სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეზო ჭეიშვილი: „ოპოზიციას იმპოტენტი ინტელიგენცია უჭერს მხარს“

მწერალ რეზო ჭეიშვილის აზრით, ოპოზიციას არ აინტერესებს საქართველოს ერთიანობა და სიძლიერე. „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ოპოზიციას ფეხებზე ჰკიდია, მხოლოდ პირადი ამბიციები ადარდებთ და მეტი არაფერი. ისინი კრემლში თავისი ამბიციების, ბოღმის და სააკაშვილის სალანძღავად ჩადიან. არ მგონია, ქვეყანაში არეულობის მოწყობა შეძლოს ამ ოპოზიციამ, რადგან გაყიდულები და გაშიშვლებულები არიან. ესენი სერგო ორჯონიკიძეზე უარესები არიან. ორჯონიკიძე 50 წლის რომ გახდა თავი მოიკლა. ამ ოპოზიციონერებიდან რომელიმე თავის მომკვლელია? იმ დონეზე მივა რომელიმე თავის რწმენით? ეს, ხომ გამორიცხულია“, - განუცხადა მწერალმა „დრონი.ჯი“-ს.

დრონი.ჯი“: ბატონო რევაზ, ოპოზიციური სპექტრიდან რომელია ეროვნული ძალა, რომელიც ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის კეთებას შეძლებს?

რეზო ჭეიშვილი: სამწუხაროდ, ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენლის არ მჯერა და დღეს, ოპოზიციაში ისეთი კაცი არ მეგულება, რომელზეც ვიტყოდი: კარგი იქნება, ამან აიღოს ხელში ქვეყნის მართვის სადავეები და ჩაანაცვლოს ეს ხელისუფლება მეთქი. ისე, იყო დრო, როდესაც ირაკლი ალასანიასი მჯეროდა, თუმცა დღემდე გაურკვეველია საერთოდ, რა როლს თამაშობს ალასანია, დიახ, ჯერჯერობით, ის თამაშობს და მერე ვნახოთ, რას იზამს.

- რას გულისხმობთ, „თამაშში“?

- იცით, ადრე მეგონა, რომ სააკაშვილს ეხმარებოდა და იმიტომაც ჩამოვიდა. ახლა, აღარ ვიცი, თუმცა მგონი, ისევ მას ეხმარება. შეიძლება სააკაშვილი დაპირდა კიდევაც მას რამეს, ან მემკვიდრედ იმზადებს. რაღაც, რომ ხდება უდავოა.

- ალასანიას ბოლო ნაბიჯები რას ნიშნავდა, მან მერყევი პოლიტიკოსის სახელიც კი შეიქმნა, რის გამოც საზოგადოების ნაწილში მხარდაჭერაც დაკარგა და ამ ფონზე არჩევნებში გამარჯვების რა შანსები აქვს მას?

- დიახ, ჯერ იყო და ალასანიამ გაამჟღავნა, რომ დღეში ცხრა პარასკევი ჰქონდა, ახლა კი მისი ბოლოდროინდელი გამოსვლა შედარებით ნორმალური იყო, არ ვიცი, ჩემთვის მაინც გაურკვეველია, რა თამაშს თამაშობს იგი. რაც შეეხება გამარჯვების შანსებს, სხვებივით ალასანიასაც გამარჯვების ნაკლები შანსები აქვს, არა მგონია უგულავას აჯობონ. ისე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს არჩევნები, მაინც ატყდება ერთი ამბავი, ეს ოპოზიციონერები დაიწყებენ ჩხავილს არჩევნები გაყალბდა-გამოყალბდაო.

- წინასწარ იმის მტკიცება, რომ არჩევნები გაყალბდება ოპოზიციის კრიზისულ მდგომარეობაზე ხომ არ მიანიშნებს?

