სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანზორ ბურჯანაძის ცოდვები...

დრონი.ჯი-ს მიერ მოძიებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია ბევრ თქვენგანს ჩააგდებს შოკში. ფაქტები. რომელიც ეჭვს არ იწვევს, ამაზრზენი, არაადამიანური დანაშაულობების შესახებ მოგვითხრობს, რომლის ავტორი ნინო ბურჯანაძის მამა, ანზორ ბურჯანაძეა. ნინო ბურჯანაძე ყელზე დაკიდებული ძვირფასი მარგალიტებისა არ იყოს, ვერ იცილებს კორუმპირებული ოჯახის შვილობას. ეს იარლიყი მამამ - ანზორ ბურჯანაძემ შვილს ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში მიაწება. ანზორ ბურჯანაძე თერჯოლის რაიკომის მდივნობისასაც ბევრს შოულობდა, მაგრამ მაშინ ეს სიტყვა “კორუფცია” - ხმარებაში არ იყო. ანზორ ბურჯანაძემ განსაკუთრებით დიდი ფული, 1993-96 წლებში იშოვა, როცა ქვეყანა შიმშილის პირას იყო. ანზორი - ქვეყნის პურპროდუქტების მთავარი განმკარგავი იყო, მშიერი ხალხი კი ნაკლებად დაგიდევს პურის ხარისხს. ამით ბურჯანაძემ არაერთგზის ისარგებლა...

შავბნელი ისტორია, რომელიც უნდა მოგითხროთ, 1995 წლის პერიოდს ეხება. ყველა ინფორმაცია და მტკიცებულება ეფუძნება კონტროლის პალატის სარევიზიო ჯგუფის მოხსენებით ბარათს, რომლითაც ეს ჯგუფი პალატის თავმჯდომარეს, რევაზ შავიშვილს მიმართავს - 1995 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პურპროდუქტების კორპორაციისათვის გამოყოფილი 3 მილიონი დოლარის ხარჯვის მიზნობრიობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დასკვნაში ასეთი რამ წერია: “მოგახსენებთ, რომ პურპროდუქტების კორპორაციის ლიკვიდაციის შემდეგ საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაცია შესანახად ცენტრალურ არქივს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს გადაეცა, თუმცა დიდი ნაწილი გაურკვეველ ვითარებაში განადგურდა”.

დიახ, ანზორ ბურჯანაძემ იმაზეც იზრუნა, რომ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებების კვალი დაეფარა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ მოახერხა. აქვე დავძენთ, რომ ანზორ ბურჯანაძის პურშემოქმედების ეს პერიოდია ყველაზე სკანდალური - როცა მან კუ-ბაღლინჯოიანი პურით გამოკვება საქართველოს მოქალაქეები. 1995 წლის 27 ივლისის, სახელმწიფო მეთაურის 497-ე განკარგულებით, საქართველოს პურპროდუქტების კორპორაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მილიონი დოლარის კრედიტი გამოეყო. აღნიშნული განკარგულების საფუძველი გახდა ა. ბურჯანაძის წერილი, რომელშიც იგი ირწმუნებოდა, რომ 1995 წლის 7 სექტემბრისთვის, ქვეყანაში ფქვილის მარაგი იწურებოდა:

“მოსახლეობის გადასარჩენად საჭიროა დეფიციტის თავიდან აცილება და ქვეყანაში სათანადო რაოდენობის ხორბლის მარაგის შექმნა” - არწმუნებდა ბურჯანაძე შევარდნაძეს. მან სასწრაფოდ შეასრულა ბურჯანაძის მოთხოვნა. 1995 წლის 1 აგვისტოს, ფინანსთა მინისტრ დავით იაკობიძესა და ანზორ ბურჯანაძეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 3 მილიონი დოლარის გამოყოფის თაობაზე. პირობები ასეთი იყო, - ბურჯანაძეს თანხა სარგებლით (წლიური - 26%) უნდა დაებრუნებინა 1995 წლის 1 დეკემბრამდე. აქედანვე ჩანს, რომ ბურჯანაძე თაღლითობისთვის ემზადებოდა - ამხელა პროცენტით, 3 მილიონის 4 თვეში დაბრუნება წარმოუდგენელი იყო. ეს მშვენივრად იცოდა შევარდნაძემაც, მაგრამ მაინც კაბალური პირობებით მისცა კრედიტი ბურჯანაძეს.

