სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გამოხმაურება მოჰყვა თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს?

- პირველ არხზე გამართული ტელე დებატები ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი იყო?

- საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული პოლიტიკური დებატები რა თქმა უნდა ვერ ჩატარდებოდა ისეთ ქვეყანაში სადაც არ არსებობს დემოკრატია ან საკმაოდ დაბალი ხარისხის დემოკრატიაა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ან თუნდაც რესპონდენტებს აქვთ შიში რომ განსხვავებული აზრის გამო ისინი შეიძლება სტუდიიდან გასვლის შემდეგ სცემონ. ეს დებატები ზუსტადაც რომ არის პოლიტიკური კულტურის მაჩვენებლი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენში ჯერ კიდევ საკმაოდ დაბალ საფეხურზეა ვიდრე დასავლეთში, მაგრამ ფაქტია რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისკენ და პოლიტიკური კულტურის დახვეწისკენ.

- როგორი იყო მერობის კანდიდატთა მომზადების დონე?
- მე ამ დებატებს უკვე ვუწოდე კომენტარები მერობის კანდიდატებს შორის და არა დებატები, ანუ ეს იყო პირველი „კომენტარ შოუ“ მერობის კანდიდატებს შორის. რადგანაც ასეთი ფორმატის გადაცემას დებატები ნამდვილად არ ეთქმის. 6 მაისს საქართველოში გამართულ დებატებამდე 2 დღით ადრე ბრიტანეთში გაიმართა პრემიერ მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები. ის იყო ნამდვილი დებატები...
რაც შეეხება კანდიდატებს, ვიტყოდი რომ ზოგიერთის მომზადების დონე იყო საკმაოდ დაბალი. ტელე დებატების დროს ბევრ რამეს ექცევა ყურადღება: მიმიკას, ჟესტებს, ვიზუალს თუნდაც კამერაზე მუშაობას. აბსოლუტურად ყველა კანდიდატი ორივე დღეს იყურებოდნენ სხვადასხვა მიმართულებით მხოლოდ გიგი უგულავამ, როგორც ჩანს გაითვალისწინა სტუდიის მოცულობა, საკმაოდ შორს მყოფი კამერები და შეძლო მათზე კარგად მუშაობა.
გარდა ამისა მთელი დებატების განმავლობაში საკუთარი სათქმელი განკუთვნილ წუთებში ვერ ჩაატიეს და მიკროფონი გამოურთეს: ძიძიგურს 5–ჯერ, თოფაძეს 8–ჯერ, ლაღიძეს 7–ჯერ, ალასანიას 3–ჯერ, ვაშაძეს 2–ჯერ, ივანიშვილს 2–ჯერ, უგულავას ერთხელ.
2 წუთიანი კომენტარებისას კი გამოვყოფდი გიგი უგულავას ერთ საკმაოდ გონიერ ქმედებას: როდესაც ბოლო სიტყვა უგულავას ეკუთვნოდა, მას არ დაუწყია თავის მართლება და არც პასუხი გაუცია ოპოზიციური კანდიდატების კრიტიკული განცხადებებისთვის, რასაც ალბათ ყველა მოელოდა, მან სხარტად და მოულოდნელად მიმართა თბილისში მცხოვრებ დევნილებს საკმაოდ ვრცელი და დამაჯერებელი ფრაზებით.
ერთი ასეთი შემთხვევაც დავაფიქსირე რომ ბატონი ალასანია და ლაღიძე ერთი ფერის კოსტუმსა და ჰალსტუხში იყვნენ გამოწყობილნი.
- დებატების დროს კანდიდატებს ახალი რამ ხომ არ შეუთავაზებიათ ამომრჩევლისთვის?
- ამ მხრივ ვიტყოდი რომ იყო სრული სენსაცია თბილისელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე - სოციალური პრობლემების გადაჭრაზე, ირაკლი ალასანიას პასუხი, რადგანაც ყველას გვახსოვს მისი პირველი საარჩევნო კლიპი, რომლითაც ყველა თბილისელს გვპირდებოდა უფასო წამლებს.
ამ ტელე დებატებისას გაირკვა, რომ უფასო წამლების დაპირება არარეალურია და მხოლოდ წინასაარჩევნო ტყუილია. რომ იგი უფასოდ წამლებს მხოლოდ ბავშვებს და მოხუცებს ჰპირდება, ყველა დანარჩენ თბილისელს არა უფასოდ, არამედ შეღავათიან ფასად ჰპირდება მუნიციპალიტეტის აფთიაქში წამლის შეძენას. გარდა ამ ტყუილი დაპირებისა ეს ინიციატივა არაჯანსაღ გარემოს შექმნის ბაზარზეც, რადგანაც ბევრი მცირე მეწარმე, რომლებსაც გააჩნია 1 ან 2 აფთიაქი რაც შემოსავლის წყაროს წარმაოდგენს უთანასწორო კონკურენციის პირობებში აღმოჩნდება.
ასევე ქრისტიან დემოკრატების კანდიდატმა, თითის მქნეველ, აგრესიულ საარჩევნო კლიპებს რომლითაც მტკიცედ გვიმტკიცებენ და გვაჯერებენ თავიანთ შესაძლებლობებში, თავად გადაუსვა ხაზი ერთი წამოცდენილი ფრაზით: „ჩვენ უნდა შევძლოთ ხალხი დავასაქმოთ“ არადა მათი სარეკლამო კლიპები და სლოგანები თბილისელებს არა შესაძლო, არამედ, გარანტირებულ დასაქმებას ჰპირდება.
- იყო თუ არა დამაჯერებელი დებატების დროს გამოთქმული დაპირებები?

