სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზური არჩევნების ბედს სომხური მოსახლეობა გადაწყვეტს?

აფხაზეთში, საპრეზიდენტო არჩევნების ბედი, შესაძლოა, ეთნიკური სომხური მოსახლეობის ხმებმა გადაწყვიტოს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაშა აბხაზია“ ავრცელებს.

თვითაღიარებულ აფხაზეთში, ადგილობრივი სომხური საზოგადოების ყველაზე „თვალსაჩინო ლიდერმა“, „პრეზიდენტობის“ კანდიდატის, სერგეი შამბას მისამართით უკვე დააფიქსირა საკუთარი სიმპატიები. გალუსტ ტრაპიზონიანმა, რომელიც აფხაზების მხარეს, ქართველების წინააღმდეგ თავისი სეპარატისტული აქტიურობითაა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივ შეკრებაზე, შამბას მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.

თუ აფხაზეთის სომხურ მოსახლეობაში ტრაპიზონიანის წონას გავითვალისწინებთ, ამ განცხადების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ მათი დიდი ნაწილი შამბას დაუჭერს მხარს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ მისი კონკურენტები ვერ შეძლებენ ტრაპიზონიანისთვის სხვა, არანაკლები გავლენის მქონე სომეხი ლიდერის დაპირისპირებას.

თუმცა, „ნაშა აბხაზიას“ განმარტებითვე, ხაჯიმბა და ანქვაბი, ამ კუთხით, განსაკუთრებულ აქტიურობას არ ავლენენ, რაც მათ, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეთ. ეს ორი კანდიდატი, როგორც ჩანს, იმედოვნებს, რომ აფხაზური მოსახლეობა, რომელთა რაოდენობაც სეპარატისტული „რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე, ოფიციალურ დოკუმენტებშია დაფიქსირებული, შეძლებს არჩევნების ბედის გადაწყვეტას. თუმცა, ექსპერტების თქმით, სამწუხაროდ, აფხაზები არც ამჯერად არიან დამოკიდებულნი საკუთარ არჩევანზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100