ფინანსთა სამინისტრომ, რაკიღა იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე, სესხის პროცენტის ნაწილი, 30 ათასი დოლარი 3 მილიონიდან წინასწარ ჩამოაჭრა ბურჯანაძეს და მხოლოდ 2 მილიონ 970 ათასი დოლარი ჩაურიცხა აგრომრეწვბანკში, თუმცა იაკობიძის ამ შორსმჭვრეტელობამ ბევრი ვერაფრით ახეირა სახელმწიფო. პურპროდუქტების კორპორაციამ ხორბლისა და ფქვილის მოძიება დაავალა მისადმი დაქვემდებარებულ კომერციულ სტრუქტურას - საქართველოსპურს. მიუხედავად იმისა, რომ 7 სექტემბერს ფქვილის მარაგი იწურებოდა, ბურჯანაძის კორპორაციის სატელიტი სტრუქტურა ფეხს ითრევს და მხოლოდ 23 აგვისტოს აფორმებს ხელშეკრულებას, რუსეთის ფედერაციის ფირმა ხლებროსიასთან 10 ათასი ტონა სასურსათო ხორბლის მიწოდებაზე (ხელშეკრულება #108/23), ანუ თანხის მიღებიდან 23 დღე დასჭირდათ ხორბლის მოსაძებნად, როცა მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში, თანხის არქონისა და სახელმწიფო გარანტიებით, ნებისმიერი უცხოური კომერციული თუ სახელმწიფო კომპანია, ამ რაოდენობის ხორბლის მიყიდვაზე გაუფორმებდა კონტრაქტს კორპორაციას. ფქვილი, ხორბალი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია და ამ სფეროში მოსაქმე უცხოური კომპანიები, ფორს-მაჟორში შესაბამისად მოქმედებენ, რათა ქვეყანა პურის გარეშე არ დარჩეს.

ბურჯანაძე რუსეთს არ გასცილებია და არც უკეთესი და უფრო იაფი ხორბალი უძებნია - ხალხი ემშეოდა კაცს და აბა, ვინ გაამტყუნებდა? უბედურება ის არის, რომ 3 თვით ადრე, 14 მაისს, კორპორაციას ხორბლის შემოტანაზე, კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული ამერიკულ კომპანია ტუკერსთან, ტუკერსი, უკვე იყო პარტნიორი კორპორაციისა და ერთხელ კიდეც მიაწოდა ხორბალი, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ფორს-მაჟორში ჩავარდნილ ბურჯანაძეს აემოქმედებინა ტუკერსთან გაფორმებული ხელშეკრულება, ახალი პარტნიორის ძიება დაიწყო - ამაში კი თითქმის 1 თვე დაიკარგა. ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დეტალიც: ბურჯანაძეს 1993 წელსაც ჰქონდა საქმე ხლებროსიასთან, როცა 4 მილიონ 488 ათასი დოლარის ღირებულების ხორბალი იყიდა მისგან. კორპორაციამ რუსულ მხარეს 3 მილიონ 321 ათასი დოლარი არ აუნაზღაურა, ანუ ბურჯანაძემ ხორბლის შესყიდვაზე კონტრაქტი იმ კომპანიასთან გააფორმა, რომლის ვალიც ლამის 3,5 მილიონი დოლარი ჰქონდა.

"ხლებროსიამ" ახალი კონტრაქტის გაფორმებისთანავე შეახსენა კორპორაციას ძველი ვალი, ახალი კონტრაქტი კი მეტად კაბალური გაუფორმა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% - საჯარიმო სანქცია, რაც იმდროინდელი საერთაშორისო კომპანიებისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ მისაღები აღმოჩნდა ხლებროსიასა და ბურჯანაძისთვის. კონტრაქტის თანახმად, საქართველოს პურკორპორაციამ 2 მილიონი დოლარი მონაკოში გადარიცხა ხლებროსიას კომპანიის ანგარიშზე, ანუ ბურჯანაძემ, რომელსაც ქვეყანა თავზე ექცეოდა და 7 სექტემბერს ხორბლის მარაგი ეწურებოდა ქვეყანაში, ჯერ ძველი დავალიანების ნაწილი - 2 მილიონი დოლარი გადაუხადა ხლებროსიას (აი, სიტყვის კაცი სახელმწიფოს ხარჯზე!), ქვეყანაში ხორბლის შემოსატანად კი 270 ათასი დოლარი დაიტოვა და ეს ოპერაცია 1995 წლის 30 აგვისტოს განხორციელდა, როცა ხორბლის მარაგის ამოწურვამდე და ქვეყანაში შიმშილობის დაწყებამდე ერთი კვირაღა რჩებოდა.

