სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნუკრი ქანთარია: ყველაფერი ნოღაიდელმა ჩაშალა

ქართული აკადემიის, წარმომადგენლის, ნუკრი ქანთარიას აზრით, დღეს, ყველაზე რეიტინგული კანდიდატი ირაკლი ალასანიაა და სწორედ ამიტომ, ქართულმა აკადემიამ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატად ირაკლი ალასანიას დაუჭირა მხარი.

მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერის სურვილი იყო, რომ ირაკლის მერყევი პოლიტიკოსის სახელი შექმნოდა. ქანთარიას განცხადებით, ყველა ოპოზიციურ ძალას უნდა ეყოს კეთილგონიერება და დათმოს თავისი პოზიციები. ,,იმედი მაქვს, თუ არ დაუდგებიან ოპოზიციონერები ალასანიას გვერდით, თავიანთ კანდიდატურას მაინც მოხსნიან. რეალური შედეგის მომტანი ამ არჩევნებში ბატონი კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური ვერ იქნებიან’’- აღნიშნა ,,დრონი ჯი-თან” საუბრისას ნუკრი ქანთარიამ.

"დრონი.ჯი" ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას როგორ აფასებთ და რატომ გადაწყვიტა ქართულმა აკადემიამ ადგილობრივ არჩევნებში მისი კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი?

ნუკრი ქანთარია: ქართული აკადემია ოპოზიციას ყოველთვის მხარს უჭერდა, მაგრამ კონკრეტულად რომელიმე პიროვნებისთვის, ან რომელიმე ოპოზიციური ძალისთვის მხარი არასდროს დაუჭერია.

ახლაც, არ მოვიქცეოდით ასე, რომ არა გაურკვევლობა და სიტუაციის გაწელვა ოპოზიციურ სპექტრში. ოპოზიცია ცდილობდა დაეწყო მოლაპარაკებები ერთიანი კანდიდატის გამოსაკვეთად, ჩვენც, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს და ვცდილობდით, რომ როგორმე მომხდარიყო ოპოზიციურ სპექტრში შეთანხმება ერთიან კანდიდატზე, მაგრამ როგორც ხედავთ ეს ვერ მოხერხდა.

თუ არჩევნებია არჩევნებისთვის და არჩევნების შედეგისთვის ყველა ვატყობთ, რომ უნდა იყოს ერთი მონოლითური ჯგუფი. ჭადრაკის სასახლეში ირაკლიმ გადადგა ეს ნაბიჯები, თითქოს საზოგადოება და პარტიული სპექტრი შეაჯანჯღარა, მაგრამ შემდეგ ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რომ ყველაფერი წავიდა დაქსაქსულობისკენ.

აი, აქ მოგვივიდა ჩვენ იდეა, რომ დაგვერქმია ყველაფრისთვის თავისი სახელი და ქართული აკადემიის უმრავლესობამ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატად მხარი ირაკლი ალასანიას დაუჭირა, როგორც ახალ და ამ ეტაპზე ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკოსს.Aმოგეხსენებათ, 24-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მხარი მის კანდიდატურას დაუჭირა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ მოვლენებს ბიძგი მივცეთ, თუმცა ვერ გეტყვით ახლა, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა, პირიქით ყველაფერი ახლა დაიწყო.

– თქვენ ასევე განაცხადეთ, იმედია არ ვინანებ ჩემს გადაწყვეტილებასო, რას ნიშნავს ეს?

– დიახ, მე, დავინიშნე კიდეც საათი და ვთქვი, რომ აი, ახლა, არის 5-ის ნახევარი და არ მინდა ეს ნაბიჯი როდესმე ვინანო-მეთქი. ირაკლის სიმბოლურად რაგბის ბურთიც გადავეცი და ვუთხარი, ეს უნდა წაიღო ბოლო გამარჯვებამდე, ჩათვლის ადგილი მერის კაბინეტია მეთქი. მოკლედ, დიდი პასუხისმგებლობა ავკიდეთ ამ კაცს, მაგრამ პოლიტიკოსია და თვითონ შემოვიდა ამ ბრძოლაში. ჩვენ, გადავდგით ნაბიჯი და ვნახოთ, რა მოყვება ამ ყველაფერს.

– ალასანია რატომ დაბრუნდა ,,ალიანსში”, ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირება ალასანიას და გაჩეჩილაძის შორის პირველობასთან დაკავშირებით წარმოიქმნა და საერთოდაც, ალასანიას ბოლოდროინდელ ნაბიჯებს როგორ შეაფასებდით, მას მერყევი პოლიტიკოსიც კი უწოდეს...

