სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა ცოდვები

წინასაარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის, დარჩენილია თვეზე ოდნავ მეტი. პოლიტიკური პარტიები მერობის კანდიდატებთან ერთად რინგზე საბრძოლველად საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებსაც უხმობენ.
„ალიანსი საქართველოსთვის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოზარ სუბარია. ეს უკვე გადაწყვეტილი საკითხია და აღარ გადაისინჯება, თუ რაღაც არ მოხდა, მაგალითად, საბედისწერო შეცდომა პოლიტიკაში. სოზარი, ისევე როგორც ინგა გრიგოლია, პოლიტიკაში მედიიდან მივიდა, რატომღაც ამის შესახებ არავის ახსენდება, მხოლოდ გრიგოლიას წამოაძახებენ ხოლმე, რომ ის ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაბარგდა და მის ნაბიჯს აკრიტიკებენ.
არადა, ის სოზარი, მაშინ სუბარის ნაცვლად ჯერ კიდევ სუბელიანად რომ მოიხსენიებოდა, გაზეთ „კავკასიონში“ მუშაობდა და სტატიებს აქვეყნებდა. როგორც ჟურნალისტს, არა უშავდა, არ იყო ცუდი, მაგრამ მოგვიანებით პრესიდან არასამთავრობო სექტორში გადაინაცვლა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი გახდა.

აქედან იწყება მისი სამარცხვინო გზა მართლმადიდებლობის დაკნინებიდან სექტების აღზევებამდე. ჩვენს სოზარს მაშინ გაახსენდა, რომ მართლმადიდებლები, რომლებიც ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენენ (საბედნიეროდ), ჩაგრავენ იეღოველებს და ფიზიკურად უსწორდებიან მათ. იეღოველების ასეთმა ბრმა დაცვამ და შებრალებამ საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა, რომ სოზარ სუბარი იეღოველების მიმდევარია, ამ ეჭვებს გაქარწყლება არ ეწერა, რადგან როცა სუბარი სახალხო დამცველი გახდა, იეღოველების უფლებებისათვის დაცვა ახალ ეტაპზე გადაიყვანა, იმდენი ქნა, ლამის მართლმადიდებლობას გაუტოლა.

პოპულიზმის შედევრი იყო 7 ნოემბრის აქციის დარბევის შემდეგ მისი არაერთი ტელეგამოსვლა და ამ ფაქტის დაგმობა.ესეც მას შემდეგ დაგმო, როცა რამდენჯერმე თავადაც მოხვდა ხელკეტი გვერდებში, ისე, სოზარს უკვე მაშინ ეტყობოდა, რომ ტენდენციურობისკენ გადაიხარა.

არავინ ამბობს იმას, რომ სახალხო დამცველლი ოპოზიციის ინტერესებს არ უნდა იცავდეს, მაგრამ სადაც ობიექტურობაა დასაცველი, იქ შენი პოლიტიკური სიმპათიები გვერდზე უნდა გადადო. მისი მოხსენებები იმდენად პოლიტიზირებული და ცალმხრივი გახდა, რომ არა მარტო ხელისუფლებას, საზოგადოების დიდ ნაწილს აღიზიანებდა. სუბარს მადა გაეღვიძა და ახლა პოლიტიკაში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა. დღეს მადააღძრული სოზარ სუბარი საკრებულოს თავმჯდომარეობას უმიზნებს.

„ეროვნულმა საბჭომ“ სოციოლოგიური კვლევებით მერობის კანდიდატად ზვიად ძიძიგური გამოავლინა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კობა დავითაშვილი წარადგინა. ეს მოსალოდნელიც იყო, კობას ძიძიგურზე მეტი წონა არ აღმოაჩნდა, ცხადია, პოლიტიკურ წონას ვგულისხმობთ. თუმცა არც ძიძიგურია უნაკლო კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე, სამტრედიული კილოთი მოსაუბრე ზვიადი როგორ გახდება ვაკელებისა და საბურთალოელების მერი, საკითხავია, თანაც, რა დასამალია და, ყველა ქალაქს თავისი შინაური ქალაქის თავი სჭირდება.

ფოთს ფოთელ კაცზე უკეთ ვერავინ გაუგებს, ასეა თბილისიც. კობა კი გამოჰკრავს საკრებულოში თავმჯდომარის სავარძელს ხელს, ყოველ შემთხვევაში, ოცნებობს ამაზე და ოცნებას კაცი არ მოუკლავს. მაგრამ რამდენიმე ეპიზოდი კობას „ცხოვრებიდან“ დიდხანს შემორჩება ქართველების მეხსიერებას. ერთი ასეთი კულმინაციური ეპიზოდი რესტორანში შეემთხვა, როცა აზერბაიჯანელ ბიზნესმენზე პარლამენტის არჩევნებში ადგილს ჰყიდდა. თანხა სოლიდური იყო, ამ კადრებმა კი საქართველო მოიარა, ამ სკანდალის შემდეგ შეარქვეს კობას „ნა ვერტელე“. მაშინ კობა თავს იმართლებდა, რა მოხდა მერე, ეს პარტიის შემოწირულობა იყო და სხვა არაფერიო, ძიძიგურმა პარტიიდან სწორედ იმიტომ გარიცხა, რომ ბოლომდე ვერ გაარკვია, კობას ეს თანხა პირადი მოხმარებისთვის უნდოდა, თუ მართლა პარტიის ინტერესებზე ზრუნავდა.

