მიხეილ სააკაშვილის სიტყვა თავისუფლების მოედანზე - 7.10.2011.

"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, რა სასიამოვნო და საამაყოა, აქ რომ გხედავთ, ასე მრავალრიცხოვნად შეკრებილთ.

ქალბატონებო და ბატონებო,

თანამემამულენო,

რამხელა გზა გვაქვს ერთად გამოვლილი!

მახსოვს, 2003 წელი, როდესაც სწორედ ამ მოედნიდან, პირველად მივმართე ქართველ ხალხს. ეს იყო ვარდების რევოლუციის წინ. საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო და ჩვენ დაგპირდით, რომ მას, ევროპულ დემოკრატიად ვაქცევდით. მაშინ ეს უტოპიურ ოცნებას ჰგავდა... მაგრამ შეხედეთ, რას მივაღწიეთ 8 წელიწადში!

მე მაშინაც აქ ვიყავი, 2008 წლის 1 სექტემბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ერთი მილიონი ადამიანის ცოცხალი ჯაჭვი გააბეს დამპყობელთა წინააღმდეგ.

ეს ცოცხალი ჯაჭვი იყო როგორც პროტესტის გამოხატულება, ისე იმედის გამოძახილი. ეს იყო იმედის მოლოდინი და დიდი ნდობა ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლის მიმართ.

მახსოვს, გეუბნებოდით, რომ ჩვენ არ დავრჩებოდით მარტონი, რომ მიუხედავად ტანკებისა, მიუხედავად ბომბდამშენებისა, მიუხედავად უცხო ქვეყნის ჯარისა ჩვენს მიწაზე, ჩვენ საბოლოოდ დავუბრუნდებოდით თავისუფალი და დემოკრატიული ერების ევროპულ ოჯახს...

იმედის ეს ხმა მაშინ განწირულ სულისკვეთებას უფრო ჰგავდა.

მაგრამ შეჩერდით, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და ცოტა ხნით დაფიქრდით, შეხედეთ სად ვიყავით მაშინ და სად ვართ ახლა.

დღეს, ჩვენ აღარ ვართ მარტო.

და ეს არის შესრულებული დაპირება.

ჩვენ არ ვართ მარტო.

და ეს დღე, საამაყოა ყველა ჩვენთაგანისათვის.

ქალბატონებო და ბატონებო,

სწორედ დღეს, ყველაზე დიდი თავდაჯერებით შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ზეწოლის, დაშინების, ემბარგოს, დაბომბვისა და დაპყრობის პოლიტიკამ მარცხი განიცადა.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ უკანონოდ არის ოკუპირებული და ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე კვლავაც გამოძევებულია საკუთარი სახლებიდან.

მაგრამ საქართველოს იზოლაციისა და დამორჩილების გეგმა ვერ შედგა.

ისინი, ვისაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ბოლოს მოღება უნდოდათ - დამარცხდნენ.

მათ, ვინც ცდილობდა შეეჩერებინა ჩვენი სვლა ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური ალიანსისაკენ - მცდელობა გაუცუდდა.

ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, მათი მარცხი, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა თქვენმა სიმტკიცემ და თავისუფლების დაუოკებელმა სიყვარულმა, თქვენმა ღირსებამ და შეუპოვრობამ.

მათი მარცხი განაპირობა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერამ და თანადგომამ.

ჩვენი თავისუფალი ერი დღეს მასპინძლობს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს - ადამიანს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში დაგვიდგა გვერდში - იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მეგობრების თანადგომა.

ჩვენი ქვეყანა არაერთი დაპყრობისა თუ ოკუპაციის მოწმე გამხდარა.

ჩვენი წინაპრების სიმამაცე და გმირული თავგანწირვა არ აღმოჩნდა საკმარისი წითელი არმიის შესაჩერებლად და, შედეგად, მე-20 საუკუნის დასაწყისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკა კომუნისტური ტირანიის ბრუტალური ძალის წინაშე დაეცა.

იმ დროისათვის, საქართველო მარტო იყო, მას არ ჰყავდა მოკავშირეები, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ დამოუკიდებლობის გადარჩენისათვის ბრძოლაში, რომლებიც ხმას აიმაღლებდნენ ჩვენი თავისუფლების დასაცავად.

ხშირად ამტვრევდა ძლიერი მტერი ამ ქალაქის კარიბჭეს, მაგრამ იშვიათად გვეძლეოდა შესაძლებლობა გაგვეღო იგი ძლიერი მეგობრისთვის.

