კობა დავითაშვილი: „თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, თვითონ არის მოღალატე“

„დიახ, ვაპირებ რუსეთში ჩასვლას სწორედ იმ მიზნით, რომ გავიგო ფასი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა. საერთაშორისო პოლიტიკაში ნებისმიერ საქმეს აქვს ფასი და მე, მაქვს ერთადერთი პრეტენზია რუსეთთან, ეს არის მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი, ამ წუთში, ჩვენთან იმყოფება სამხედრო კონფლიქტში და არის ჩვენი მტერი, მაგრამ მტერთან მოლაპარაკება არავის გაუგია, ვინც ღალატზე საუბრობს?“ - განაცხადა კობა დავითაშვილმა `დრონი.ჯი~-სთან საუბრისას.
„დრონი.ჯი“: ოპოზიცია ორ ნაწილად გაიყო, ოპოზიციური სპექტრის ნაწილი დასავლეთიდან გადაიხარა რუსეთისკენ, რატომ გაუჩნდა ოპოზიციას რუსეთისკენ სწრაფვის ასეთი სურვილი?
კობა დავითაშვილი: უკ აცრავად, ჩვენი ინტერესები რუსეთისკენ არ გადახრილა და არც ოპოზიცია გაყოფილა ორ ნაწილად. კრემლთან მოლაპარაკების მომხრეა ყველა, მათ შორის ხელისუფლებაც, უბრალოდ, მათ ამოწურეს მოლაპარაკების რესურსი და ვერ ახერხებენ მოლაპარაკების დაწყებას.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებს, დიპლომატებთან შეხვედრისას სხვა რამეს ამბობენ და საჯაროდ - სხვას. ასე რომ, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა არ არის. საქართველო ვერ მოწყდება კავკასიას და ვერც რუსეთი შეცვლის თავის გეოგრაფიულ მდგომარეობას. ჩვენ ვართ მეზობელი სახელმწიფოები. რუსეთი არის დიდი იმპერია, რომელიც ცდილობს საქართველოს, ანუ პატარა ქვეყნის დამორჩილებას. სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები მიმართავდნენ მოლაპარაკების გზასაც, ბრძოლის გზის გარდა. და ვინ არის ამის წინააღმდეგი?
- იგივე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოპოზიციის ადგილი რუსეთში არ არის...
- ნუ, ეს მისი პირადი აზრია. იცით, რა არის? ქ-ნი სალომე იყო საქართველოს დელეგაციის მეთაური რუსეთთან მოლაპარაკებებში და მან ძალიან ბევრ რამეს მიაღწია რუსეთთან მოლაპარაკებებისას, მათ შორის, რუსული ბაზების საქართველოდან გაყვანას. აქედან გამომდინარე, თუ ქ-ნი სალომე ამბობს, რომ მას აქვს დიპლომატიური გამოცდილება და ჩვენ არა, ანუ პროფესიონალიზმს გვიწუნებს, ნუ ეს გასაგებია. ჩვენ არც ვედრებით მას, მაგრამ არსებობს ე.წ. სახალხო დიპლომატია და კონტაქტი დიდ ქვეყანასა და პატარა ქვეყანას შორის აუცილებელი მგონია. ჩვენი წინაპრები ყოველთვის ასე იქცეოდნენ. მე მგონი, ჩვენი წინაპრების გზა სწორი გზაა.
- ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს სთავაზობს რუსეთთან მოლაპარაკებას და ნატოზე უარის თქმას, არის რუსული ინტერესების გამტარებელი ძალა, ასევე მან თქვა, რომ კობა დავითაშვილი ჰგავს ცირკის ქალს. დარბის და იძახის: „მომეცით ფული, არ მინდა ნატო“. რას უპასუხებდით მას?