– მერყევი პოლიტიკოსი? იცით, არ ვთვლი, რომ ალასანია მერყევი პოლიტიკოსია. რაც შეეხება, ალასანიას და ლევანს შორის წარმოქმნილ დაპირისპირებას, ეს კულუარული ინფორმაციებია და მე, ამაზე ვერაფერს გეტყვით. ისე, გაჩეჩილაძეზე ამ ბოლო დროს ბევრი რამ მესმის ხოლმე, მაგრამ ლევანს პირადად ჩვენთვის არ უთქვამს და ოფიციალურადაც არ გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ აპირებს არჩევნებში კენჭისყრას. ირაკლი წავიდა ჭადრაკის სასახლეში გარკვეული ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ მე მგონი, ყველაფერი ნოღაიდელმა ჩაშალა. ნოღაიდელმა მოინდომა პროცესების წარმართვა, სულსწრაფობა გამოიჩინა. იქ, ირაკლის ჩაძირვის მცდელობებს ჰქონდა ადგილი და პროცესების წაყვანა სხვებს სურდათ.

საერთოდაც, ნოღაიდელმა თავისთვის ნაადრევი ნაბიჯები გადადგა. ბურჯანაძე გამოვიდა მაინც და მოინანია სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის წლებში დაშვებული შეცდომები, ტყვიების წვიმაშიც იდგა, თანაც შვილთან ერთად და გარკვეული განწმენდვა თუ არა რეაბილიტაცია მოახდინა თავისი თავის საზოგადოების თვალში. ნოღაიდელი ყოველგვარი მონანიების გარეშე, პირდაპირ შემოვიდა დირექტორობაზე. დიახ, შემოვიდა, როგორც დირექტორი. თითქოს იქითა პრემიერ-მინისტრობიდან აქეთა პრემიერ-მინისტრობაზე გადმოიყვანეს. აი, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

– პრაიმერის მომხრე პარტიებმა პრაიმერზე უარი თქვეს და სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარებას აპირებენ, რათა ოპოზიციის გახლეჩვას არ შეუწყონ ხელი, თუმცა ,,ალიანსი” კვლავ თავის პოზიციას ინარჩუნებს, როგორ წარმოგიდგენიათ მათი გაერთიანება?

– გაერთიანება არა, არამედ ხელის არშეშლა, მოდით, ასე დავარქვათ. დღეს, რეალური შედეგის მომტანები, აი, ამ არჩევნებს ვგულისხმობ, ბატონი კობა და ზვიადი ვერ იქნებიან. ისე, რა თქმა უნდა, მათი წვლილი ძალიან დიდია ოპოზიციურ სპექტრში. დღეს, ირაკლი ალასანიაზე რეიტინგული კანდიდატი, ჯერჯერობით არ ჩანს. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ეს უნდა დაინახოს და მეტიც, დარწმუნდეს ამაში.

ჩემი აზრით, სოციოლოგიური გამოკითხვა შეიძლებოდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ არა აპრილიში, არამედ მანადე. ბევრი სოციოლოგიური გამოკითხვაც ჩატარდება, უცხოლებიც ჩაატარებენ, საზოგადოებაც გაიგებს და ოპოზიციაც გაიგებს ვინც არის ყველაზე რეიტინგული კანდიდატი და თუ მართლა ოპოზიციის გამარჯვება უნდათ ამ არჩევნებში და არა ხმების დაქსაქსვა, მაშინ ყველას უნდა ეყოს კეთილგონიერება და დათმოს თავისი პოზიციები და ამბიციები. იმედი მაქვს, თუ არ დაუდგებიან ალასანიას გვერდით, თავიანთ კანდიადატურას მაინც მოხსნიან. თუ არადა, ყველა დაინახავს თუ ვინ ჩაშალა ეს საქმე და ვინც არის დამნაშავე.

ლოდინის დრო მართლა აღარ იყო და ჩვენ, დავსვით წერტილი და ვთქვით, რომ ალასანიაა ჩვენი კანდიდატი. იმედია, არ გაგვაწბილებს, ვნახავთ მოსახლეობაშიც რამდენად მოიპოვებს ერთპიროვნულ მხარდაჭერას, ეს უკვე ირაკლიზეა დამოკიდებული.

– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ ნოღაიდელის ფრთის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე იქნება. რამდენად მომგებიანია გაჩეჩილაძის კანდიდატურა ოპოზიციისთვის, ამბობენ, მისი რეიტინგი დაბალია და საზოგადოებაში ნდობა დაკარგული აქვსო.

– ლევანმა აღნიშნა, რომ ყველაგან მიგულეთ სადაც კი დაგჭირდებითო. გუშინ, ნინელი ჭანკვეტაძემაც თქვა, მეც არაერთხელ მითქვამს, რომ დღეს ლევანის ჯარისკაცობა გაცილებით უფრო მეტი სარგებლობის მომტანი შეიძლება გახდეს, ვიდრე მისი ერთპიროვნული ლიდერობა და გენერლობა. თუმცა, ლევანის გამოცდილება და ენერგია ძალიან საჭიროა ამ პროცესში. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ლევანს დაკარგული აქვს ნდობა, მაგრამ ლევანი არ ამბობს, რომ უნდა ვიყო ოპოზიციის ერთიანი კანდიდატიო, ის ამბობს, თუ აუცილებლობა იქნება ამ შემთხვევაში ვიქნები ლიდერიო.