მონაკოში 2 მილიონის გადარიცხვის მერე, ანზორ ბურჯანაძეს აგრომრეწვბანკში 950 ათასიღა დარჩა - ბანკმა მომსახურების 1% აიღო - 20 ათასი დოლარი. ხლებროსიამ საქართველოში ხორბლის შემოტანა მხოლოდ 1996 წლის თებერვალში დაიწყო, ანუ თანხის ჩარიცხვიდან 6 თვის შემდეგ. ანზორ ბურჯანაძის წერილი კი - 7 სექტემბერს მარაგი იწურებაო, ბლეფი აღმოჩნდა. გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს ჰქონდა მარაგი და მთელი 6 თვე იმ ფქვილს ჭამდა ხალხი, მაგრამ ეს მარაგი, ავთანდილ მარგიანის ჩარევის შემდეგ, მას მერე “აღმოაჩინეს”, როცა ბურჯანაძე-ხლებროსიას მაქინაციები დიდხანს გაიჭიმა. ხლებროსიამ 1 ტონა ხორბალი 220 დოლარად მიჰყიდა ბურჯანაძეს, როცა ამ დროს, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი - 1 ტონა 180 დოლარი იყო და იგივე ამერიკული ტუკერსი, კორპორაციისადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ 175 დოლარად შეუძლია ხორბალი მიჰყიდოს ქართულ მხარეს და თან, კონსიგნაციის წესით, ანუ “პოსლეზე” - 3 თვით დააცდიდა კორპორაციას თანხის გადახდას და მხოლოდ სახელმწიფო წერილობით გარანტიებს ითხოვდა.

მოკლედ, ამდენ ხლაფორთს გადარჩებოდა ბურჯანაძე, ერთი წერილი რომ მიეწერათ მას და ავთანდილ მარგიანს ტუკერსისათვის და ხარისხიან ხორბალს, მაქსიმუმ 1 თვეში მიიღებდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთა ბურჯანაძემ, რადგან პირად გამორჩენას ხლებროსიასგან ელოდა, ხალხი კი ფეხებზე ეკიდა. ხლებროსიამ 1996 წლის თებერვალში ძვირადღირებული ხორბალი შემოიტანა, მაგრამ მერე ქართულ მხარეს მიმართა, რომ შემოიტანდა ფქვილს, ერთ ტონას - 315 დოლარად, ამ დროს მსოფლიო ბაზარზე, 1 ტონა ფქვილი, 280 დოლარი ღირს და იგივე ტუკერსი მზადაა, ამ ფასად მიაწოდოს საქართველოს ფქვილი. თუმცა, ბურჯანაძეს ეს “არ ესმის” და ხლებროსიას პირობას თანხმდება. 1996 წლის 3 და 17 მარტს, ფოთის პორტში შემოვიდა ორი გემი - ვოლგობალტი და სონტი. სწორედ ამ გემებით შემოიტანა ხლებროსიამ ხორბალი და ფქვილი. #0108/23 კონტრაქტის თანახმად, ხლებროსიას კორპორაციისთვის უნდა მიეყიდა 10 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი, II ჯგუფის, III კლასის, წებოგვარის არანაკლებ 23 პროცენტისა. ის კი, რაც საქართველომ მიიღო ხლებროსიასგან, იყო არა სასურსათე, არამედ სასაქონლე (საფურაჟე) ფქვილი და ხორბალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის იმდენად მავნეა, რომ ათეულობით სახის დაავადებას იწვევს.

მარკირებით კი, ეს იყო III ჯგუფისა და კლასის, წებოგვარის 16 პროცენტიანი მაჩვენებლის ფქვილი და ხორბალი, დაზიანებული კუ-ბაღლინჯოთი 4,8 პროცენტით. პროდუქტის უვარგისობა თითქმის ერთდროულად აღმოაჩინეს იმ პურკომბინატების ლაბორატორიებმა, სადაც ის შევიდა - წნორის, გურჯაანის, სენაკის, ფოთის, ნავთლუღის ლაბორატორიებმა, მაგრამ ბურჯანაძემ ყველას გაჩუმება შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ამის შესახებ დაიწერა. ანზორ ბურჯანაძემ სკანდალი რომ აეცილებინა თავიდან, ახალი მაფიოზური სქემა დაამუშავა: მთელი ხორბალი და ფქვილი მიჰყიდა ცეკავშირს, მერე კი პურპოდუქტების კორპორაციას დაქვემდებარებულმა პურკომბინატებმა ცხადია, ბურჯანაძის ზეწოლით ცეკავშირისგან იყიდეს ეს კუ-ბაღლინჯოიანი ფქვილი და ხორბალი.