კობა ამ სირცხვილის მერე პოლიტიკიდან არ წასულა, მალე ისევ აღზევდა და ხალხის პარტია დააარსა, სადაც ყველასი და ყველაფრის თავმჯდომარე გახდა. მეორე სკანდალური ეპიზოდი იყო, როცა მან „რესპუბლიკელებს“ საკრებულოში ადგილის მისთვის დათმობა მოსთხოვა.
თავად კობა ამ ამბავს ასე იხსენებს: „იმ პერიოდში პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ ალბათ გახსოვთ, ფარული ჩანაწერი რომ გამივრცელეს და ვითომ სკანდალი ამიგორეს. ამის გამო შევცვალე გადაწყვეტილება, იმ მომენტში პოლიტიკიდან ვერ წავიდოდი, მჭირდებოდა ტრიბუნა, ამიტომ გადავწყვიტე საკრებულოში შესვლა. მე ეს ავუხსენი „რესპუბლიკელებს“ და მოვუბოდიშე კიდეც ამის გამო. რაც შეეხება ჩემთვის ხელფასის მოცემას, ასეთი საუბარი არ გვქონია“.

ახლა ბარემ იმასაც ხომ არ დააბრალებდა კობა „რესპუბლიკელებს“, ფულზე მევაჭრებოდნენო. კობამ ამ ეპიზოდის შემდეგ „რესპუბლიკელების“ საყოველთაო ზიზღი დაიმსახურა და „ალიანსის“ შექმნის დროს „რესპუბლიკელებმა“ დავითაშვილის გვარის ხსენებაც კი აუკრძალეს ყველას.

ახლა ეს თავგადასავლების მოყვარული არშემდგარი პროკურორი რესპუბლიკისა, საკრებულოში თავმჯდომარის ადგილის დაკავებას ცდილობს. ერთი ეს და მეორეც, ბანდიტების თავყრილობას ესწრება პიტერში და ებრალიძეს სთავაზობს - რუსულ-ქართული საკოორდინაციო საბჭო შექმენი, თავმჯდომარე შენ იქნები და ჩვენც აგერ ვართო. ახლა რომ ნოღაიდელს წველის, მალე ებრალიძის მოწველასაც დაიწყებს. ფულის შოვნის ჩემპიონია.

კობა რომ ძიძიგურს ყველაფერში ეთანხმება, ეს „ყურებჩამოყრილი ვირის“ პირდაპირი მითითება იქნება, განსხვავებულ აზრს ნოღაიდელი ვერც ფინანსთა სამინისტროში იტანდა და ვერც პარლამენტში. ძიძიგურს კომუნისტური წყობის ნოსტალგია ისე ძლიერ შემოაწვა, რომ განათლების ძველ სისტემას მისტირის, ამბობს, მე რომ მერი გავხდები, სკოლებში სახელმძღვანელოები უფასო იქნება და აღვადგენ იმ წესს, რომლითაც კლასიდან კლასს გადაეცემოდა სახელმძღვანელოები და ახლის შეძენა ჩვენს შეჭირვებულ ამომრჩეველს არ დასჭირდებაო.
ვითომ კარგი იდეაა, მაგრამ, აბა, იმ ყოფილ მოსწავლეებს გვკითხოს, კომუნისტური სკოლის სისტემაში რომ ვიძირებოდით, ასე ხელიდან ხელში რვა და ცხრა ხელგამოვლილი სახელმძღვანელო რომ გადმოდიოდა ჩემთან, ისეთი დაფლეთილი ჰქონდა გვერდები, ძაღლი პატრონს ვერ იცნობდა, რომელ თავში რა ეწერა. ახლა ძიძიგური ამ დახავსებულ-დაობებული სისტემის მეხოტბე გახდა და ხომ წარმოგიდგენიათ, რა განცხრომაში იქნებიან ბავშვები, ძიძიგური რომ მერი გახდება.

არ გამოვრიცხავ, ისე შორს წავიდეს მისი ნოსტალგია „ძველი დიდების“ მიმართ, პირდაპირ მერიის შენობაზე გადმოკიდოს ძველი და ნაცნობი ფრაზა: „ლენინს უყვარდა ბავშვები“,Mმერე კი ეს ფრაზა თავის სამუშაო დევიზად აქციოს კიდეც. პუტინის ქართველი მიმდევრები „ეროვნული საბჭოდან“ ხომ ვალოდია პუტინის ყოველ ნაბიჯს იწონებენ, არც იმას აპროტესტებენ, რომ ვალოდია პუტინმა ვალოდია ლენინ-ულიანოვის ლეშის მიწისთვის მიბარება გადაიფიქრა, არადა რუსი ადამიანის უფლებების დამცველები პიდაპირ სთხოვდნენ, მიაბარეთ მიწას, ისიც დაისვენებს და ჩვენცო, ვალოდია პუტინმა კი ლენინი ისევ დაუტოვა რუსებს სალოცავ კერპად და მასთან ერთად სტალინის სახელიც გაიხსენა.