ამდენი ხალხი კი ვეუბნენებით, რომ არ არის ეს აუცილებლობა, ვინ ეუბნება აუცილებლობააო, ეგ აღარ ვიცი. საზოგადოებაც ამბობს, ძალიან კარგი იქნება შენი წვლილი ამ პროცესში მაგრამ არა კანდიდატადო. მოდი, ალასანიას დაუჭირე მხარიო. ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, რადგან ასეთ დაბნეულობაში ვეღარ დავტოვებდით საზოგადოებას.
– ე.წ პრაიმერისტებს პრორუსულ ძალებად მიიჩნევენ, საერთოდ რა აზრის ხართ მათზე და მათ ნაბიჯებს როგორ აფასებთ? ამბობენ, ნოღაიდელი ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპოზიციონერია და მათ თამაშს თამაშობსო.

– არ ვიცი, ვინ ვის თამაშს თამაშობს, ერთი რამ კი ცხადია, რომ მათ უნდათ, იყვნენ მოწინავეთა რიგებში. ორ თვეში ყველაფერი დალაგდება და ეს ადამიანებიც დაინახავენ ვინც არის ყველაზე რეიტინგული კანდიდატი. თავისი ადგილი ყველამ უნდა განსაზღვროს. ჩვენ, შედეგზე ვართ ორიენტირებულნი და არა იმაზე თუ რომელ ოპოზიციონერს აქვს უკეთესი ღიმილი.

ჰოლივუდის ღიმილი ვის აქვს ეგ არ წყვეტს ხომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვებას? მიგვაჩნია, რომ შედეგიანი იქნება ირაკლი ალასანია, თუ მის გარშემო მოხდება კონცენტრაცია და თუ მას პარტიები დაუწყებენ ძიძგვნას, მაშინ საზოგადოებამ უნდა დადოს თავის ვერდიქტი.

– კრემლში ოპოზიციის ვოიაჟებს როგორ აფასებთ, რუსეთში ჩამსვლელთა რიცხვი იზრდება, ნოღაიდელის შემდეგ მოსკოვში ბურჯანაძე გაემგზავრა `დიდი პოლიტიკის გასაკეთებლად”...

– კი ბატონო, წავიდნენ. რა არის იცით, როცა ყველა დამნაშავეა, იქ, უკვე დანაშაული აღარ არსებობს, და ახლა, ვინ სად წავა, აღარ უნდა იყოს დიდი მოვლენა. ვინ რა შედეგს მოიტანს აი, ამის მიხედვით განვსაზღვროთ ეს წასვლა-წამოსვლა. თუEეს შედეგი იქნება ქვეყნისთვის საზიანო, ბუნებრივია, რომ მაშინ ის პოლიტიკოსი, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა დაასრულებს თავის პოლიტიკურ კარიერას.

ბურჯანაძეს რაც შეეხება, მისი უფლებაა სად წავა და წამოვა.Aაი, მოღალატე, ესეც მოღალატე ე.ი სულ მოღალატეები არიან აქეთ მხარეს ანუ ოპოზიციაში და იქით მხარეს, კიდევ ერთგული ნაციონალები. წავიდა მოსკოვში, კი ბატონო, წავიდა. საზოგადოება განსჯის ამას. რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი. ჩვენ, ჯერჯერობით, ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მერის არჩევნები გახდეს ერთ-ერთი ეტაპი ამ ხელისუფლების დემონტაჟის გზაზე და თუ არ მოხდა კონსოლიდაცია ამის გარშემო, მაშინ ეს არჩევნები იქნება არჩევნები გამოწრთობისთვის.

– ,,ალიანსი საქართველოს” აბაშის ორგანიზაციის წევრმა, პარტიის რიგები დატოვა და ნოღაიდელთან გადაბარგდა, მიზეზად ალასანიას მერყევობა და ნოღაიდელის პრინციპულობა დაასახელა, რა ხდება?

– არ ვიცი, ზოგი რა საბაბს ეძებს და ზოგი კიდევ რას. ჩვენ, ძალიან მწვავე კითხვები დავუსვით ირაკლი ალასანიას, კენჭისყვრაზე დავაყენეთ მისი კანდიდატურა და შევთავაზეთ თბილისის მოსახლეობას ეს ახალი პოლიტიკოსი და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

– დაბოლოს, კიდევ ხომ არ შეიცვლის ალასანია აზრს, შეძლებს ის საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას, მას ხომ მერყევი პოლიტიკოსის სახელი შეექმნა?

– რაღა აზრი უნდა შეიცვალოს, არა მგონია. თავის კოლეგებს უნდოდათ, რომ მას დარქმეოდა მერყევი პოლიტიკოსი, რადგან გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი, დიდი რეიტინგით და აქ, უკვე იმძლავრა პირადმა ანგარებებმა და ამბიციებმა. მე, მხოლოდ ასე მინდა შევაფასო ეს საუბრები მისი მერყეობის შესახებ. ირაკლი არ არის მერყევი პოლიტიკოსი და პოლიტიკა ვფიქრობ, რომ უფრო ტაქტიკაც არის, სიმტკიცეც, გაბედულებაც, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, არის მოძრაობა და არა ერთ ადგილზე დგომა.

ყოველკვირეული გაზეთი "დრონი.ჯი" (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100