სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი გუგავა: ამას პოლიტიკური პროსტიტუციის ნაირსახეობა ჰქვია

„დანამდვილებით არ ვიცი, ხელისუფლების თამაშს რომელი ოპოზიციონერი თამაშობს, თუმცა უმაგისობა ნამდვილად არ არის. ასეთი თამაშები კი ძალიან ცუდად მთავრდება.
პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ, მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით, როდესაც ხელისუფლებასთან ფარულად თანამშრომლობ, მასზე ბევრად უარესი ხარ. როდესაც ერთს ამბობ, მეორეს ფიქრობ და მესამეს აკეთებ, ამას პოლიტიკური პროსტიტუციის ნაირსახეობა ჰქვია და ამ შემთხვევაში, მორალურად უფრო დაბლა დგახარ, ვიდრე ის პროსტიტუტკა, რომელიც სხეულს ჰყიდის, რადგან შენ უკვე ქვეყანას და ხალხს ჰყიდი“, - დასძინა „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.

- ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი კანდიდატის გარეშე წარდგება, ხმების გაყოფის შემთხვევაში უგულავას გამარჯვების შანსები იზრდება, ამ ფონზე რამდენად აქვს ოპოზიციას გამარჯვების შანსი და რატომ გახდა ასე რთული ერთიანი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანება?

- ოპოზიციის შეფასებას ვერ დავიწყებ, ზოგადად იმ გარემოს კი, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, შევაფასებ. დღეს ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, რადგან ხელისუფლებას საშუალება აქვს სიებით მანიპულირების.

ეს სიები კი მკვდარი სულებითაა გაბერილი. მათგან მიცემულ ხმებს საარჩევნო ურნებში ჩაყრიან და აღმოჩნდება, რომ არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატმა გაიმარჯვა.

ამ ყველაფერს შეურიგებლობა, ბოიკოტი, ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირება უნდა დავუპირისპიროთ და ამ ხელისუფლების პოლიტიკური არსებობა საქართველოში უნდა დავასრულოთ. ლეიბორისტული პარტია კოლეგა ოპოზიციონერებს პატივისცემით და არა ნიშნის მოგებით მიმართავს და სთხოვს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ, ამის დრო ჯერ კიდევ არის. ასეთი ქმედება ხელისუფლებას ამ არჩევნებს თავზე დაამხობს და მათ წასვლას დააჩქარებს.
- ოპოზიციის ნაწილი ჯერ არჩატარებულ არჩევნებზე ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდება, თუმცა არჩევნებში მონაწილეობას მაინც იღებენ, რისი იმედი აქვთ?

- დიახ, მშვენივრად იციან, რომ არჩევნების გაყალბება დაწყებულია. არჩევნების მასიური გაყალბების ნიადაგი შემზადებულია და ამის შედეგებს, ჩვენდა სამწუხაროდ, ვნახავთ. იციან, ამ ფონზე გამარჯვების შანსი, რომ არა აქვთ, მაგრამ არჩევნებში მაინც მონაწილეობენ, იმედს ვიტოვებ, გადაიფიქრებენ და ჩვენს წინადადებას დათანხმდებიან..
- თუმცა, ექსპერტთა თქმით, ხელისუფლების კანდიდატს მაღალი რეიტინგი აქვს და ხელისუფლებას გასამარჯვებლად არჩევნების გაყალბება არ სჭირდება... თქვენი აზრით, ოპოზიცია წაგებულ ომში რატომ მიდის?

- ეგ უკვე აღარ ვიცი. ჩვენი პოზიცია მოგახსენეთ და იმის მიუხედავად, რომ ჩვენს პოზიციებს შორის განსხვავებაა, ოპოზიციურ ძალებს საერთო მიზანი გვაქვს და სტრატეგიაში ვთანხმდებით. ეს არის ამ ხელისუფლებისგან ქვეყნის გათავისუფლება. ნუ, ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ შესაძლებელია თვითმმართველობის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა და აირჩიეს კიდეც ბრძოლის ეს გზა.

ისე, კიდევ ერთი გარემოება არსებობს, რასაც სააკაშვილი არ დაუშვებს. ვთქვათ, ამ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და რა ხდება შემდეგ? თვითმმართველობა, როგორც დამოუკიდებელი სახელისუფლო ინსტიტუტი, საქართველოში არ არსებობს.