- უკაცრავად და ბაჩუკი ქარდავა, საერთოდ, ვინ არის? კიდევ ერთხელ გავიმეორო, რას ვფიქრობ მასზე? პლეხანოველ მარინას მეტი ცნობადობა აქვს, ვიდრე ქარდავას და როცა, ქარდავას ცნობადობა მიუახლოვდება თუნდაც ნახევარს პლეხანოველი მარინას ცნობადობისას, მაშინ ვისაუბროთ მასზე. ახლა კი, მაპატიეთ და ქუჩაში ვინც გაივლის და გამოივლის და რაღაცას იტყვის, მე ყველაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვაპირებ არასერიოზული ხალხის არასერიოზული განცხადებების კომენტირებას.
- თქვენ განაცხადეთ, ნატოზე ჯვარი არა გვაქვს დაწერილიო, ფიქრობთ, რომ რუსეთთან თანამშრომლობას პერსპექტივა ექნება? ისე, ორმხრივი ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანა ხელისუფალთა საქმეა...
- რუსეთთან მოლაპარაკების პროცესს რა პერსპექტივა აქვს, ნამდვილად არ ვიცი. იცით რა, როდესაც ხელისუფლება ვერ ლაპარაკობს და ვერ უვლის ქვეყანას, ოპოზიციამ, რომელიც აცხადებს პრეტენზიას ქვეყნის მოვლაზე, უნდა იკისროს ხელისუფლების მოვალეობები საკუთარ თავზე.
- ბატონო კობა, გაზაფხულზე რუსეთში ჩასვლას აპირებთ?
- დიახ, ვაპირებ, სწორედ იმ მიზნით, რომ გავიგო ფასი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისა. ნებისმიერ საქმეს საერთაშორისო პოლიტიკაში აქვს ფასი და მე მაქვს ერთადერთი პრეტენზია რუსეთთან, ეს არის მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთი, ამ წუთში, ჩვენთან იმყოფება სამხედრო კონფლიქტში და არის ჩვენი მტერი, მაგრამ მტერთან მოლაპარაკება არავის გაუგია, ვინც ღალატზე საუბრობს? მივდივარ რუსეთში, რათა გავიგო, რეალურია თუ არა და არსებობს თუ არა შანსი შეთანხმებისა, ქვეყნის გამთლიანების სანაცვლოდ, რაიმე მისაღები პირობისა რუსეთის მხრიდან. თუ დავინახე, რომ ასეთი შანსი არ არსებობს, ჩამოვალ და პატიოსნად ვიტყვი. თუ დავინახე, რომ ასეთი შანსი არსებობს, მაშინ საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ ამ შეთანხმებაზე წავიდეთ.
- იმ ძალებს, რომლებიც რუსეთთან აპირებენ მოლაპარაკების დაწყებას, დღევანდელ სერგო ორჯონიკიძესაც კი უწოდებენ...
- იცით რა, ორჯონიკიძე წავიდა და რუსეთს მისცა ჩვენი მიწები, ჩვენ კი რუსეთში ჩვენი მიწების დასაბრუნებლად მივდივართ. ჩვენ, არ მივდივართ და არ ვთავაზობთ რუსეთს, კახეთი მიიერთე, ან ქართლიო, ჩვენ, მივდივართ ძალიან კონკრეტული დღის წესრიგით, ჩვენი ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება.
გიმეორებთ მესამედ, თქვენ შეგიძლიათ მეოთხედ მკითხოთ და იგივე პასუხი მიიღოთ. ჩვენ ვართ პრო-ქართული ორიენტაციის და გვინდა საქართველოს გაერთიანება და ვერ ხედავთ, რომ საქართველოს მიღებას ნატო არ აპირებს? ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს საკითხით ევროპა ვაჭრობს და ვამბობთ, რომ სჯობს, საქართველომ ივაჭროს ნატოში შესვლა არშესვლის საკითხით რუსეთთან. თუ ვინმეს ეს არ მოსწონს, თვითონ არის მოღალატე.
- დიალოგის თემით არ კონკრეტდება ოპოზიციის გეგმა, ლავროვმა განაცხადა, რომ თანამშრომლობა უნდა იყოს უპირობო, რისი იმედი გაქვთ?
