ერასტი კიწმარიშვილის საშობაო საიდუმლო

ნინო ბურჯანაძის დესანტმა, ტელეკომპანია „მაესტროში“, ეროსი კიწმარიშვილმა და ლევან გაჩეჩილაძემ საშობაო არდადეგები ლონდონში მოიწყვეს. ეროსი კიწმარიშვილი და „გრეჩიხა“, „დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, ბრიტანეთს ფინანსების მოსაძიებლად სტუმრობენ.
მართალია, ლონდონური შეხვედრებიც და ვიზიტიც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ „დრონი.ჯი“-მ ბატონი ერასტისა და ბატონი „გრეჩიხას“ საიდუმლო სერობის შესახებ ინფორმაციის მოძიება მაინც მოახერხა.
თუმცა, როდესაც ერასტი კიწმარიშვილს თავის ლონდონურ ტელეფონზე დავურეკეთ, ეს უკანასკნელი ისე გამოვიდა მწყობრიდან, თითქოს ის კი არა, მე დავდიოდი კარდაკარ მოსკოვში და კრემლის ქართველთმოძულე ვირთხებს მე ვარწმუნებდი, ომი თქვენ, რუსებმა კი არა, საქართველომ დაიწყოო.
„დრონი.ჯი“: ბატონო ეროსი, ვის ხვდებით ლონდონში?
ეროსი კიწმარიშვილი: ვინ მოგცათ ეს ნომერი?
- თქვენმა მეგობრებმა მომცეს...
- ეს ნომერი არავინ იცოდა, მათ შორის ჩემმა მეგობრებმაც კი.
- თქვენი გარემოცვიდან გავიგეთ...
- თუ არ მეტყვით ვინ მოგცათ ეს ნომერი, არ დაგელაპარაკებით.
- ბატონო ეროსი, თქვენ ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდით და უნდა იცოდეთ, რომ ჟურნალისტები არ შიფრავენ თავიანთ წყაროებს... ლევან გაჩეჩილაძეც თქვენთანაა?
- კარგად იყავით...
ამის შემდეგ კვლავ შევეცადეთ კიწმარიშვილთან დაკავშირებას, თუმცა, მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა და ეჭვი გამოთქვა, რომ „დრონი.ჯი“-ს მისი ტელეფონის ნომერი სპეცსამსახურებმა მიაწოდეს.
რამხელა წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე ბატონ ერასტის! თურმე, ნუ იტყვით და, მთელი ქვეყნის სპეცსამსახურები ერასტის მობილური ტელეფონის ნომრის დადგენაზე მუშაობდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ჩვენთვის მოეცათ, ა, ბატონო, ერასტას ნომერია და დაუკავშირდით, იქნებ თქვენ მაინც გითხრათ, რამდენი „ლიმონი“ გამოსტყუა ბერეზოვსკისო.
არადა, ერასტის ფული და კაი ცხოვრება რომ უყვარს, ეს იმანაც დაადასტურა, რომ ბატონი კიწმარიშვილი, თუ ადრე ნინო ბურჯანაძეს დასანახად ვერ იტანდა და ჟვანიას გარემოცვასთან ყველა ბრუნვაში ახსენებდა, ახლა მისი მონა-მორჩილი და ოფიციალური ელჩია ტელეკომპანია „მაესტროში”.
როგორც ჩანს, მართლაც ბურჯანაძის და ფულის სიყვარულმა ჩაიყვანა ერასტი ამ საშობაოდ ლონდონში. მასთან ერთად მოგზაურობს ლევან გაჩეჩილაძეც, რომელიც ადრე ოლიგარქ ბერეზოვსკისთან პოლიტიკურ ფლირტაობასა და „ევროპაში ფულის საშოვნელად წასვლაშია“ შემჩნეული.
მართალია, გაჩეჩილაძე მოგვიანებით, ხელებს ასავსავებდა, რა ბერეზოვსკი, რის ფულებიო, მაგრამ დრომ და მისმა კახა თარგამაძესთან ბერლინურმა ვოიაჟმა ყველაფერი დაადასტურა. ახლაც, ისევე როგორც მაშინ, გრეჩიხა მიტინგებზე, არეულობასა და „ბოლო ტალღაზე“ ოცნებობს. ახლაც, ისევე როგორც მაშინ, გრეჩიხას ფული უნდა, ფული მიტინგებისთვის და ფული - თავისთვისაც.
„დრონი.ჯი“-ს ინფორმაციით, ერასტი და გაჩეჩილაძე უკვე შეხვდნენ ბერეზოვსკის ხალხს ლონდონში, მათ შეხვედრები ჰქონდათ ერასტის მოსკოველ მეგობრებთან და ასევე ბადრი პატარკაციშვილის ლონდონურ გარემოცვასთანაც.
სავარაუდოდ, შეხვედრებზე გაზაფხულისთვის არეულობის დაფინანსება და ტელეკომპანია მაესტროს სრული რეორგანიზაცია გადაწყდა.
აფსუს, რა დრო მოვიდა? მამუკა ღლონტი ტელეკომპანიის საკითხების გადასაწყვეტად ლონდონში კი არა, დიდებუში ვერ გადიოდა, ფულის არქონის გამო, ახლა კი, ორი მილიონი ლარიც მიიღო ბურჯანაძისგან და `მაესტროს” საქმეებიც ლონდონში წყდება? ბრმა უნდა იყო, განსხვავება რომ ვერ დაინახო. მართალია, ახლა ბოსიც და ელჩიც ეროსია, მაგრამ სამაგიეროდ ღლონტს ორი მილიონი აქვს...
რას ჰკარგავს ერასტი? დადის ლონდონში და ვაჭრობს... ვაჭრობა და მევახშეობა მაგას არ ეშლება და პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვისაც მუდამ მზადაა. სადაც ფული და ოქროა, ერასტიც იქააა. არც ბერეზოვსკის „კანალებს” „მაზავს” და არც კრემლისას. დღეს ნინა ბიცოლასთანაა, ხვალ კი, თუ დრომ ისურვა, ნინა ბიცოლას, თავისი მარგალიტებიან-კუბოკრულ პიჯაკიანად გაყიდის თხასავით.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი ჯი“, გამოდის ორშაბათობით - მოითხოვეთ ყველგან და აღნიშნეთ საუკეთესო...
×