საქართველოში ადგილობრივი ბიუჯეტი 100%-ით არის დოტაციური, ანუ არის ცენტრალური ხელისუფლების ხელში. ამით იმის თქმა მინდა, რომ რომც გაიმარჯვოს ოპოზიციის კანდიდატმა, რომელიც ხალხს უამრავ დაპირებას დაურიგებს, ამ დაპირებებს ვერ შეუსრულებს, რადგან ხელისუფლება ამ დოტაციას ბიუჯეტიდან არ მისცემს. შემდეგ ხელისუფლება ხალხს ეტყვის, ხომ აირჩიეთ ეს ადამიანი და შეგისრულოთ ახლა დაპირებებიო. რითი ასრულებს დანაპირებს, ერთი მითხარით, აბა?

- ზოგიერთი ოპოზიციური ძალა ხელისუფლების თამაშს ხომ არ თამაშობს?

- უმაგისობა ნამდვილად არ არის, თუმცა დაკონკრეტებას ვერ დავიწყებ და ამა თუ იმ ოპოზიციონერს ხელს ვერ დავადებ, რადგან დანამდვილებით არ ვიცი რომელი ოპოზიციონერი თამაშობს. ისე, ასეთი თამაშები ძალიან ცუდად მთავრდება.

არაფერი დამალულა და ყველაფერს თავისი სახელი დარქმევია. პოლიტიკურს რომ თავი დავანებოთ, მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისით, როდესაც ხელისუფლებასთან ფარულად თანამშრომლობ, მასზე ბევრად უარესი ხარ.

იმედი მაქვს, ასეთი ძალები არ იქნებიან საქართველოში. როდესაც ერთს ამბობ, მეორეს ფიქრობ და მესამეს აკეთებ, ამას ჰქვია პოლიტიკური პროსტიტუციის ნაირსახეობა და მორალურად უფრო დაბლა დგახარ, ვიდრე ის პროსტიტუტკა, რომელიც სხეულს ჰყიდის, რადგან შენ უკვე ქვეყანას და ხალხს ჰყიდი.

- ნათელაშვილის ინიციატივით ოპოზიცია შეიკრიბა, რა შეიცვალა ამ შეხვედრის შემდეგ? ფიქრობთ თუ არა, რომ ოპოზიცია ნოღაიდელის ფაქტორის გამო ვერ გაერთიანდა, გარკვეული ძალები ამ შეხვედრაზე სწორედაც მის გამო არ მივიდნენ, ისე, თქვენ არ შეგიქმნათ დისკომფორტი ნოღაიდელის იქ ყოფნამ?

- იმ შეხვედრაზე ოპოზიციური ძალების კოორდინირება იყო დასახული და არც არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ოპოზიციის კოორდინირება და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა.

ეს ყოველთვის აუცილებელი და საჭიროა, ვფიქრობ, ოპოზიცია რაც უფრო კოორდინირებულად იმოქმედებს, ბრძოლა მით უფრო ეფექტური იქნება. დღეს ერთმანეთთან დაპირისპირების დრო არ არის. ამის დროც იქნება, სიმართლის პინაზე დაიდება და აიწონება ყველას ნამოქმედარი. ეს მსჯავრი აუცილებლად შედგება საქართველოში.

ბუნებრივია, ყველას საკუთარი უნდა მიეზღოს. საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, აუცილებლად უნდა შეფასდეს მოვლენები და სამართალი უნდა შედგეს, რათა მომავალში ყველას გაუქრეს სურვილი ქვეყანაში დანაშაულებრივი პოლიტიკის გატარებისა.

- იმ ფონზე, როდესაც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებთ, მოუწოდებთ თუ არა თქვენს ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ?

- ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის ნების აღმსრულებლები ვართ და ისინი მოგვიწოდებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა. მათ მშვენივრად იციან რაც მოხდება და ოპოზიცია არ სჭირდებათ როგორ პოზაში იცით? აი, დამჩაგრეს, გამიყალბეს, გამაუპატიურეს და ა.შ. ხალხს გამარჯვება სჭირდება და გვითხრა, რომ გამარჯვება მიიღწევა შეურიგებლობით და ბოიკოტით. საქართველოში უნდა დამთავრდეს ის ტენდენცია, როდესაც პოლიტიკოსები ხალხს საკუთარ აზრებს ახვევენ თავს და აქეთ-იქით დაატარებენ.
- ოპოზიცია ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს, პირიქით, მერობისთვის ხელჩართული ბრძოლა აქვთ გამართული, ანუ არჩევნები მაინც ჩატარდება და ბოიკოტით რას მიაღწევთ?