- ბუნებრივია, ლავროვმა თქვა, რომ არ შეიძლება რაიმე მოლაპარაკება დაიწყოს ულტიმატუმით. ამას სააკაშვილიც გვეუბნებოდა, თუ გახსოვთ. წინაპირობა არ იქნება, მაგრამ, ბუნებრივია, რომ ერთადერთი საკითხი, რაც გვაინტერესებს რუსეთისგან, არის ქვეყნის გამთლიანება და სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, სხვა საკითხებში წინსვლა ძალიან რთული წარმოსადგენია.
როგორც კი რუსეთი დაინახავს ქართულ ოპოზიციას, იმ წუთში არ გადაიფიქრებს და არ გააუქმებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, ესეც ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ჩვენ, მარტივად დავსვამთ საკითხს: ძვირფასო, დიდო მეზობელო, თუ შენ გსურს საქართველოსთან მეგობრობა, ამ მეგობრობას აქვს ფასი და ეს ფასი არის ქვეყნის გამთლიანება.
სხვა ფასი ამ მეგობრობას არ გააჩნია. თუ ამ მეგობრობის ფასი არის ის, რომ საქართველო არ შევიდეს ნატოში, მე, როგორც პოლიტიკოსი, მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ჩვენ ეს ფასი გადავიხადოთ. დიახ, მზად ვარ გადავიხადო ეს პოლიტიკური ფასი იმაში, რომ ქვეყანა გამთლიანდეს.
- თქვენ აპირებთ თანამშრომლობას იმ სახელმწიფოსთან, რომელიც აგვისტოში გვბომბავდა, ეს რამდენად მართებულია? ოპოზიციას მომავალ არჩევნებში რუსული მხარდაჭერის მოპოვება სურსო, ამბობენ.
- მტერთან მოლაპარაკებები ჩვეულებრივი ამბავია, მზად ვარ მოველაპარაკო მტერს, რომ მან მტრობა შეწყვიტოს და ქვეყნის გამთლიანებაში შემიწყოს ხელი. გვიყენებენ უაზრო ბრალდებებს, რადგან არის პოლიტიკური ბრძოლა. ხელისუფლება გაკოტრდა და სურს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.
თავიდანვე განვაცხადეთ, რომ რუსეთთან ნებისმიერ ფასად კი არ გვინდა ურთიერთობა, მე, გორის რაიონიდან ვარ წარმოშობით და ვაშლის გაყიდვის ინტერესი კი არა მაქვს რუსეთში, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, სულ არ მაინტერესებს ვაშლის გაყიდვა, მე მაინტერესებს ქვეყნის გამთლიანება და ფასი ნატოში არშესვლისა, არის საქართველოს გამთლიანება. თუ რუსეთის ფასი არის ის, რომ რაც წაგართვით, წაგართვით და მოდი, ახლა, ვაშლი ჩამოიტანეთ გასაყიდადო, ეს ფასი არ არის ფასი. ასე რომ, ჩვენი პოზიცია ძალიან გამჭვირვალეა და ნათელია, რისთვის მივდივართ მოსკოვში.
- ნოღაიდელის ნაბიჯმა, ვგულისხმობ ხელშეკრულების გაფორმებას „ედინაია რასიასთან“, საზოგადოების აგრესია გამოიწვია, ზოგმა მას ჯაშუშიც კი უწოდა. თქვენ როგორ აფასებთ მის ქმედებას და ალიანსის შექმნას ხომ არ გეგმავთ, თავად ნოღაიდელმა ჩვენთან საუბრისას ეს არ გამორიცხა.
- ნოღაიდელის ნაბიჯს ხელისუფლების გარდა არავის აგრესია არ გამოუწვევია. მაპატიეთ და, მე არ მჯერა მართული აგრესიების და დადგმული სცენარებისა. ნოღაიდელს ჰყავს თავისი ამომრჩეველი. ოფიციალურ ჯაშუშს კი ნამდვილად ვერ ვუწოდებ მას. მას აქვს აქტიური კონტაქტები დასავლეთის წრეებთანაც და აპირებს ვიზიტებს დასავლეთის მიმართულებითაც.
