კრემლი ტალიავინის კომისიის დაშანტაჟებას ცდილობს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი, პრივატულ საუბრებში აღიარებს, რომ რუსების მიზანი ტალიავინის კომისიის წევრებზე ზეგავლენის მოხდენაა, რათა კიდევ ერთხელ, თავიდან აიცილონ სამარცხვინო, სისხლიანი და იმპერიალისტური პოლიტიკის წყალობით გამოწვეული ტრაგიკული შედეგი – უდანაშაულო ადამიანების მკვლელობები და სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების მიტაცება.
კომისიამ, რომელსაც ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, უნდა გამოაქვეყნოს მტკიცებულებათა ნუსხა, რაც შესაძლოა, კრემლის მესვეურთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებით დასრულდეს. იმ შემთხვევაში, თუ ტალიავინი რუსების წნეხს გაუძლებს, გამორიცხული არაა, რომ ცივილიზებულმა მსოფლიომ რუსეთის ფედერაციას სერიოზული პრობლემები შეუქმნას – ხოლო პუტინ-მედვედევი ოფიციალურად დაადანაშაულოს დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში. ის, რომ 2009 წლის აგვისტოში, რუსეთის საოკუპაციო არმია თავს დაესხა საქართველოს და მიიტაცა მისი ტერიტორიები, სადაოც არაა, მაგრამ ტალიავინის კომისიის დასკვნით, კრემლის დამპყრობლური პოლიტიკა უკვე ოფიციალურად გაშიშვლდება და მსოფლიო კიდევ ერთხელ დაინახავს რუსეთის ნამდვილ სახეს, რომელიც საფრთხეს უქმნის პატარა სახელმწიფოების არსებობას.
თუმცა, სიმართლის დასამალად, რუსები შანტაჟზეც კი არ იტყვიან უარს. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, ევროკავშირის წარმომადგენლები მათთვის არასასურველი დასკვნის დადების შემთხვევაში, კრემლიდან მოსალოდნელი საფრთხეებით დააშინონ. რუსების შანტაჟის ერთ-ერთი კომპონენტი კი, კარგად აპრობირებული იარაღი – გაზია.
“იტყვით სიმართლეს, გაგყინავთ ზამთარში”, – დაახლოებით ასეთია ის მუქარა, რომლითაც რუსები თავიანთი დანაშაულებრივი ისტორიის დავიწყებას გეგმავენ.
კრემლი ევროკავშირის კომისიას ირიბად სთავაზობს, რომ დამალოს ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები და დაეყრდნოს ზოგიერთი ქართველი “პატრიოტის” განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო.
ისეთი “პატრიოტები” კი, რომელთათვისაც რუსეთის ხელისუფლება უცოდველი კრავია, ხოლო საქართველოს ხელისუფლება “პატარა ოსეთის” მიწასთან გამსწორებელი, სამწუხაროდ, არც თუ ცოტა გვყავს.
სწორედ მათ როყიო და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აფრიალებენ რუსი გენერლები და გაიძახიან – აი, ბატონო, თუ ჩვენი არ გჯერათ, დაუჯერეთ იმ ქართველებს, რომლებიც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენო. თავის მხრივ კი, სერგო ორჯონიკიძის იდეური შთამომავლები “მშვიდობისმოყვარე” რუსებს კვლავ უდასტურებენ არარსებულს და აცხადებენ, რომ ქართული არმია შეიჭრა ცხინვალში... არადა, ცხინვალი არაა პეტერბურგი, ანუ რუსეთი, ცხინვალი საქართველოა და ქართული არმია, წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის საოკუპაციო ჯარებს, რათა როგორმე შეეჩერებინა დამპყრობლების ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა.
ალბათ ბევრზე უფრო მეტად, ეს, ტალიავინის კომისიის წევრებმაც კარგად იციან და იმედია, მათ კრემლი აზრს ვერ შეაცვლევინებს. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ დასკვნის გამოქვეყნება რამდენიმე თვით გადადო, იმედია, ევროკავშირი რუსებს თავს არ დააშანტაჟებინებს.

კომენტარი