მოკლედ, ბურჯანაძემ ორი კურდღელი დაიჭირა - ცეკავშირს ფული აშოვნინა და ამბობენ, რომ ცეკავშირმა ბურჯანაძეს ფული გადაუხადაო, მეორეც - ხალხში მიზანმიმართულად ავრცელებდა ხმებს, რომ კუ-ბაღლინჯოიანი ფქვილი და ხორბალი ბურჯანაძის უწყებამ კი არა, ცეკავშირმა შემოიტანაო. თუმცა, ამან არ გასჭრა და ყველამ კარგად იცის, ვინ აჭამა ხალხს დასნებოვნებული პური. ანზორ ბურჯანაძემ რაკი ნახა, რომ უვარგისი ფქვილი და ხორბალი პურკომბინატების საწყობებში ეწყო და პურის ქარხნები ზედ არ უყურებდნენ მას, ახალ ხრიკს მიმართა. განკარგულება გამოაცხო, რომლითაც პურკომბინატებს დაევალათ, უმაღლესი ხარისხის ფქვილი გადაერიათ კუ-ბაღლინჯოიანში და ამით ეს უკანასკნელი გაეკეთილშობილებინათ. ესეც აფერა იყო, იმ დროს, უმაღლესი ხარისხის ფქვილის ნამცეცი არ იყო სახელმწიფოში, ბურჯანაძემ დაფქვა უვარგისი ხორბალი, შეფუთა ახალ ტომრებში და დააწერა - ხარისხი-I. ასევე, უვარგის ფქვილს, ტომრები შეუცვალა, ახალ ტომრებში ჩაყარა და მათაც I ხარისხი დააწერა. მხოლოდ ამის შემდეგ შეტენა ბურჯანაძემ პურის ქარხნებს კუ-ბაღლინჯოიანი ფქვილი.

მართალია, მალევე მიხვდნენ, რომ ბურჯანაძის თაღლითობას წამოეგნენ, მაგრამ ამ დროისთვის პურის ქარხნის მესვეურთ სხვა გზა აღარ ჰქონდათ - ქვეყანაში უკვე ამოწურული იყო ხორბლის მარაგი, ბურჯანაძემ სწორად გათვალა, თუ ამ კუ-ბაღლინჯოიან პურს I ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარ პურად არ გაასაღებდნენ ქარხნები და შესაბამის ფასად არ გაყიდდნენ, ქვეყანაში შიმშილობა ჩამოვარდებოდა. ბურჯანაძემ აქაც დიდი კუში მოხსნა - ქარხნებმა პურკომბინატებისგან ეს ნაგავი იყიდეს I ხარისხის ფქვილის ფასად, ცხადია, პურკომბინატებმაც კორპორაციას, ანუ ბურჯანაძეს I ხარისხის ფქვილის საფასური გადაუხადეს, არადა, ყველა პურკომბინატის დირექტორმა კარგად იცოდა, რომ არც უმაღლესი, არც I ხარისხის ხორბლის ერთი მარცვალიც არ ერია ამ საწამლავში. ანზორ ბურჯანაძემ თავისი დანაშაულებრივი საქმიანობის თანამონაწილეებად ნებსით თუ უნებლიედ, აქცია ათამდე პურკომბინატის რამდენიმე ათეული თანამშრომელი - დირექტორები, დირექტორის მოადგილეები ხარისხის დარგში, ლაბორატორიების გამგეები და თანამშრომლები, პურპროდუქტების კორპორაციის ხარისხის სამმართველოს ხელმძღვანელობა, საკუთარი მოადგილეები, ს/ს თბილპურის მესვეურნი და სხვა. ცხადია, ამათგან ბევრი კორუფციულ კავშირში იყო ბურჯანაძესთან, ბევრს კი შევარდნაძის მეგობრის რისხვით ატყუებდა ხალხს, სწამლავდა და აავადებდა მოსახლეობას.

