სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ შემოელანძღა გრეჩიხას „ალიანსი“?

არეულობა და ქაოსი არასაპარლამენტო ოპოზიციაში გრძელდება. ვითარება სულ უფრო იძაბება. ექსპერტები საერთო ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენისათვის ხელისშემშლელ ფაქტორად ზურაბ ნოღადელის ფიგურას ასახელებენ, რომელმაც წყალი ჭადრაკის სასახლეში მისვლის შემდეგ აამღვრია.
„პრაიმერის“ მხარდამჭერი ხალხის პარტია და კონსერვატორები კატეგორიულად გამორიცხავენ პოლიტიკური პარტნიორის, ნოღაიდელის ამ პროცესებოდან გარიყვას. ძიძიგურმა ერთხელ უკვე დააფიქსირა, რომ კონსერვატორები პოლიტიკურ პარტნიორებს არ ღალატობენ.
ირაკლი ალასანიას მიერ პოზიციის ხშირმა ცვლამაც პრაიმერისტებსა და ალიანსის პარტიებში გაუგებრობა გამოიწვია. ალასანია არასაიმედო პარტნიორად მიიჩნიეს. ნოღაიდელმა ალასანიას აქეთ-იქით სირბილი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა „თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის გამოვლენის შესაძლებლობას ალიანსმა წერტილი დაუსვა“.
კახა კუკავა კი ალასანიას დაკარგვას აღარ მისტირის და უფრო მეტიც, არ გამორიცხავს იმას, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ მერობის ერთიანი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე გახდეს. კუკავა იმედოვნებს, რომ ალიანსი ხელს ვერ შეუშლის ერთობას, რომელსაც პრაიმერის მომხრე პოლიტიკური პარტიები შექმნიან.
ეს განცხადება კუკავამ მაშინ გააკეთა, როცა ლევან გაჩეჩილაძე მილანში იმყოფებოდა. გაჩეჩილაძე მილანურ ვიზიტზე არ საუბრობს, მისი ცოლის თქმით კი ისინი პირადი მიზეზით იმყოფებოდნენ ევროპაში.
გაჩეჩილაძე ქართულმა მედიამ მაშინ დააფიქსირა, როცა თბილისში დაბრუნებული ჩანთებით ხელდამშვენებული საკუთარ სახლში შედიოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გრეჩიხა მილანში საყიდლებზე ბრძანდებოდა, თუმცა გაჩეჩილაძეს მილანშიც შეეძლო მოეხერხებინა შეხვედრები რევანშისტ „რკინის კაცთან“, კახა თარგამაძესთან და რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. დაბრუნების შემდეგ გაჩეჩილაძე განსაკუთრებით აგრესიული იყო ალასანიას მიმართ და „ალიანსიც“ მაგრად შემოელანძღა.
გაჩეჩილაძეს ბევრი პოლიტიკოსი მეგობრულად ურჩევს მხარი ალასანიას დაუჭიროს. სალომე ზურაბიშვილი პირველად ღიად ალაპარაკდა გაჩეჩილაძის შეცდომებზე „ყველა უნდა მიხვდეს, რომ ახლა ამბიციებისა და ვაჭრობის დრო არ არის, აუცილებელი არ არის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი მერობის კანდიდატიც იყოს“, - აცხადებს სალომე და ამ მისი თქმით „მესაჟს’“ ცხადია გაჩეჩილაძეს უგზავნის.
როგორც კი გავრცელდა ინფრორმაცია, რომ პრაიმერისტ-პუტინისტებმა მერობის საკუთარ კანდიდატად გაჩეჩილაძე უნდა წარადგინონ, „ალიანსის“ წევრმა სოზარ სუბარმა ამ განცხადებას მაშინვე უპასუხა, „ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, პრაიმერის მომხრეებს - თავისი და არჩევანს ამ ორ მიმართულებას შორის ხალხი გააკეთებს“.
ფაქტობრივად, მიანიშნა იმ ორ მიმართულებაზე, რომელიც დასავლურ და რუსულ კურსს გულისხმობს. საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის არარსებობამ კრიზისამდე მიიყვანა. ადგილობრივ არჩევნებშიც ძირითადი ბრძოლა რეალურად ოპოზიციის ამ ორ მიმართულებას შორის გაიმართება.
კობა დავითაშვილი პრაიმერისა და სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარებას 5-დან 20 აპრილამდე აპირებს, ერთიანი კანდიდატი კი 9 აპრილს გამოვლინდება.