- რასაკვირველია. ოპოზიცია ჩიხურ მდგომარეობაშია და წაგებისთვის ემზადება. ემზადებიან იმისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, მაშინ, როცა გამჟღავნდება, რომ არჩევნები წააგეს. წინასწარ ამზადებენ ხალხს და არწმუნებენ, რომ არჩევნები გაყალბდება. უნდათ დაარწმუნონ საზოგადოება, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩატარდება. და ეს დაანონსებული აქციები კი არეულობის მოსაწყობად დაგეგმეს. დიახ, არეულობა უნდათ ქვეყანაში, აბა მეტი რა უნდა უნდოდეთ. მინდა იცოდეს ხალხმა, რომ ეს ოპოზიცია, მათ ხარჯზე ცხოვრობს. აი, პენსიონერს პენსია რომ არ ემატება მათი ბრალია. ამათ მიაქვთ მთელი ბიუჯეტი, უზარმაზარი თანხები იხარჯება. ჯერ თავისი თანხები აქვთ, საიდან აგროვებენ არ ვიცი და მერე ბიუჯეტზე ცხოვრობენ. მე, ვერ მივდივარ ვერც პარიზში, ვერც ანტვერპენში, ესენი კი ისე დასეირნობენ აქეთ-იქით როგორც არაფერი.ეს კი გაჭირვებული ხალხის ფულია.

- ოპოზიციური ძალებიდან ბევრმა ჭექა-ქუხილის იდეა დაიწუნა, აქციების დაწყების შემთხვევაში ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს და საერთოდაც, ეს აქციები შედეგზე ორიენტირებული თუ იქნება?

- მე, პირადად აქციებზე გამსვლელი არ ვარ და არც 9 აპრილის აქციებზე გავსულვარ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგები იქ იდგნენ. ისინი, უკლებლივ ყველა, პოლიტიკურად მოუმზადებლები არიან და შემოქმედებითი იმპოტენცია ვისაც დაეწყო, ჰგონია, რომ ის აქციები უშველის და სააკაშვილი თუ წავა, ნიჭი მოემატებათ. ოპოზიციას იმპოტენტი ინტელიგენცია უჭერს მხარს და მეტი არაფერი. ჩემი ძმაკაცია ელიოზიშვილი, სკამით რომ მიდიოდა და ჯდებოდა იმ აქციებზე... ამით რამე გააკეთა? ოპოზიციას ხალხის გაბოროტება უნდა, მაგრამ ვეღარ აიყოლიებენ მათ. ასე რომ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. აქციებიც არ იქნება შედეგიანი, რადგან მათ ხალხს იმედი არაერთხელ გაუცრუეს და როგორც გითხარით, მათი გვერდში დგომის ილუზია არ უნდა ჰქონდეთ. ისე, ერთმანეთშიც ვეღარ მორიგდებიან ეს ოპოზიციონერები.

- ლევან გაჩეჩილაძეზე რა აზრის ხართ, უნდა დააყენოს თუ არა მან ამ არჩევნებში თავისი კანდიდატურა?

- ლევან გაჩეჩილაძემ სჯობს თავის ბიზნესს მიხედოს, რა კანდიდატურა, რის კანდიდატურა, რომ ღრიალებდნენ: ,,მიშა მოვდივართ, გეშინოდესო”, წასულიყვნენ ახალგორთან და იქ ეყვირათ თუ ვაჟკაცები იყვნენ, იქნება შეშინებოდათ რუსებს მათი ომახიანი ხმისა. ვინმემ ფეხი გადადგა რუსის ჯარი რომ მოდიოდა თბილისისკენ? ან რომელიმე ოპოზიციონერი დახვდა რუსების ჯარს?

- კრემლში ოპოზიციონერთა ვოიაჟებს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ოპოზიციის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ისინი მოსკოვში ფინანსების გამო ჩადიან, მეორე ნაწილი თვლის, რომ ისინი რუსეთს თავს სთავაზობენ, თქვენ როგორ აფასებთ მათ ვიზიტებს და თქვენი აზრით, რისთვის ჩადიან ისინი რეალურად კრემლში?

- ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას არ აწუხებს, ეს არის საქართველოს ერთიანობა და სიძლიერე. ისინი კრემლში თავისი ამბიციების, ბოღმის და სააკაშვილის სალანძღავად ჩადიან. პუტინი, მედვედევი, რუსეთის დუმა და ეს ოპოზიცია ერთი და იგივე სიტყვებით ლაპარაკობს. მთელი ამ ხნის მანძილზე ესენი მოსკოვს რაღაცებს ჰპირდებიან, იქ დიდი ვაჭრობა მიდის. ჩვენ, არ შევალთ ნატოში, საქართველოში ნატოს ბაზები არ განლაგდებაო, აი, ამაზე მიდის ვაჭრობა. რუსეთს კი ერთხელაც არ წამოსცდენია, რომ საქართველოს ერთიანობა იქნება აღდგენილი. საქართველო გვიყვარს თავის ფარგლებში. აი, ამას იმეორებენ დღე და ღამე. პუტინი არის ჩეკისტი, ეტყობა ეს არც სააკაშვილმა იცის. პუტინი არის ჯაშუში, მთელი ცხოვრება ჯაშუშობდა და ბოლოს ლენინგრადის საერთაშორისო ინსტიტუტში მუშაობდა. კარებში იჯდა მეთვალყურედ და აკვირდებოდა ვინ შედიოდა და ვინ გამოდიოდა და ამ ოქმებს წერდა. შპიონი იყო, ვიდრე სოვჩაკმა არ წაათრია. და ეს ხალხი ჩადის და ელაპარაკება ამ კაცს, ამ ჩეკისტს, რომელსაც მსოფლიოს პირველი ტერორისტი, ლენინი უწევს მავზოლეუმში. ან რა ბერკეტი გაქვს, რომ ჩადიხარ, ხელისუფლებაში ხარ თუ? არ უნდა ჩახვიდე, ვინ ხარ საერთოდ რომ ჩადიხარ?

- ნოღაიდელზე რა აზრის ხართ, ჯაშუში, მოღალატე და საქართველოში რუსეთის დასაყრდენი - მას ასეთი სიტყვებითაც კი ამკობენ...

- ნოღაიდელს საერთოდ, არაფრად ვთვლი. სალაპარაკოდ მე მგონი, არც ღირს. ნოღაიდელმა თავის ფულებს მოუაროს, რა უნდა მაგას პოლიტიკაში. ორი სიტყვით მოგახსენებთ ჩემ აზრს მის შესახებ. მაგიც ბოღმით არის გამსჭვალული და რა ვიცი, რას თამაშობს, ალბათ, თავის გადარჩენას ცდილობს, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, ის ცუდად დაამთავრებს. ჩვეულებრივი პროვოკატორი და რუსეთის აგენტია ბატონი ნოღაიდელი. ხომ ეძახიან დაღლილი ვირიოა, მე გაზეთში დავწერე - მაგდანას ვირიმეთქი. არა ბურჯანაძის ვირი უფრო შეეფერება. მეტსაც გეტყვით, ნოღაიდელი არის გაპონი, გაპონი ხომ იყო რუსეთში, აგენტია, პროვოკატორია და საქართველოში რუსეთის მიერაა მოგზავნილი.

- ნინო ბურჯანაძეზე რას იტყვით, მისი ვიზიტი მოსკოვში რას ემსახურებოდა?