2008 წელს, ასეთი მეგობრები გვყავდა! გვყავდა მოკავშირეები, რომლებიც გვერდში დაგვიდგნენ და მათ შორის უპირველესთაგანი ჩვენი დღევანდელი სტუმარი - ნიკოლა სარკოზი გახლდათ.

ასეთი მეგობრების არსებობა იყო შედეგი ჩვენი მზარდი ინტეგრაციისა საერთო ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია იყო, ქალბატონებო და ბატონებო, ვარდების რევოლუციის მთავარი მისწრაფება.

ის რადიკალური რეფორმები, რომელიც 2003 წლიდან საზოგადოებრივი განვითარების ყველა სფეროში დავიწყეთ, ერთ მთავარ მიზანს ემსახურებოდა - საქართველოს ევროპული ტრანსფორმაცია, ჩვენი - უძველესი ევროპული ერის - თანამედროვე, დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.

საქართველოს საამაყო მოქალაქენო, სწორედ თქვენ ხართ ამ ევროპული ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა. ტრანსფორმაციისა, რომელსაც ბევრი გარეშე დამკვირვებელი „მენტალურ რევოლუციას“ უწოდებს.

თქვენი დაუღალავი ძალისხმევის, თავგანწირვისა და მოქმედების წყალობით, საქართველო დღეს იმდენად მყარად დგას ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რომ ვერც ერთი უცხოელი ლიდერი, როგორი ძლიერიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ვერც ერთი უცხოური ძალის მარიონეტი, ვერც ერთი ქვეყნის უცხო ჯარი, როგორ საშიშადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, ვერ შეძლებს ამ გზიდან ჩვენს აცდენას.

და ჩვენი გზა, ჩვენი საბოლოო მიზანი ნათელია - ეს არის ევროპა.

ამას გვავალებს ჩვენი წარსული და ჩვენი მომავალიც ამას მოითხოვს.

ქართველი ხალხი თავს ყოველთვის ევროპელად გრძნობდა და მას ყოველთვის ქონდა გაკეთებული თავისი ევროპული არჩევანი.

ევროპული არჩევანი იყო ქრისტიანობა, ევროპული არჩევანი იყო ბიზანტიასთან ალიანსი, ევროპული არჩევანი იყო სოციალ-დემოკრატია ბოლშევიზმის წინააღმდეგ.

როგორც პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტმა თქვა:

„თქვენ იცით, რომ საქართველოსა და რუსეთის გზები ერთმანეთს დაშორდა. ჩვენს გზას ევროპაში მივყავართ, რუსეთის გზას კი აზიაში.

ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება, აქ მისი გამეფება, ნიშნავს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს სამუდამო დასამარებას, ევროპისაგან სამუდამოდ მოწყვეტას და დღეს ვაცხადებ კიდევ უფრო მეტი ძალით და მეტი ენერგიით ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ევროპის დემოკრატიას“.

დაბოლოს, ვარდების რევოლუცია და ყველაფერი ის, რაც ვარდების რევოლუციას მოჰყვა - არის ჩვენი ევროპული არჩევანი.

ჩვენი რეფორმები არის ევროპული არჩევანი, ჩვენი განათლების ახალი სისტემა არის, ასევე, ევროპული არჩევანი.

მე აქ არ ვსაუბრობ იმაზე, რაც შეიძლება უბრალო პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს; მე ვსაუბრობ იდენტურობასა და ფასეულობებზე; მე ვსაუბრობ იმაზე, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთავრობა და ოპოზიცია; უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მე ან სხვა რომელიმე ლიდერი; მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არავის საკუთრება არ არის და არავის შეუძლია მისი ჩახშობა – ეს არის ქართველი ერის მომავალი.

მის წინაშე ჩვენი ეთნიკური თუ სოციალური წარმომავლობა, ჩვენი პოლიტიკური თუ რელიგიური განსხვავებანი, ჩვენი ხნოვანება თუ სიმდიდრე - ფერმკრთალდება.

ჩვენ ყველანი ქართველები ვართ და, მაშასადამე, ჩვენ ყველანი ევროპელები ვართ.

და როგორც ამაყი ქართველები, როგორც ნამდვილი ევროპელები, ერი რომელსაც დაუოკებლად გვიყვარს თავისუფლება, მოდით, მივესალმოთ საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის."


კომენტარი