ამ ადამიანებიდან უმრავლესობა ცოცხალია და თუ ნამუსი შერჩენიათ, კარგი იქნებოდა, თუ ხმას ამოიღებენ და სიმართლეს იტყვიან, რომელიც ისედაც ცნობილია: უბრალოდ, ჩამოირეცხავენ მაინც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილის სტატუსს. ერთი საყურადღებო დეტალიც, - ხლებაროსიამ საქართველოში რუსული კი არა, რუმინული ხორბალი შემოიტანა, ანუ აღმოჩნდა, რომ რუსული კომპანია იყო შუამავალი და არა იმპორტიორი. არადა, ქართულ მხარეს უპრობლემოდ შეეძლო იმავე რუმინული კომპანიისგან უფრო იაფად, უფრო ხარისხიანი ფქვილის შეძენა, მაგრამ ბურჯანაძემ ეს არ გააკეთა, რადგან კერძო ინტერესები სწორედ ხლებროსიასთან ჰქონდა. თვალსაჩინოებისთვის, საქართველოს პურკორპორაციის პარტნორები მეტწილად რუსული კომპანიები იყვნენ: ხლებროსია, მენატეპი, რუსხლებპროდუქტი, უმრავლეს შემთხვევაში, კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე, რუსული კომპანიები უცხოეთში ყიდულობდნენ ხორბალს, ფქვილს და ისე შემოჰქონდათ საქართველოში, ანუ შუამავალი ფირმების ფუნქციებს კისრულობდნენ.

ავტომატურად, პროდუქცია საქართველოს მუდამ დაგვიანებით და მსოფლიოს ბირჟის ფასზე ძვირად მიეწოდებოდა. ამ სამი რუსული კომპანიის მიერ გაფორმებული ყველა კონტრაქტი საქართველოსთვის კომერციული თვალსაზრისით, წამგებიანი იყო, ბურჯანაძე სახელმწიფო ფულს იხდიდა უხარისხო და ძვირადღირებულ პროდუქციაში, როცა მისი მოვალეობა იყო, მოეძია რაც შეიძლებოდა ხარისხიანი და იაფფასიანი პროდუქცია. მოსკოვის საერთაშორისო-სატენდერო ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი დავით ფირცხალავა ანზორ ბურჯანაძის უახლოესი მეგობარი იყო, რომელიც საქართველოს პურკორპორაციასთან მუდამ წამგებიან კონტრაქტებს აფორმებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ფირცხალავა “აღმოაჩენდა” ამ ხარვეზებს კონტრაქტში, მიმართავდა საერთაშორისო არბიტრაჟს და პროცესს უგებდა კორპორაციას.

რამდენიმე საქმე აქვს მოგებული ფირცხალავას მოსკოვის სასამართლოში. ამ მეთოდით ფირცხალავას 7 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მოგებული საქართველოს პურპროდუქტების კორპორაციისთვის, ანზორ ბურჯანაძე დაუნანებლად იხდიდა სახელმწიფო ფულს ფირცხალავას უწყების სასარგებლოდ ისე, რომ ერთხელაც არ გაუსაჩივრებია არც სასამართლოს და არც არბიტრაჟის დადგენილება. ძნელი დასადგენი არ არის, რომ ბურჯანაძე, რომელსაც არც ერთ პროცესზე ადვოკატიც კი არ გაუგზავნია, განგებ აგებდა პროცესებს და ბიუჯეტიდან გადახდილ მილიონებს მერე ფირცხალავასთან ერთად იყოფდა. ერთ შემთხვევაში, ფირცხალავამ პურკორპორაციას საარბიტრაჟოში უჩივლა - 4 მილიონი დოლარის ხორბალი მივაწოდე, მაგრამ 2 მილიონი არ გადაუხდია ქართულ მხარეს, 2 თვე გადააცილა საკონტრაქტო პირობასო. ამ დროს, ანზორ ბურჯანაძეს კორპორაციის ანგარიშზე, 3 თვე ედო 3,2 მილიონი დოლარი, მაგრამ ვალის გადახდა არ ისურვა.

