სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის მოლაპარაკება დაიწყო

ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს საღამოს, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა და დეტალები არ დააკონკრეტა.

რაც შეეხება მის მიმართ ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას, კიწმარიშვილის თქმით, მას ივანიშვილთან წლების წინ ბიზნესურთიერთობა აკავშირებდა და, შესაძლოა, გარკვეული ბიზნესპროექტები იყოს კიწმარიშვილის მიმართ ივანიშვილის ნეგატიური განწყობის მიზეზი.

"ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მის ირგვლივ არის, შესაძლოა ცდილობდეს ამ ადამიანისთვის თავისი სუბიექტური აზრის მიწოდებას. როცა კომუნიკაცია არ არსებობს, არის გარკვეული ეჭვი, ამიტომ, მე ვთავაზობ მას ჩემს რესურსს, ჩემს პარტნიორობის სურვილს იმ საქმეში, რასაც სააკაშვილის გაშვება ჰქვია", - განაცხადა კიწმარიშვილმა.

ამავდროულად, ცნობილია, რომ ეროსი კიწმარიშვილი ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანია "მაესტროს" მართვის კომპანიის ერთ ლარად გადაცემას სთავაზობს.

ამის ერთადერთ პირობად კიწმარიშვილი ასახელებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი "მაესტროს" მენეჯმენტს ინვესტიციების საკითხზე შეუთანხმდეს. ეს განცხადება "ქართული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ შეთავაზებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, ის მზად არის დღესვე დაუკავშირდეს თავის ადვოკატებს ჟენევაში, "მაესტროს" მართვის უფლების გადაცემის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

კიწმარიშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი პერსონით ასეთი გაღიზიანება. "ეს, შესაძლოა, ჩვენს წარსულ ბიზნესურთიერთობებს უკავშირდებოდეს", - ვარაუდებს "ქართული პარტიის" პოლიტიკური მდივანი. იგი სთავაზობს ბიძინა ივანიშვილს, "ეს თემები" გვერდზე გადაიდოს და ერთად იბრძოლონ სააკაშვილის დასამარცხებლად.

"არასდროს უნდა ვთქვათ "არასოდეს". ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ის სურვილები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აქვს სააკაშვილთან დაკავშირებით, წარმატებით იყოს რეალიზებული", - აღნიშნა ეროსი კიწმარიშვილმა. მანვე საზოგადოებას შეახსენა, რომ "ქართული პარტია" ერთ-ერთი პირველი მიესალმა პოლიტიკურ სცენაზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100