- იგივეს. ერთს ვიტყვი, ნუ დაღუპავს ნინო თავის ოჯახს. ამ პოლიტიკოსებმა ისიც კი არ იციან ვინ არის პუტინი. ჩადიან მასთან, რომ აგინონ სააკაშვილს. ჰგონიათ, რომ რუსეთი სააკაშვილს გადააგდებს და ხელისუფლებაში მათი კაცი მოვა, გიორგაძე ან ვინმე მისნაირი. ბურჯანაძეს ჰგონია, ხელისუფლებაში მომიყვანს კრემლიო. ჟირინოვსკის ჭკუის სასწავლებელი რომ გახდები, სასაცილოა, რა. მასე დადიოდა რუსეთში იულია ტიმოშენკო. და ტყუილა დადიოდა, არაფერიც არ გამოუვიდა ხომ, ასე დადის ბურჯანაძეც. ისე, ხელიხელ ჩაკიდებული რომ დაბრძანდებოდა სააკშვილთან და ჟვანიათან ერთად და რომ უყვიროდნენ შევარდნაძეს წადიო, ეგ დაავიწყდა? ახლაც იგივეს არ შვრება?

- ოპოზიცია რუსეთში ჩასვლის მთავარ მიზეზად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებს, ნოღაიდელმა აღნიშნა, კიდეც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი დაწყებულიაო...

- ბოდიშს მოვიხდი ახლა, იმ სიტყვებზე რასაც ვიტყვი, თუმცა ზუსტად ასე დაწერეთ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მათ ნამდვილად ფეხებზე ჰკიდიათ, მხოლოდ პირადი ამბიციები ადარდებთ და მეტი არაფერი.

- რამდენად შესაძლებელია, რომ კრემლმა ოპოზიციაში დასაყრდენი იპოვოს და საქართველოში არეულობა მოახდინოს?

- რუსეთს ასეთი დასაყრდენი ოპოზიციაში უკვე ჰყავს და უკვე ძალიან გაიშიფრნენ ისინი. მათი დასაყრდენი ძალიან გაშიშვლდა. ისინი მხოლოდ მერაბიშვილის და სააკაშვილის თვალში კი არა, არამედ ხალხის თვალში გაშიშვლდნენ. საზოგადოებამ თვითონ დაინახა ესენი ვინც არიან და რასაც წარმოადგენენ. ამიტომ ურჩევნიათ დროზე მიხედონ თავიანთ საქმეს და იმ ფულს, რომელიც აქვთ ნაშოვნი. არა მგონია, არეულობის მოწყობა შეძლონ, რადგან გაყიდულები და გაშიშვლებულები არიან, ამას ვერ მოახერხებენ. იმიტირებული ქრონიკიდანაც კარგად დაინახა ხალხმა რა შეიძლება მოხდეს, თუ ამ ოპოზიციონერებს დაუდგებიან გვერდით.

- ძიძიგურიც გეგმავს მოსკოვში ვიზიტს, მან განაცხადა ნატოში შესვლაზე დროებით უარი ვთქვათო, რა აზრის ხართ ამ ძალაზე და ისინი ნოღაიდელთან ალიანსით რას მოიგებენ? ამ ძალებს თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეებსაც კი უწოდებენ.

- წავიდეს ბატონო, სხვა რა დარჩენია. ასე გარბოდნენ 1921 წელსაც ქართველი კომუნისტები მოსკოვში. არაფერი შეეშალოს ვიღაცებს, ორჯონიკიძეს თავისი პრინციპი მაინც ჰქონდა და 50 წლის რომ გახდა, თავი მოიკლა. ამ ოპოზიციონერებიდან რომელიმე თავის მომკვლელია? იმ დონეზე მივა რომელიმე თავის რწმენით? გამორიცხულია. ესენი ორჯონიკიძეს არც უნდა შეადარო, ის ამათგან განსხვავებით ვაჟკაცი მაინც იყო და იმხელა კავკასიას მართავდა. რომ ამბობს ძიძიგური დროებით ნატოში შესვლა გადავდოთო, კაი, ვთქვათ, აღარ შევალთ ნატოში და მერე რა მოხდება? გვპირდებიან, რომ დაგიბრუნებ აფხაზეთს და სამაჩაბლოსო? არაფერი გამოდის ამ მიმართულებით ხომ ხედავთ. მეტსაც გეტყვით, სანამ პუტინი ეგდება რუსეთში, ომის განახლების საშიშროება არ მოიხსნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100