სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პოსტსკრიპტუმი“: სიტყვა მერცხალი არ არის, რომ გაუშვა და პინგვინს გადააყლაპო

ბიძინა ივანიშვილი ათ წელზე მეტხანს ელოდა, სანამ საუბარს დაიწყებდა - როცა არავინ ელოდა. შემდეგ მთელი თვე ელოდა, სანამ პრესკონფერენციას მოიწვევდა - როცა უკვე ყველა ელოდა. ივანიშვილს არსად ეჩქარება, ამიტომ შეუძლია მისცეს თავს უფლება და საათნახევრის განმავლობაში ისაუბროს; ისიც შეუძლია, რომ ამ საათნახევარში არაფერი თქვას პრინციპულად ახალი.

„ქართული ოცნება“ პოლიტიკაში მოსვლა არ ყოფილა - მთელი თვეა, ივანიშვილი ამას იმეორებს. ბოლოს დააზუსტა - ერთ-ერთ პარტიას 2008 წლიდან ვაფინანსებდი, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე და ბოლოს თვითონ გადავწყვიტე ჩრდილიდან გამოსვლაო. საათნახევრიანმა პრესკონფერენციამ ესეც პასუხგაუცემელი დატოვა: ვინ ხარჯავდა ივანიშვილის მილიონებს სამი წლის განმავლობაში?

ბიძინა ივანიშვილი: „იგეგმება ახალი პარტიის გამოჩენა, რომელიც შესაძლოა, ჩვენ ჩამოვაყალიბოთ და ასეთი რამ მოხდება“

მომავალ პარტიაში ან კოალიციაში რესპუბლიკელებსა და ალასანიას, პარტიულ აქტივთან ერთად, პირველ რიგში მიიწვევენ. ბოლო წლებში ისინი მოკლე ხნით რამდენჯერმე გაერთიანდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც გაიყვნენ. მომავალი წლის შემოდგომამდე ზუსტად გვეცოდინება, აქვს თუ არა, ბოლოს და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილს რაიმე განსაკუთრებული მუღამი, რომელიც აქამდე ვერშეკავშირებულ პარტიებს შეადუღაბებს.

დავით ბერძენიშვილი: „სანამ ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა ქართულ პოლიტიკაში, მანამდე გაჭირდა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა - ეს ფაქტია“.

ალტერნატივა ივანიშვილმა მართლაც შემოიტანა, მაგალითად იმით, რომ პოლიტიკურ კარიერას არ იწყებს რევოლუციური ლოზუნგებით. ალტერნატივაა პრესკონფერენციის მომზადების ტექნოლოგიაც და იქ მისი ქცევისა და ფრაზების დემონსტრირებაც. გადავხედოთ:

ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს:

„ასეთი მომზადებული არ მოხვიდეთ მეორედ“;

„ინტერვიუ თქვენ თვითონ წაიკითხეთ? რუსული კარგად იცით?“;

„კეთილი ინებეთ და აზრი გაიგეთ“;

„მე კარგად მესმის, რომ თქვენ ჩამჭრელი კითხვა მოგიმზადეს და წამოიღეთ, ძალიან კარგად ვაცნობიერებ“.

ასევე ალტერნატიულია 2008 წლის აგვისტოს ომის ხედვაც:

ბიძინა ივანიშვილი:

„ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები“;

„ლიახვის სოფლები იბომბებოდა გაუგებარი ფორმირებების მიერ ოსეთის მხრიდან“

ეს ფრაზები, რა თქმა უნდა, რუსულმა პრესამ მაშინვე აიტაცა და ატრიალა: „საქმოსანმა მილიარდერმა განაცხადა, რომ ქართველებს უმალავენ სიმართლეს ხუთდღიანი ომის შესახებ“ - ასეთ და მსგავს სათაურებს რუსულ მედიაში ახლაც მრავლად შეხვდებით.

