სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა შავგულიძე: სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა, პირიქით, უკან წავედით

„სამწუხაროდ, არანაირი სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა. მიუხედავად კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებისა, აქეთკენ არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე „აიპრესთან“ საუბარში აცხადებს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროს მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვის მექანიზმი არ შეიქმნა, საგამოძიებო სისტემასა და სასამართლოში შენარჩუნებული იქნა ის კადრები, რომელთა ჩადენილმა უსამართლობამ საზოგადოებაში პროტესტი გააჩინა.

შავგულიძე პოზიტიურ ნაბიჯად, „მედიისთვის სასამართლო კარების გაღებას“ ასახელებს.

„ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ ცოტახანში, ჩვენ გავეცანით სხვადასხვა ქვეყნის მოდელს - ინგლისური, შოტლანდიური, ნორვეგიული, შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომელმაც ვენეციის კომისიის ფილტრი გაიარა და ითვალისწინებდა მექანიზმის შექმნას, რათა მომხდარიყო უკვე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვა, რომელიც არ იწვევდა ნდობას, მაგრამ ეს კანონპროექტი დარჩა კანონპროექტად და მთავრობამ აღარ მოახდინა მისი ინიცირება. მაშინ მიზეზად მოყვანილი იყო, რომ ეს გამოიწვევს ფინანსური რეაბილიტაციის მოთხოვნებს და ამის უნარი სახელმწიფოს არ აქვს, თუმცა ეს არ იყო ლეგიტიმური მიზეზი, ვინაიდან არ იყო დათვლილი ციფრები.

რეალურად, გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ არ მოახდინა ამ იდეის განხორციელება, მას სჭირდებოდა შეენარჩუნებინა სწორედ ის კადრები პროკურატურასა და სასამართლოში, რომელთა მიერ იყო მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები. იმ შემთხვევაში, თუ საქმეების გადასინჯვა და ხელახალი შედეგები იქნებოდა გამამართლებელი, რა თქმა უნდა იმ მოსამართლის, პროკურორის თანამდებობაზე შენარჩუნება, ამ ხელისუფლების სამსახურში „ჩაყენება“ აღარ გახდებოდა შესაძლებელი“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

შავგულიძე მიიჩნევს, რომ არ იყო აუცილებელი, იმ მოსამართლეების, გამომძიებლების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო, რომლებმაც უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო, რამდენად მიზანშეწონილია გარკვეულ მათგანს იგივე პოზიციაზე მუშაობა გაეგრძელებინა.

„საზოგადოებას და მათაც უნდა ცოდნოდათ რა დააშავეს, შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო. ვთქვათ, გარკვეული მათგანი ჩამოცილებოდა ამ სამართალწარმოების სფეროს. ესეც არ განხორციელდა და პირიქით, სწორედ იმ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, ის მოსამართლეები, რომელთა საქმეები ნეგატიურად არის შეფასებული ევროპის სასამართლოს მიერ და საზოგადოებაში არ აქვთ არანაირი ნდობა, სწორედ მათი დაწინაურება ხდებოდა, ხელახალი ვადებით არჩევა, ანუ ამ ხელისუფლებამ საკუთარ სამსახურში ჩააყენა სამართალდამცავი ორგანოების, თუ სასამართლოს ის წარმომადგენლები, რომლებიც წინა ხელისუფლებას ემსახურებოდნენ და არა კანონს და სამართლიანობას“, - აცხადებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

მისი შეფასებით, აუცილებელი იყო პროკურატურის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაუმჯობესება და გაძლიერება.

„პირიქით,ყველა ეს ინსტიტუცია, „ქართული ოცნების“ პერიოდში მიღებული კანონებით უფრო დამოკიდებული გახდა მმართველ პოლიტიკურ ძალაზე. გატარდა სასამართლო რეფორმის ტალღებად მონათლული, რეფორმის იმიტაციები სასამართლო სისტემაში, მაგრამ აქაც ფაქტობრივად ის არსებითი ცვლილებები, რომელსაც შეეძლო სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაეზარდა, რეალურად არ განხორციელდა. თავდაპირველი გადაწყვეტილება იყო, როცა მეც გახლდით კოალიციის წევრი, მინიმუმ უნდა გაორმაგებულიყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა წევრების რაოდენობა, ეს არ მოხდა, შენარჩუნდა იგივე შემადგენლობა, რომელთა ხელითაც უმეტესწილად უსამართლობა ხორციელდებოდა წინა ხელისუფლების დროს. მხოლოდ 2 წევრის დამატებით შემოიფარგლა „ქართული ოცნება“,- აცხადებს შალვა შავგულიძე.

შავგულიძის თქმით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი რეალურად არ ამოქმედდა, რადგან, მისი შეფასებით, მმართველი ძალისთვის რთულია, კონკრეტულ საქმეზე ახლად შერჩეულ 12 ნაფიცმსაჯულზე კონტროლი განახორციელოს.

„შემოთავაზებული იყო და თავიდან შევიმუშავეთ კანონპროექტი, რომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევითობა უნდა მომხდარიყო თავად იმ სასამართლოს წევრთა მიერ, მოკლე ვადით, 2-3 წელი მაქსიმუმ და როტაციული წესით, რაც სასამართლოს თავმჯდომარეს აქცევდა, რეალურად ამ კონკრეტული სასამართლოს სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრირების ეფექტურ განმახორციელებელ პირად და არა პოლიტიკური ხელისუფლების მაკონტროლებელ პერსონად“, - აღნიშნა შავგულიძემ.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, შალვა შავგულიძის შეფასებით, გარკვეულმა მოსამართლეებმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნეს და გადაწყვეტილებებს კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად იღებდნენ.

„მაგრამ „ქართულმა ოცნების“ უმრავლესობამ მიიღო კანონი, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიო პრაქტიკაში. მათ საკონსტიტუციო სასამართლოში ეიმედებოდათ იმ პერიოდისათვის მოსამართლეთა უმცირესობაზე საკუთარი გავლენის განხორციელება. რომ მოსამართლეთა უმცირესობას მიცემოდა შესაძლებლობა მიეღო გადაწყვეტილება მოსამართლეთა უმრავლესობის პოზიციის საწინააღმდეგოდ, ყოველშემთხვევაში ის მაინც შეძლებოდა, რომ უმრავლესობას ვერ მიეღო გადაწყვეტილება, თუ უმცირესობის ნება არ იქნებოდა. პლენუმზე მაგალითად, 5 მოსამართლის გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლება მიეცა 2 მოსამართლეს. კოლეგიაში 1 მოსამართლეს მიეცა გადაწყვეტილების მიღების უფლება, 3 მოსამართლის აზრის საწინააღმდეგოდ, რომ საქმე პლენუმზე გადასულიყო. ამან გამოიწვია კონსტიტუციურ სამართალწარმოების პარალიზება.

შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენა არა თუ არ მომხდარა, პირიქით უფრო უკან წავედით“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100