„ალიანსი“ არასანდო პარტინორებისგან გაფილტვრას ცდილობს, ასე მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ „ალიანსი“ კოკა გუნცაძეს მოიშორებს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პრაიმერისტ-პუტინისტების რიგებში ალასანიას გადაბირებაში. ეს გამოუვიდა კიდეც ჭადრაკის სასახლეში, მაგრამ დროებით.
ალასანია ისევ „რესპუბლიკელებსა“ და „მემარჯვენეებს“ დაუბრუნდა, თუმცა სადამდე, ესეც გაურკვეველია. კოკა გუნცაძემ „მემარჯვენეები“ დატოვა და ოქრუაშვილის პარტიაში გადავიდა, მერე კი იქიდანაც წავიდა და ლევან გაჩეჩილაძის ბანაკში არჩია გადასვლა.
ახლაც გაჩეჩილაძესთან და გოგა ხაინდრავასთან ერთადაა და ე.წ. რადიკალთა გეგმებსა და პროექტებს ახორციელებს. „მემარჯვენეები“ კოკა გუნცაძეს ძველ ანგარიშებს უსწორებენ და ამ მოტივით ყველაფერს გააკეთებენ, რომ „გრეჩიხასთან“ ძმაკაცობაში ეჭვმიტანილი კოკა გაერთიანებიდან გააგდონ.
გაჩეჩილაძე კი ძალიან აგრესიული გახდა, მედიის ყურადღებას არ გამოპარვია ის, რომ ალასანია და გაჩეჩილაძე შეხვდნენ ერთმანეთს. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ერთმანეთს აგინეს და ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდეც მივიდნენ.
ინციდენტს გაჩეჩილაძეც უარყოფს და ალასანიას თანაგუნდელი ვიქტორ დოლიძეც. „გრეჩიხა“ დაპირისპირებას ალასანიასთან უარყოფს და აცხადებს, რომ მასთან „ჯანმრთელი, მეგობრული და ვაჟკაცური ურთიერთობა აქვს“. იქვე ამბობს, რომ ალასანიას უალტერნატოვობაზე „ალიანსელების“ საუბარი „გაუგებარია“.
„არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. საუბარია ერთიან კანდიდატზე, ალიანსმა არანაირი მოლაპარაკებები არ დაასრულა, მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვნახოთ გზები ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გავაგრძელებთ, საარჩევნო კამპანია დავიწყეთ. ალასანია დღეს წარმოადგენს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის რჩეულ კანდიდატს“ -აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
ვინ ამბობს ტყუილს თინა ხიდაშელი, ლევან გაჩეჩილაძე თუ ვიქტორ დოლიძე, გაუგებარია. ხიდაშელიც და გაჩეჩილაძეც უაყროფენ ერთმანეთთან კავშირებს, „გრეჩიხა“ ამბობს, რომ დაამთავრა ალასანიასთან ყოველგვარი კონსულტაციები, დოლიძე კი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება.
ეს აჩენს გარკვეულ ეჭვებს, რომ თავად ალასანიას პარტიული მეგობრები ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, კოკა გუნცაძე ისევ შეეცდებიან ალასანიას გადაბირებას პრაიმერისტ-პუტინისტების რიგებში. თუ ალასანიას მერყევ ბუნებასაც გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, რომ ალასანია ისევ იმ ბანაკში აღმოჩნდეს.
კალათბურთის სასახლეში ანტისახელისუფლებო არასამთავრობოებმა ალასანიას არჩევნებში მხარდაჭერა ღიად გამოუცხადეს, თუმცა ეს მანამდე მოხდა, სანამ ლევან გაჩეჩილაძის მერობის კანდიდატად დაყენების შესახებ ინფორმაცია გავრცელდებოდა.

გასათვალისწინებელია ის, რომ ლევან გაჩეჩილაძეს რადიკალური გზის მომხრეთა შორის მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ალასანიას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100