FBI რუსი ჯაშუშების საქმიანობის ამსახველ რჩეულ ვიდეომასალას აქვეყნებს

გახსოვთ საოცარი ისტორია ტომ კლენსის სტილში იმ რუსი ჯაშუშების შესახებ, რომლებიც აშშ–ის გარეუბნებში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ? ერთი მათგანი – ეფექტური ლამაზმანი ეროტიკული ჟურნალებისთვის პოზირებდა კიდეც. ეს ისტორია ცივი ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიოში უპრეცენდენტო ჯაშუშთა გამოვლენა–გაძევებით დასრულდა.

და აი, გუშინ აშშ–ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია, როგორ მუშაობდნენ ეს ჯაშუშები. სიუჟეტი ABC–ზე ჟურნალისტმა პიერ ტომასმა მოამზადა:

რუსი ჯაშუშები აშშ–ში დავალებაას ასრულებენ და როგორც ცივი ომის დროს, ცდილობენ სახელმწიფო საიდუმლოთა ხელში ჩაგდებას. ეს ყველაფერი დღისით–მზისით ხდება. ერთი ჯაშუში მეორეს ლონგ–აილენდის მეტროს სადგურში ხვდება. ისინი სწრაფად ცვლიან თავიანთ მონაცემებს: გაცვლის ობიექტია 300 ათასი დოლარი კომპიუტერის დისკზე.

გახსოვთ რუსი ლამაზმანი–ჯაშუში ანა ჩაპმანი, რომელიც ნიუ–იორკის ყველაზე მოდურ ღამის კლუბებში „თუხთუხებდა“? აი ისიც, სამუშაოს შესრულების დროს...

ფრენკ ფიგლიუცი, გფბ–ს კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე: „ეს ნამდვილი ნაღებია – რჩეული კადრები რუსული დაზვერვის „აკადემიიდან“

პიერ ტომასი, ABC–ის კორესპონდენტი: „რუსებმა გარდაცვლილი ამერიკელების სახელები მიითვისეს და ჯაშუშური რომანების მეთოდებს იყენებდნენ“.

გფბ–ს სათვალთვალო კამერამ გადაიღო, როგორ თხრის მიწას ეს ჯაშუში სოფლის ტიპის დასახლებაში, ნიუ–იორკის შტატის ერთ–ერთ ტყეში. ის მისი საქმიანობის შემდეგ „დამსახურებულ“ ჯილდოს ეძებს – 60 ათას დოლარს ხელზე.

დენიელ სილვა, წიგნის „ჯაშუშის პორტრეტი“ ავტორი: „ისინი მოსკოვის მიერ დაწერილი თამაშის წესებით თამაშობდნენ. პლუს მაღალი ტექნოლოგიის ელემენტები“.

ყველა ეს რუსი სამშობლოში გააძევეს. კადრები კი ცოცხალი შეხსენებაა იმისა, რომ ჯაშუშური თამაშები ჯერაც გრძელდება.

პიერ ტომასი, ABC News, ვაშინგტონი.

ეთერში გასვლის დღე: 2011 წლის 31 ოქტომბერი.

კომენტარი