ჩვენ და ნოღაიდელი პრაიმერში ვართ კონკურენტები, ჩვენ მხოლოდ პრაიმერის ირგვლივ გავერთიანდით, თუმცა ესეც გარკვეული გაერთიანებაა. არ უარვყოფ, რომ გაერთიანება არსებობს, მაგრამ ეს არ არის ალიანსი. ჩვენი გაერთიანება არ ემყარება საერთო იდეოლოგიას, არამედ ემყარება საერთო დემოკრატიისკენ სწრაფვას, რომ არჩევნების გზით წყდებოდეს ჩვენი ბედი. ეს არის ჩვენი გამაერთიანებელი.
- თქვენ აქციების დროს ნოღაიდელი გვერდით არ გაიკარეთ და ახლა, რამ შეცვალა თქვენი მისდამი დამოკიდებულება?
- ნოღაიდელის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ შეცვლილა, უბრალოდ, რადგან პრაიმერი შევთავაზეთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მე ვერ დავინახე, სიმართლე გითხრათ, იურიდიული საფუძველი ნოღაიდელისთვის უარის თქმისა. ესაა და ეს.
- როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყნის შიგნით, წინ არჩევნებია, თქვენ აქციების დასაწყებად ემზადებით, ხომ?
- ჩვენ გვაქვს საქართველოს გამარჯვების გეგმა, რომელიც გულისხმობს 9 აპრილს დიდი სახალხო მოძრაობის შეკრების მოწყობას, 18 აპრილს - პრაიმერის ჩატარებას და საერთო კანდიდატის გამოვლენას. შემდეგ, 26 მაისს - მთელი საქართველოს მასშტაბის შეკრების მოწყობას და 30 მაისს - ხელისუფლების გასტუმრებას არჩევნების გზით.
- სოციოლოგიური გამოკითხვებით უგულავა ბევრ კანდიდატს უსწრებს და ხელისუფლების გასტუმრება რამდენად შესაძლებელია?
- ძალიან სასაცილოა ეს სოციოლოგიური გამოკითხვები და უგულავას ლიდერობა. მთავარი ოპოზიციის გაერთიანება და ერთიანი კანდიდატის დაყენებაა.
- ოპოზიციის გაერთიანება შესაძლებელია? ფიქრობთ, რომ ალიანსი გადაიფიქრებს და მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას?
- ოპოზიცია შეძლებს გაერთიანებას. „ალიანსიც“ შემოგვიერთდება. ჩვენ მოვნახავთ ერთმანეთისკენ სავალ გზებს ურთიერთკომპრომისების გზით. არა მარტო „ალიანსს“ მოუწევს თავისი შეხედულებების გადასინჯვა, არამედ ჩვენც. მოლაპარაკების პროცესს ყოველთვის ახლავს ხოლმე კატეგორიული განცხადებები, მაგრამ ბოლოს მოლაპარაკებები შედეგიანად მთავრდება, იმიტომ რომ სხვა გზა არა გვაქვს. ჩვენ ლევან გაჩეჩილაძესაც შევთავაზეთ პრაიმერში მონაწილეობის მიღება და ლევანი სერიოზულად ფიქრობს პრაიმერის საკითხზე.
- ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ძიძიგურზე და დავითაშვილზე გული მწყდება, ჩვენ ერთად ბრძოლას ვთავაზობდით, მათ კი ნოღაიდელთან წასვლა არჩიეს და პრაიმერიც თვითმიზნად იქცაო.
- მინდა ძალიან მოკრძალებულად შევახსენო ფიქრია ჩიხრაძეს, რომ პრაიმერი 20 სექტემბერს შემოგვთავაზა დავით გამყრელიძემ და ჩვენ დავთანხმდით. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გამყრელიძე მოექცა „რესპუბლიკელების“ გავლენის ქვეშ და პრაიმერში მონაწილეობა გადაიფიქრა.
ინტერვიუ დაიბეჭდა ყოველკვირეულ გაზეთ „დრონი.ჯი“-ს 15 თებერვლის ნომერში

კომენტარი