ამის შემდეგ ბატონი ივანიშვილის პრესსამსახურმა თავი ვალდებულად ჩათვალა ემტკიცებინა, ყველამ ყველაფერი არასწორად გაიგეთ და ბატონმა ბიძინამ სულ სხვა რამ იგულისხმაო.

ოღონდ, სიტყვა მერცხალი არაა, გაუშვა და შემდეგ პინგვინს გადააყლაპო - ითქვა და დამთავრდა. იგივე მოხვდა ყურში უცხოურ პრესასაც - სწორედ ივანიშვილის პრესკონფერენციის იმ ნაწილს მიექცა ყურადღება, სადაც ის რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრობდა.

უნდოდა თუ არა, ივანიშვილმა განაცხადა იგივე, რასაც აქამდე ჯიქურ მხოლოდ ბურჯანაძე და ნოღაიდელი აცხადებდნენ. ოღონდ, მათგან განსხვავებით, ივანიშვილმა არამხოლოდ ის თქვა, რა გააკეთა არასწორად საქართველოს მთავრობამ, არამედ ისიც, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა სწორად: „უნდა გამოეყვანა რამდენიმე მოსახლე და მოეწვია საერთაშორისო ორგანიზაციები“.

კონდოლიზა რაისი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, გამოსვლა 2008 წლის ივლისში, თბილისში ვიზიტის შემდეგ:

„ჩვენ ვაკვირდებოდით მიმდინარე მოვლენებს და ვფიქრობთ, რომ რუსეთის ზოგიერთი ქმედება არ ჯდება სამშვიდობო ფორმატში“.

ალბათ, რთული წარმოსადგენია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე უფრო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამაზე ხმამაღლა და მსოფლიოს გასაგონად, ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე ომის დაწყებამდე, იტყოდა მთავარ სათქმელს იმის თაობაზე, რომ 2008 წლის ივლისში რუსეთი, და არა „გაუგებარი ფორმირებები ოსეთის მხრიდან“, გაცდენილი იყო სამშვიდობო მანდატს. გაცდენილი იყო იმდენადაც კი, რომ კონდოლიზა რაისის თბილისში ყოფნის დროს საქართველოს საჰაერო სივრცეში 4 რუსული გამანადგურებელი 40 წუთის განმავლობაში ტრიალებდა.

კონდოლიზა რაისის თბილისში ვიზიტის დღეს, 2008 წლის 9 ივლისს რუსეთი იაპ დე ჰოოპ სხეფერმაც გააფრთხილა, მაგრამ ომის მანქანა უკვე ისე მუშაობდა, რომ მისი შეჩერება ვერც ნატომ შესძლო და ვერც გაერომ, რომლის დამკვირვებლებიც აფხაზეთში 1993 წლიდან იდგნენ; ვერც ეუთო-მ, რომლის დამკვირვებლები ცხინვალის რეგიონში 1992 წლიდან იმყოფებოდნენ:

ეშელონების გასატარებლად აფხაზეთში უკვე აღდგენილი იყო რკინიგზა;

გუდაუთაში უკვე ჩამოყრილი იყო უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც ბომბორას ბაზიდან აფრენებს აფიქსირებდნენ;

ჯავაში სასწრაფოდ შენდებოდა ახალი სამხედრო ბაზა;

ცხინვალში უკვე ტყვედ ჰყავდათ ქართველი ჯარისკაცები;

გზებზე უკვე აფეთქებდნენ ქართველ პოლიციელებს და ქართული სოფლები უკვე იბომბებოდა რუსული სამშვიდობო ბატალიონის განლაგებიდან...

ივლისის ბოლოდან ოსურმა მხარემ უკვე დაიწყო ცხინვალიდან ხალხის გაყვანა და ქალაქის დაცლა;

1 და 2 აგვისტოს უკვე დაიწყეს ქართული სოფლების დაბომბვა...

და კიდევ ბევრი „უკვე“...