აგრესიული ინგა გრიგოლია „ქრისტიან-დემოკრატებს“ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის შემთხვევით არ შეურჩევიათ. ჯერ ერთი, უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი თარგამაძეს დიდი ხანია ინგას პოლიტიკაში შეტყუება სურდა. ბოლოს და ბოლოს შეიტყუა კიდეც, რატომაც არა, ჟურნალისტი, რომელსაც, როგორც იტყვიან, ჭიპი აქვს მოჭრილი ჟურნალისტიკაში და პოლიტიკის ყველა კულუარული ამბავი ზედმიწევნით იცის, რატომ არ შეიძლება პოლიტიკაში მოვიდეს. მთავარი მორალური პრინციპები და ზნეობრივი კრიტერიუმებია, თორემ ინგამ პოლიტიკა თავისი ხუთი თითივით რომ იცის, ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს.

თუმცა ერთია პოლიტიკა იცოდე და მეორეა - რა მორალური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობ. ტელევიზიის პირველი არხის სახე ინგა გრიგოლია შევარდნაძეს არაერთხელ უკავშირდებოდა და აზრს ეკითხებოდა. მოხუციც უშურველად არიგებდა რჩევა-დარიგებებს, მერე კი ე.წ. რეფორმატორებსა და „მოქკავშირის“ ძველ სახეებს შორის ურთიერთობა ძალიან გამწვავდა.

ჟვანიას გუნდი რომ „რკინის კაცს“ - კახა თარგამაძეს დაუპირისპირდა და ტელევიზიაში ეკა ბერიძეს ელდარ შენგელაია და დავით ტყეშელაშვილი ჰყავდა მიწვეული, ბერიძე და გრიგოლია ორ ხმაში გაჰკიოდნენ და ისტერიკა დაემართათ, ისე იცავდნენ კახა თარგამაძეს.

მაშინ ელდარ შენგელაიამ ეს უზრდელობა გადაყლაპა, მოგვიანებით კი, როცა „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, ამ წარმოდგენის მთავარმა რეჟისორმა, ზაზა შენგელიამ ტელევიზიის შეფობიდან წასვლის სურვილი გამოთქვა, ინგა კი მწარედ ტიროდა და ჟვანიას გუნდის ხელისუფლებაში მოსვლას გლოვობდა. მერე იყო ტელეკომპანია „მზე“, „რუსთავი-2“-შიც გახლდათ, „იმედის“ დარბევის შემდეგ ინგა ძალიან აღშფოთებული ყვებოდა, როგორ დასდევდა სპეცრაზმი ტყე-ღრეში საცემრად.

მისი მორალური და ობიექტური ჟურნალისტის იმიჯი უცებ დაინგრა, როცა „კეთილი ბაბუს“, ბადრის საქართველოდან გაქცევისა და „იმედის“ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ინგა პირველ არხზე ვიხილეთ. თავად ამ ნაბიჯს ასე ხსნიდა: „ტი-ბი-სი თი-ვი სტუდიის’“ ხელმძღვანელი ლევან ყუბანეიშვილი ჩემი მეგობარია და მისი შეთავაზებით მოვედი პირველ არხზე, თანაც გარანტია მომცა, რომ თავისუფალი ვიქნები და ცენზურა ჩემს საქმიანობაში ხელს არ შემიშლისო.

ცენზურით თუ მის გარეშე, ინგამ საპრეზიდენტო კანდიდატების პორტრეტები შექმნა, მათ შორის ლევან გაჩეჩილაძის, დავით გამყრელიძისა და მიხეილ სააკაშვილისაც კი, იმ გადაცემაში იყო სწორედ, ინგა მომხიბვლელად რომ უღიმოდა სააკაშვილს და ისეთი პიარი გაუკეთა, ოპოზიციური კანდიდატები გულზე გასკდნენ.

ისე, გულის სიღრმეში ინგა ჟვანიას გუნდის მოძულე დარჩა, მაგრამ მისი ისტერიკა და კივილ-წივილი დიდხანს ემახსოვრება მაყურებელს. ჟურნალისტიკის ელემენტარული წესია, შენი სუბიექტური აზრი შენთვის დაიტოვო და ტელევიზიით საჯაროდ არ გამოხატო სიძულვილი ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ყოველ შემთხვევაში, თუ გძულს, ეს ხავილით კი არა, სჯობს, მწვავე კითხვების დასმით გამოხატო. ეს ისე, რჩევას თუ მიიღებს კოლეგისგან საკრებულოს თავმჯოდმარეობის მაძიებელი ჟურნალისტი.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100