელმაც პროტესტი იმით გამოხატა, რომ საჯაროდ გამოწვდილ ხელზე ხელი აუკრა მეღვინეთუხუცესს და არ ჩათვალა კაცურად ხელის ჩამორთმევის ღირსად. ასეა, ვინ კინოშია დათა თუთაშხია, ვინ – ცხოვრებაში!

ქეთი დოლიძე – დღეს გიგი უგულავას აყვედრიან და სამართლიანადაც (თუ ეს მართალია!), რომ მომავალ მეუღლეს პლასტიკური ოპერაციისთვის ფული ბიუჯეტიდან გამოუყოო. იცით, საიდან იღებს ეს პრაქტიკა სათავეს? ვანო ზოდელავას მერობის დროიდან. მერიაში, მაშინ, მგონი, არ დარჩენილა ჩინოვნიკი, რომელთაც თავიანთი ახლობლებისთვის ფული არ გადაერიცხათ. რატომღაც, ამაზე ხმას არ იღებენ. რა, ის ერევნის ბიუჯეტი იყო და ახლა, უგულავას მერობისას გახდა თბილისის ბიუჯეტი? უგულავას, ცხადია, მიწასთან ასწორებს ზოდელავას დაქალი – ქეთი დოლიძე.

მან ლომის წილი დაიდო ზვიად გამსახურდიასთან ბრძოლაში, ახლა სააკაშვილს ებრძვის და რეალურად, ერთი რამ აინტერესებს – საკუთარი ფესტივალის "საჩუქარის" დაფინანსება, კარიერა და გავლენა თეატრალურ საზოგადოებაში. ქეთი დოლიძეს, შევარდნაძის 13-წლიანი მმართველობისას, პრეზიდენტის მისამართით ერთი კრიტიკა არ დასცდენია. როგორ, ქვეყანა თავზე გვემხობოდა, ხალხი შიმშილით იხოცებოდა და ვერ შეამჩნიე, დალოცვილო? ახლა თუ ერთი უმნიშვნელო ფაჩუნი არ გამოგეპარება ამ ხელისუფლების ლიდერებისა, მაშინ არაფერი გესმოდა, ვერაფერს ხედავდი?

რეზო ჩხეიძე – ამ კაცის ხელში გაჩანაგდა კინოსტუდია "ქართული ფილმი". ეს ცალკე თემაა და ბატონ რეზოს დოკუმენტებით, როცა სურს, მაშინ დავუმტკიცებ. ეს შევარდნაძის მმართველობისას მოხდა. მანამდე, რეზო ჩხეიძე აქტიური მოწინააღმდეგე იყო გამსახურდიასი, კინოს სახლთან ცნობილი ნოემბრის მიტინგიც მან გახსნა 1991 წელს. ახლა სააკაშვილს უტევს, რადგან "ქართულ ფილმს" ჩამოაშორეს. დღეს იძახის, რომ ქართული კინოინდუსტრია ჩაკვდა, საქართველოში ფილმს ვერ გადაიღებ, სათანადო ტექნიკა არ არისო.

როცა "ქართული ფილმი" ჩაგაბარეს, ბატონო რეზო, მაშინ ტექნიკაც იყო, შენობებიც და დამხმარე ნაგებობებიც. მერე ყველაფერი პირწმინდად გაიყიდა და გაიძარცვა. ძარცვას არავინ გედავებათ, მაგრამ ამ ორგანიზაციის ქონების ყველა ლოტის პრივატიზაცია თქვენი ნებართვით ხდებოდა. იქნებ აქედან დაგეწყოთ ძიება, თუ რატომ გაპარტახდა ქართული კინოინდუსტრია?

ნუკრი ქანთარია – ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მოასწრო გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მონაწილეობის მიღება. პოლიტიკაში არ წასულა, ტელევიზიაში მისცეს ნორმალური სამსახური და სახელი ჯაბა იოსელიანის პიესების გასპექტაკლებით გაითქვა, თუმცა, შიგადაშიგ, სხვა ავტორებსაც "სწყალობდა".

ქართული აკადემიის ერთ-ერთი ლიდერი სააკაშვილის მმართველობისას გამოჩნდა, ამანაც ახლა იგრძნო დემოკრატიის დეფიციტი თუ დიქტატურა, ხელოვნებისა და განათლების პრობლემები. ახლა, ეს ხელოვნება და განათლება, ქე მაინც არსებობს, რაღაც კეთდება და გასაგებია, ვიღაცას მეტი და უკეთესი უნდა, მაგრამ შევარდნაძის დროს საერთოდ რომ არ არსებულა?

10-12 წლის მანძილზე, მგონი, ერთი წიგნიც რომ არ დასტამბულა და გამოცემულა? ამაზე რატომ არ იღებდა ხმას პატივცემული ქანთარია? თუმცა მისთვის და მისი თანამოაზრეებისთვის ხელოვნების ნიმუშებიც იყო იმ დროში; კინოთეატრ რუსთაველის გადაწვა და რუსთაველის თეატრისთვის ჭურვების სროლა, მხატვრის სახლის დაწვა ჯაბასა და კიტოვანის მიერ, მაინც ხელოვნების სფეროს განეკუთვნება.

აი, ეს ხალხი იბრძვის დღეს ხელისუფლების დამხობის მოსურნეთა გასამართლებლად, ან თავადაც არიან ჩაბმულნი ამ პროცესში. ეს ის ხალხია, გამსახურდია რომ დაამხო, აფხაზეთის დამკარგავ შევარდნაძეს რუსთაველზე, იმელის წინ რომ დაუჩოქა, ერთი პროტესტი რომ არ გამოუთქვამს შევარდნაძის მიერ გაყიდული, ღალატით ჩაბარებულ აფხაზეთზე, 10000 ჩახოცილ ვაჟკაცზე, 300 000 დევნილზე...

იმას, "თეთრ მელას" ყველაფერი ეპატიებოდა, რადგანაც მან იცოდა "ინტელიგენციის ფასი", "წითელი ინტელიგენციისა" – დაუყვავე, მოეფერე, ძვალი გადაუგდე და მოიმხრე, მერე, როცა გინდა, გამოიყენე! მთავარია, იმ ძვალზე ხორცის ნაფლეთი არ გამოილიოს, თორემ კბილები ისე აქვთ ალესილი, ცოცხლად შეგჭამენ!

კომენტარი