ფირცხალავამ პროცესი მოიგო, ამის მერე ორ კვირაში, ბურჯანაძემ ფირცხალავას უწყებას 2 მილიონიც გადაუხადა და 1,5 მილიონიც - საურავები და საჯარიმო სანქციაც. 1993 წლის 23 მაისს, მოსკოვში როსხლებპროდუქტსა (იგივე მოსკოვის საერთაშორისო სატენდერო ცენტრი, ანუ დავით ფირცხალავა) და საქართველოს პურკორპორაციას შორის გაფორმდა ხელშეკრულება 4 მილიონ 488 ათასი დოლარის ღირებულების ხორბლის შემოტანაზე. ხორბალი კი შემოიტანეს, მაგრამ ბურჯანაძემ 3 მილიონ 321 000 დოლარი არ აუნაზღაურა კონტრაქტორს. ცხადია, ეს თანხა არავინ შეარჩინა ბურჯანაძეს და ძირითადი თანხაც გადაიხადა და სოლიდური ჯარიმა-საურავებიც. სხვათა შორის, ის ხლებროსიაც, რომელმაც კუ-ბაღლინჯოიანი ხორბალი და ფქვილი შემოიტანა საქართველოში, საერთაშორისო სატენდერო ცენტრის, ანუ ფირცხალავას დაქვემდებარებაში შედიოდა. 1993 წელს, ევროკომისიამ, 21 მილიონი ეკიუს ღირებულების ხორბალი და ფქვილი გამოუყო საქართველოს. მაშინდელი კურსით, ეს 10 მილიონი ლარის პროდუქცია იყო.

ევროკომისიის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ აღნიშნული ხორბლისა და ფქვილის რეალიზაციის შემდეგ შემოსული თანხა, სოფლის მეურნეობას მოხმარებოდა. რეალიზაციის შედეგად, კორპორაციას 14 მილიონი ლარი უნდა მიეღო და ეს თანხა სოფლის მეურნეობის აღორძინების საპარტნიორო ფონდში უნდა ჩაერიცხა, რომელსაც მერე სოფლის მეურნეობის სამინისტრო განკარგავდა. თანხა სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა მოხმარებოდა. როგორც კონტროლის პალატამ აღმოაჩინა, ამ ფქვილსა და ხორბლის რეალიზაცია ნამდვილად მოხდა, ყველა პურკომბინატმა, რომელმაც ეს პროდუქცია მიიღო, რეალიზაციის მერე თანხა პატიოსნად გადაუხადა პურპროდუქტების კორპორაციას, ანუ ანზორ ბურჯანაძეს. ეს 14 მილიონი ბურჯანაძემ სოფლის მეურნეობის აღორძინების საპარტნიორო ფონდში არ ჩარიცხა.

მაშინ, 1993 წელს, 14 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობას რომ მოხმარეობდა, წარმოიდგინეთ, რამდენი წელში გამართული სოფელი გვექნებოდა ახლა, სოფლის მეურნეობის რამდენი დარგი აღორძინდებოდა. ანზორ ბურჯანაძე არა მარტო თავის პურპროდუქტების სფეროს, არამედ სოფლის მეურნეობის გამპარტახებლადაც მოევლინა ქვეყანას. 1996 წელს პურპროდუქტების სახელმწიფო კორპორაცია კერძო საკუთრებად გადაკეთდა - ბურჯანაძემ და მისმა პარტნიორებმა მისი პრივატიზება მოახდინეს. იმ 14 მილიონის ასავალ-დასავალს, ისევე როგორც სხვა მილიონებისა, ვერავინ მიაგნო. ვიდრე დავასრულებდეთ ჟურნალისტურ გამოძიებას, კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებთ. როცა ანზორ ბურჯანაძემ კუ-ბაღლინჯოიანი ხორბლისა და ფქვილისგან გამომცხვარი პური აჭამა ხალხს, წნორის პურკომბინატის ლაბორატორიამ, დაზღვევის მიზნით, ფქვილის ნიმუში გაგზავნა უკრაინულ და რუსულ სპეცლაბორატორიებში, რომლებიც გარდა იმისა, რომ ადგენდნენ ფქვილის ხარისხს, ვარგისიანობა-უვარგისობას, სამედიცინო მიმართულებითაც იკვლევდნენ მას.