- ჯერ კიდევ არის დრო, რომ შეიცვალონ აზრი და ბოიკოტი გამოაცხადონ. დამერწმუნეთ, ასე თუ მოიქცევიან, ამ ხელისუფლების მმართველობა დამთავრდება. ჩვენი პოზიცია, როგორც ყოველთვის, სწორია. ჩვენ არჩევნების გზა ხომ გავიარეთ, ვნახეთ, რომ არჩევნები სამართლიანად არ ტარდება და ამ გზას თავიდან რაღატომ უნდა დავადგეთ? მაზოხიზმისკენ ხომ არ არის მიდრეკილი ასეთი პოლიტიკა?

- გაჩეჩილაძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა, არ დააყენოს თავისი კანდიდატურა, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ამბობენ, ალასანიასგან ფული აიღო და იმიტომ გადგა განზეო...

- არ ვიცი, ვინ ვისგან აიღო ფული, ასეთ ინფორმაციას არ ვფლობ. ვერ გეტყვით, რატომ გადაწყვიტა ლევანმა ასე, ალბათ, რეალურად შეაფასა ის გარემო, რომელიც შექმნილია და მიხვდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. ვფიქრობ, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.

- ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ბიშკეკის სცენარი ყველაზე რეალურად ესახება, ამაზე რას იტყვით?

- მას ეს ასე არ უთქვამს. მან თქვა, ოღონდ ჩემი ქვეყანა გამთლიანდეს და დაე, ჩემი და ყველა პოლიტიკოსის სიცოცხლე შეეწიროს ამ პროცესებსო. აი, ამ კონტექსტში იყო ეს ნათქვამი. ისე, თუ ასე გააგრძელა ხელისუფლებამ, ბიშკეკს რომელიმე პოლიტიკოსი კი არ მოამზადებს, არამედ - ხალხი. ორი გზა არსებობს - უკრაინის გზა, რომელიც დათმობს და არჩევნებით მშვიდობიანად გაეცლება ქვეყანას და მეორე გზაა - ბიშკეკი. რაღაც აუცილებლად მოხდება და ამას ვინმე კი არ გააკეთებს, ამის ავტორი იქნება ხელისუფლება. ინდივიდუალურად ვერცერთი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი ვერ შეძლებს რაიმე პროვოცირების გამოწვევას და დაპირისპირების განხორციელებას, თუ მას ნოყიერი ნიადაგი არ გააჩნია საზოგადოებაში.

- კუკავას და დავითაშვილის მოსკოვური ვიზიტი არაერთგვაროვნად შეფასდა, რისთვის დადიან ოპოზიციონერები კრემლში და რამდენად მისაღებია თქვენთვის იმ სახელმწიფოში სიარული, რომელმაც აგვისტოს აგრესია მოგვიწყო?

- კუკავას და დავითაშვილს გზა მშვიდობისა ვუსურვოთ. რა უნდა შევაფასო, არ ვიცი, რისთვის გაემგზავრნენ, დავითაშვილს და კუკავას ჰკითხეთ ეს, რომ ჩამოვლენ. რა ვიცი, რას დადიან, ვერ გეტყვით, ჩამოვლენ და იტყვიან საჯაროდ, მე შემიძლია, მგზავრობს კაცი და გზა მშვიდობისა ვუსურვო.

ალბათ, ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობების აწყობას, დაე ააწყონ. ვფიქრობ, ამაში სავალალო არც არაფერია, თუმცა არ ვიცი რა გამოუვათ, ამას მომავალი გვიჩვენებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოღაიდელმა საარჩევნო კომისიებში თქვენი წარმომადგენლებისთვის ადგილების დათმობის სანაცვლოდ ნახევარი მილიონი შემოგთავაზათ...

- აი, გადაიხედეთ, აქ არის ეზო და ეზოში ჩამარხულია იმ ფულით სავსე ჭურები, ოღონდ კვალის ასარევად ერთში მთხლეა, მეორეში კი - ფული. სასაცილოა ეს და მეტი არაფერი.
ყოველკვირეული გაზეთი "დრონი.ჯი" (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100