- დაპირებების ფინანსური გათვლები იყო ძალიან საინტერესო ნაწილი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბევრ კანდიდატს, ამა თუ იმ დაპირების ზუსტი გათვლები არ უწარმოებიათ. ასევე თვალში საცემი იყო იდეები, რომლებიც კოპირებული აღმოჩნდა ხელისუფლებისგან. ირაკლი ალასანიას ერთი დაპირება დამწყები ბიზნესმენებისთვის 8 პროცენტიანი სესხის მიცემის შესახებ, ძალიან ჰგავდა თბილისის მერიის პროექტს „იაფი კრედიტის“ თაობაზე.
გახსოვთ ალბათ ეს პროგრამა რომლის წყალობითაც ბევრმა ადამინმა დაიწყო ბიზნესი. თუნდაც სულ რამოდენიმე დღის წინ ამ პროგრამის წყალობით გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი. ერთი საინტერესო ფაქტიც... გია ჭანტურიას ყბადაღებულ ტარიფებზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ექსპერტებთან ერთად დათვალეს ამ დაპირების ხარჯები და აღმოჩნდა, რომ 400 მილიონ ლარამდეა საჭირო ბიუჯეტიდან, ამ ტარიფების დაწესებისთვის. თბილისის ბიუჯეტი შეადგენს 750 მილიონ ლარს, 400 მილიონის ტარიფების ცვლილებისთვის დახარჯვა ბევრი პრიორიტეტული სფეროს და მნიშვნელოვანი პროექტის შეფერხებას გამოიწვევს.
უფრო მეტიც შეიძლება ძველი სახლების რეაბილიტაციის შეფერხებაც გამოიწვიოს რაც გახდება თბილისელების სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი.
– რა გავლენას იქონიებს ეს დებატები ამომრჩეველზე ?
- შეიძლება ბევრმა მათგანმა გადაწყვეტილებაც კი შეცვალოს როცა მოისმენს სარეკლამო კლიპების გარდა რეალურ, გაუთვლელ, ვიტყოდი რომ ხშირად აბსურდულ დაპირებებს.

ქალაქის მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარებას რომ ჰპირდებიან მათ უნდა ახსოვდეთ რომ ეს არ არის სოფლის მერის არჩევნები. ძიძიგურის თქმით მისთვის სტრატეგიული საკითხია სოფლის მეურნეობის განვითარება. გოგი თოფაძე აცხადებს, რომ იმპორტირებულ საქონელს შეუქმნის დაბრკოლებას და ხალხი უნდა დაასაქმოს სოფლებში. ვაშაძის მტკიცებით, იგი გააიაფებს სოფლის ნობათს... სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზრუნვა რა თქმა უდნა ცუდი არაა მაგრამ ეს თბილისის მერის არჩევნებია...

გარდა ამისა, ყველა ეს დაპირება, სუსტია იმ ფონზე, როდესაც უგულავამ დებატებისას მიმართა მაყურებელს შემდეგი სიტყვებით: „მე გადავწყვიტე კიდევ ვიყარო კენჭი იმიტომ რომ ზურგს მიმაგრებს განვლილი 5 წელიწადი“, „მე მჯერა რომ თბილისელები ერთმანეთისგან განასხვავებენ ცრუ და რეალურ დაპირებებს, პატიოსან ბარონს მიუნჰაუზერისგან და გააკეთებენ სწორ არჩევანს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100