თამარ ჟვანია - გარკვეული გამონაკლისების გარდა, მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრა, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა

ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას შეფასებით, გარკვეული გამონაკლისების გარდა, მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრა, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

შესაბამისი განცხადება თამარ ჟვანიამ ცესკო-ს სხდომის დაწყემადე გააკეთა. მან ერთ-ერთი კონკრეტულ გამონაკლისად მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანი დაასახელა.

„მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს ჩვენი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებმა, რომ საარჩევნო ყუთი და ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნება დაეცვათ. შეჩერებული კენჭისყრა სამართლებრივად გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ხმები დაითვლება“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე საუბრის კონტექსტში.

მისივე თქმით, მაქსიმალური ოპერატიულობა გამოიჩინა პოლიციამ, რომ ამორჩევლებისა და სააარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების უსაფრთხოება და დაცულობა უზრუნველყო.

„განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ - ეს გახლავთ ხმის დათვლის პროცესი. მთელი საზოგადოების და ყველა ჩართული მხარის ვალდებულებაა, რომ ამ პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილით, პატივისცემით, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მოეკიდოს და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალება მისცეს, რომ პროცესი დაასრულოს ისე, როგორც ამას მოითხოვს კანონი და როგორც ეს საქართველოს საზოგადოებას ეკადრება. მე იმედი მაქვს, ყველა ჩართული მხარე თანამშრომლობის რეჟიმში იქნება და ჩვენ ერთად ძალიან მალე, ღამის საათებში შევძლებთ პირველი წინასწარი შედეგების გამოცხადებას“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

კომენტარი

×