ახლა კოდაში და სხვაგან მცხოვრები ლიახვის ხეობიდან თუ ცხინვალიდან დევნილი ქართველებისთვის ივანიშვილის მთავარი დაპირებაა რუსეთთან ურთიერთობის „დალაგება“ - ისეთთან, როგორიც არის...

ბიძინა ივანიშვილი: „ყველა რუსული ბაზრისკენ ისწრაფვის, ამერიკაც და ევროპაც მთლიანად და საქართველოსთვის დაიკეტა მხოლოდ რუსული ბაზარი. ეს სააკაშვილმა საოცრად არათანმიმდევრული და გაუაზრებელი ნაბიჯებით მოახერხა“.

არადა, რუსული ბაზარი იქ პუტინის აღზევების შემდეგ ჩვენზე დიდმა და გავლენიანმა არაერთმა ქვეყანამ დაკარგა:

2002 წელს მოსკოვმა აშშ-დან ქათმის ბარკლების ექსპორტი აკრძალა, დასჯილთა რიგებში შემდეგი იყო პოლონეთი, რომლის ხორცეული და მცენარეული ნაწარმი ონიშენკოს 2005 წელს არ მოეწონა, ამას მოჰყვა ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ხორცპროდუქტები, შემდეგ ლატვია და ესტონეთი, უკრაინა და მოლდოვა, ესპანეთი და გერმანია, მექსიკა და ფინეთი, ბრიტანეთი, კვიპროსი და ჰოლანდია...

ყველა ამ ემბარგოს უკან შეუნიღბავი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნა იდგა: მოლდოვა დაისაჯა დნესტრისპირეთში რუსული ინტერესების იგნორირების მცდელობისთვის, უკრაინა - ე.წ. საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე უარისა და ნატოსკენ სწრაფვისთვის...

ბიძინა ივანიშვილი: „სააკაშვილმა თავისი გაუაზრებელი ქმედებებით ძალიან შორს გადასწია ნატოს პერსპექტივა“ - ნატოზე დასმული ამ კითხვის პასუხის გაურკვევლობა საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გამსვლელი სხდომის ჩატარებისა და ნატოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის წინ კიდევ უფრო ხაზგასმულია.

მილიარდერის ახალი პოლიტიკური პარტნიორებიდან რესპუბლიკელებს ნატოს წევრობა თავისთვის უკვე გადაწყვეტილად მიაჩნიათ, მაგრამ აღიარებენ, რომ ივანიშვილთან ამ თემაზე ჯერ არ უსაუბრიათ. ირაკლი ალასანიამ კი, რომელსაც განმარტება პრესკონფერენციის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში სთხოვეს, ვითარებას კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება შემატა:

ირაკლი ალასანია: „ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის მთავარი დეტალი, რაზეც უკვე შეთანხმებულები ვართ ბატონ ბიძინასთან, ეს არის საქართველოს გაწევრიანება ევროპულ ოჯახში, ანუ ევროკავშირში.“

სამი ლიდერის პასუხების ერთობლიობა დასკვნას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის: თუ ანალოგიებზეა საუბარი, ამ სამ პასუხს მსმენელი უკრაინული ანალოგიებისკენ უფრო მიჰყავს: 2010 წელს, ხელისუფლებაში იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ, საქართველოს მეწყვილემ, უკრაინამ უარი თქვა ნატოს წევრობაზე, ეგრეთწოდებული ბლოკგარეშე სტატუსი გამოაცხადა და ერთადერთ ორიენტირად ევროკავშირი დაიტოვა. სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის დატოვებასთან ერთად, ურთიერთობა რუსეთთან ამის შემდეგ შედარებით დათბა.

რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის განზრახვით, პუტინზე აუგის თქმას თავს არიდებს ივანიშვილიც...

ტექსტი მომზადებულია თენგიზ გოგოტიშვილის სიუჟეტის მიხედვით: "პოსტსკრიპტუმი", 6 ნოემბერი, 2011, "რუსთავი-2".

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100