წნორის ლაბორატორიამ, ორივე - მოსკოვისა და კიევის ლაბორატორიიდან მიიღო ამაზრზენი დასკვნა - მათ მიერ მიწოდებული სასინჯ ნიმუშში, არც მეტი, არც ნაკლები, აღმოჩნდა ნივთიერებები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებთან ერთად, ხელს უწყობდნენ ადამიანის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, იმუნიტეტის დაქვეითებას და გულ-სისხლძარღვთა ორგანოების დაავადებას. ანზორ ბურჯანაძემ მოახერხა, რომ წნორის ლაბორატორიიდან გაექრო ეს დასკვნა, მისი ხელი მოსკოვისა და კიევის ლაბორატორიებსაც მისწვდა, მაგრამ დაიგვიანა - ორივე ლაბორატორიამ, აღნიშნული დასკვნები გაეროს სურსათის უვნებლობის სამსახურის შესაბამის წარმომადგენელს გაუგზავნა, ორივე დასკვნა დღეს გაეროს შესაბამის სამსახურშია დაცული.

სხვათა შორის, ის რუმინული ხორბალი ხლებაროსიის შუამავლობით რომ იყიდა ბურჯანაძემ, მანამდე გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა შეესყიდა და სუფსიდიის წესით, ფერმერებზე გადაენაწილებინა. გერმანელებმა რუმინეთიდან ხორბლის ნიმუში წაიღეს და მიუნხენისა და კელნის ლაბორატორიებს გაუგზავნეს. აღმოჩნდა, რომ ეს საფურაჟე, ანუ სასაქონლო ხორბალი იმდენად უვარგისი იყო, რომ საქონლის გამოსაკვებადაც საშიში გახლდათ. კერძოდ, ორივე გერმანული ლაბორატორიის დასკვნით, ამ ხორბლის მიღება საკვებად საქონლის ჯანმრთელობისთვის საშიში და საფრთხის მატარებელი იყო. ანზორ ბურჯანაძემ, საქართველოს მოსახლეობა, არც ეტი, არც ნაკლები, გამეტებული, მოძულებული საქონლის მდგომაროებაში ჩააყენა, გერმანიის მთავრობა უფრო მეტ პატივს სცემდა მსხვილფეხა საქონელს, ვიდრე ანზორ ბურჯანაძე და მისი მაფიოზი ამფსონები ქართველ ხალხს. სწორედ გერმანიის მთავრობის მიერ, საქონლის საკვებად დაწუნებული ხორბალი შემოიტანა ანზორ ბურჯანაძემ და ხალხს აჭამა. სხვათა შორის, ქართველი და უცხოელი ონკოლოგების არაერთი დასკვნა არსებობს, რომელთა თანახმად, ქვეყანაში ონკოდაავადებათა მასობრივი ზრდა 90-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ამ დასკვნების მიხედვით, ონკოლოგიური დაავადებები განსაკუთრებით გაახალგაზრდავდა და 18-35 წლის ასაკის ადამიანებში გახშირდა.

ამის მიზეზად ხან დაბინძურებული გარემო და უვარგისი საკვები სახელდება, ხარ რა და ხან რა.... კარგი იქნება, ქართველი ონკოლოგები თუ მოიძიებენ გაეროს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტში არსებულ დასკვნებს - მაშინ, ალბათ, უფრო ნათელი გახდება მათთვის საქართველოში რატომ იფეთქა ლამის ეპიდემიად, 90-იანი წლებიდან სხვადასხვა ონკოდაავადებებმა. ნინო ბურჯანაძე ამ ბოლო დროს გაგულისებული ხშირად გაიძახის: აღარ უნდა დასრულდეს მამაჩემის შესახებ ლაპარაკი? არა, ქალბატონო ნინო, არ დასრულდება, რადგან, როგორც წესი, იმ ადამიანებზე მუდამ ლაპარაკობენ და წერენ, რომელიც საკუთარი ერის წინააღმდეგ დივერსიაში და ვინ იცის, გენოციდის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. ასეთი ადამიანია ანზორ ბურჯანაძე! დაამტკიცოს მამათქვენმა ან თქვენ დაამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის, დაუბრუნოს ბიუჯეტს, ანუ ხალხს მიტაცებული მილიონები, ქართველ გლეხობას - 14 მილიონი ლარი, აგოს იმ სიბინძურეზე პასუხი, რაც თუნდაც კორპორაციის პრივატიზაციის შემდეგ, განადგურებული დოკუმენტაციის შედეგად, ძლივს, მაგრამ მაინც მოიძია კონტროლის პალატამ და მერე ხმას აღარ ამოვიღებთ ანზორ ბურჯანაძის შესახებ!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100